„ოცნებების სასაფლაო“ და დანაშაულებრივი „ოცი ნება“ !
წინამდებარე სტატია-ბრალდება „ივერიონს“ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა გამოუგზავნა.
თავისუფალი პრესის პრინციპებიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ მას უცვლელად. პასუხისმგებლობა სტატიის პათოსზე და იქ მოყვანილი ფაქტების უტყუარობაზე მთლიანად ეკისრება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს.
„ივერიონი“ მზადაა სიამოვნებით დაუთმოს ასპარეზი პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ოპონენტებსაც.
ეს გახლავთ ერთგვარი შეჯამება-ანგარიში იმ დანაშაულობების შესახებ, რომლებიც თავისი ჩინოვნიკობის განმავლობაში ჩაიდინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მისმა მაფიოზურმა ჯგუფმა.
დასახელებულია ფაქტები შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით და ის საეჭვო გარემოებები, რომლებიც ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულ წყაროებს ეყრდნობა. პედაგოგთა საკოორდნიციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე წლების განმავლობაში საჯაროდ საუბრობდა ამ დარღვევებზე, ცენტრის წევრებმა ერთობლივად მოვამზადეთ ეს ანგარიში, დ. ფერაძის კვლევები შევავსეთ და გამოგვაქვს საზოგადოების სამსჯავროზე. ამ ვრცელ ანგარიშს წარვუდგენთ ასევე ევროპარლამენტს და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
სანიკიძის დანაშაულებრივი ქმედებებს თუ ზოგადად გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაიქცა პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო „განათლების კომისარიატად“ და მინისტრი კი „განათლების კომისრად.“
სრულიად მოშლილი საპარლამენტო კონტროლის შედეგად (საპარლამენტო კომიტეტის სრული უმოქმედობა) სანიკიძემ ხელში ჩაიგდო განუსაზღვრელი ძალაუფლება და გადაიქცა „გაქსუებულ ფეოდალად“, რომელიც აბუჩად იგდებს ხალხის აზრს და მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, არამედ პირადი ხუშტურებისა და ახირებების მიხედვით, განმკითხველი კი დღემდე არავინაა!
ქართულ საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებს სრულად გაუცრუვდა იმედები - ქვეყანამ დაპირებული „სამართლიანობის აღდგენის“ ნაცვლად, მიიღო არნახული უსამართლობა, უკანონობა, ნეპოტიზმი, კორუფცია. ეს არის ოცნებების სასაფლაო!.. შოკი!..
სანიკიძე არის შენელებული მოქმედების სოციალური პროტესტის ნაღმი, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად აფეთქდება! სანიკიძე არის სიმბოლო უძრაობის, უსაქმურობის, უმეცრების, სოციალური უსამართლობის „ბაღვაშიზმის“. ის არის შაშკინის უნიჭო პლაგიატი, მისი მახინჯი copy-past;ის გახლავთ სისტემის კრახის გამოხატულება!
ალბათ, ალოგიკურია, ჩვენსმთავრობაში გვერდიგვერდ ისხდნენ პოპულარული მინისტრი სერგიენკო და ურეიტინგო მინისტრი - სანიკიძე! სირცხვილია, ერთ მაგიდას უსხდნენ ხალხზე მზრუნველი და ხალხის მჩაგვრელი!
ამიტომ განათლების კომისარი სანიკიძე და მისი დანაშაულებრივი ჯგუფი სასწრაფოდ უნდა ჩამოცილდნენ ხელისუფლებას.
1.
სანიკიძემ და მისმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით დაუსაბუთებლად მიითვისა მილიონობით ლარი!! რაში მიიღეს მათ ეს თანხა, როდესაც სისტემა კრიზისშია და სტაგნაციას განიცდის, როდესაც თითოეული პედაგოგის რეალური შემოსავალი შემცირდა მინიმუმ 25%-ით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და მთავრობა “ქამრების შემოჭერას“ მოუწოდებს ხალხს?! ეს არის სოციალური სოლიდარობის სანიკიძისეული გაგება!
მტკიცებულება: სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია
2.
სანიკიძემ და მისი უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ონოფრიშვილმა სისტემაში შექმნეს სხვადასხვა კორუფციული სისტემები!! ჩამოაყალიბეს სამინისტროს არაფორმალური „კასირის“ თანამდებობა! მათ ჩაიდინეს აქამადე არნახული უტიფრობა, ხარკი დაადეს ქართულ სკოლებს, რითაც მივიღეთ სახელმწიფო რეკეტი!!
მტკიცებულება: “კონსულტანტთა საქმე“, „წიგნების საქმე“, „გრანტების საქმე“ „სსიპების საქმე“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო რეესტრის მონაცემები,
3.
სანიკიძემ, კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, პედაგოგთა სასერთიფიკაციო დანამატების სახით ორი წლის განმავლობაში გაფლანგა დიდძალი თანხა - 6 მილიონი ლარის ფარგლებში. ამით, ჩაიდინა რა პოლიტიკური კორუფცია, პედაგოგები დააყენა საფრთხის წინაშე - 6 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურმა მათ შეიძლება დაუკავოს უკანონოდ მიღებული დანამატი. გასათვალისწინებელია, რომ პედაგოგთა უმრავლესობას აღებული აქვს ბანკის სესხები.
მტკიცებულება: შრომისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, განათლების მინისტრის ბრძანება, საქართველოს შრომის კოდექსი, სამინისტროს საჯარო ინფორმაცია.
4.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილია ძვირადღირებული მანქანები, მაგ. მისი პერსონალური მანქანის ღირებულებაა 130 000 ლარი. სანიკიძის ოჯახს 5-6 ავტომანქანა ემსახურება, ხოლო, როგორც „დეკლარაციები“ მოწმობენ, ოჯახის მთლიანი წლიური შემოსავალი 160 ათას ლარზე მეტია. დაუსაბუთებული ხარჯი და ათასობით ლარი “გაშვებულია“ საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და ა.შ. ხარჯში, სახელმწიფო მანქანების მომსახურება გამოიყენება ბიუროკრატიული ჯგუფის ოჯახების მიერაც. ათასობით ლარი იხარჯება რესტორნებში, ღრეობების მოსაწყობად. მაგ. როგორც შესყიდვების შესახებ საჯარო ინფორმაციიდან ჩანს, მხოლოდ ერთ სასაჩუქრე თავსაფარზე გადახდილია 600 ლარი, 20 მილიონზე მეტი გადასროლილია გაუთავებელ მივლინებებში, გაბერილ სატელეფონო საუბრებში, გაბერილ, ე.წ ხელოვნურად შექმნილ შტატებსა და პირადი მომსახურეობისთვის გამოგონილ არასაშტატო ერთეულებში. რად ღირს, თუნდაც არაფორმალური ე.წ. “ყავების სამმართველო“, საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორი არაფორმალური “დეზინფორმაციის სამმართველო“. აი ეს არის მადაგახსნილი და უკონტროლო მინისტრის მოღვაწეობის ფინანსური შედეგი!
მტკიცებულება: სახ. აუდიტის დასკვნა, სამინოსტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.
5.
სანიკიძემ და ონოფრიშვილმა გაიმეორეს დანაშაული, რომელშიც „ქართული ოცნება“ ბრალს დებდა წინა ხელისუფლებას და რომლის აღკვეთასაც ითხოვდა საქართველო. რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ახლო ნათესაობის გამო სისტემიდან გაძევებულ იქნენ ისეთი პროფესიონალი კადრები, როგორც არიან მ. ჭიაბერაშვილი და ქ. მელიქიშვილი. დ. გომელაური, ორჯერ „დაბლოკეს“ სერთიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი თ. ნაკაშიძე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დროს ოპოზიციურ პარტიაში მუშაობდა. გ. ალასანიასთან მეგობრობის გამო დაბლოკეს ცნობილი ტრენერი ს. დურგლიშვილი, „ჩაჭრეს“ ა. მიქაძე... სია ძალიან გრძელია! ჩვენ არ ვეხებით დასახელებულ პირთა პოლიტიკურ შეხედულებებს. პირიქით, თავის დროზე ვამხელდით კიდეც ზოგიერთი მათგანის, მაგალითად ვანო მერაბიშვილის დედის თვითნებობას, როდესაც ის სწორედ ნათესაური ნიშნით იყო „გადირექტორებული“, ჩვენ ვამხელდით შაშკინისდროინდელ დიქტატსაც, მაგრამ, ისმის კითხვა რა შეიცვალა უკეთესობისკენ, რა შეიცვალა სამართლიანობისკენ?! არაფერი, სახეზეა წარსული „ნაცტერორის“ უნიჭო განმეორება!!
მტკიცებულება: „ნეპოტისტური კონკურსის“ შედეგები, საკონკურსო კომისიის ოქმები.
6.
სანიკიძემ და ონოფრიშვილმა ჩაიდინეს დანაშაული - მოქალაქეთა მასობრივი დევნა პირადი მოტივებით. მაგ. სამინისტროს აპარატიდან გააძევეს უმაღლესი კვალიფიკაციის თანამშრომლები: გოლეზიანი, ხვედელიძე, პაპუაშვილი, რომლებმაც უარი განაცხადეს უკანონო დავალების შესრულებაზე და პროტესტის ნიშნად ბიუჯეტს დაუბრუნეს პრემიები (ისინი, არა ნაცმოძრაობის, არამედ ეროვნული ფორუმის წევრები იყვნენ). ისინი სასამართლომ აღადგინა;
სავარაუდოდო სანიკიძის დეიდის მოთხოვნით, 51-ე საჯარო სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლეს დ. ლაგვილავა, ერთ-ერთი პროფესიონალი კადრი, ის სასამართლომ აღადგინა; სისტემიდან გააძევს 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ერთ-ერთი გამორჩეული მენეჯერი და პროფესიონალი მ. რამინაშვილი. რამინაშვილი შეეწირა ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლის დის მოთხოვნას, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და წესრიგისკენ მითითება ვერ აიტანა (მ. რამინაშვილი იძულებული გახდა შეერთებოდა საპროტესტო ელექტორატს და ნაციონალურ მოძრაობას); პარტიული პირის - საგანელიძის მოთხოვნით სისტემიდან გააძევეს გამორჩეული პიროვნება და პროფესიონალი კადრი 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი თ. კიკნაძე (იმიტომ რომ საგანელიძის პროტეჟეს არ უჭერდა მხარს) იგივე საგანელიძის მოთხოვნით 22-ე სკოლა დაატოვებინეს გ. ხორბალაძეს (საგანელიძის პროტეჟესთვის ადგილის გამოთავისუფლების მიზნით) სანიკიძესთან ალიანსში მყოფი ე.წ. პროფლიდერის მ. კობახიძის მოთხოვნით სისტემიდან გააძევს საჩხერის რესურსცენტრის უფროსი გ.გაგნიძე!
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, „ფეოდალ“ ზვიადაურის სურვილის გამო სანიკიძის პირადი მოთხოვნით „დაბლოკეს“ ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსი რ. ჩხეტია, სისტემიდან გააძევეს არაერთი პედაგოგი და რაღა თქმა უნდა, მათ შორის შეუპოვრობით და უსამართლობასთან უკომპრომისო ბრძოლით გამორჩეული „ურჩი“ უფლებადამცველი პედაგოგი, ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე. ფერაძე არათუ „ნაციონალური“, არამედ თვით „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. სანამ „ფერაძემდე მივიდნენ“, ჯერ დირექტორობის კანდიდატობიდან „დაბლოკეს“, ხოლო წელიწადნახევრიანი პერმანენტული ბრძოლის შემდეგ კი გაათავისუფლეს ყველასათვის საყვარელი პიროვნება, ერთ-ერთი პოპულარული მენეჯერი, 116-ე საჯარო სკოლის დირექტორი დ. მეჭურჭლიშვილი. რატომ? იმიტომ, რომ ვერცერთხელ ვერ დაითანხმეს უზნეობის ჩადენაზე, დავით ფერაძის უკანონოდ გაძევებაზე(?!)
მტკიცებულება: კონკურსის შედეგები, საკონკურსო კომისიის სხდომათა ოქმები, ანონიმური ავტორი.
7.
სანიკიძემ ნეპოტიზმი სახელმწიფო პოლიტკის რანგში აიყვანა. ამ მიზნით კონკურსანტთათვის შემოიღო ე.წ. სარეკომენდაციო ბარათები, სადაც ნათლად გამოიკვეთებოდა პროტეჟეთა წონა და გავლენა. განათლების სისტემის სხვადასხვა თანამდებობაზე სანიკიძემ კონკურსი ჩაატარა არა კონკურსანტთა, არამედ, პროტეჟეთა შორის, მათი გავლენების და პირადი სარგებლიანობის გათვალისწინებით. სანიკიძემ მის შეფუთვაზეც კი აღარ იფიქრა, კონკურსი ჩამოაშორა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და გადასცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას („emis“) ანუ პური მეპურემ კი არა, ცეცხლფარეშმა დააკრა!! ამოქმედდა პრინციპი „ჩემიანი თუნდაც ნაგავი“. იმდენადაც გაკადნიერდნენ, რომ სამსაფეხურიან კონკურსის წინა ეტაპებზე „ჩაჭრილ“ კონკურსანტებსაც ნიშნავდნენ თანამდებობაზე. მაგ: დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის მოქმედმა ხელმძღვანელმა ვერ გადალახა სამეტაპიანი კონკურსის მეორე - ტესტირების ეტაპი, მაგრამ მაინც „მოხვდა“ თანამდებობაზე. ამ „ფსევდოკონკურსებმა“ მოიტანა უამრავი უკანონობა და კანონდარღვევები და უსამართლობის მსხვერპლი კონკურსანტები. ამიტომაც, ადგილებზე აღმოჩნდნენ „საოცარი კადრები“! მათზე სოციალური ქსელით რამდენიმე ამაზრზენი ინფორმაციები დღემდე ვრცელდება.
არსებობს საიდუმლო წყაროები, რომელზე დაყრდნობითაც ივარაუდება საეჭვო გარემოებები, ან მტკიცდება შემდეგი:
8.
განათლების სისტემის მთავარმა „ზონდერმა“ ა.ონოფრიშვილმა, „ნაციონალური“ მთავრობის დროს კეზერაშვილის ფინანსურ პოლიციაში ზონდერობით (ფაქტი), ბიზნესმენთა დატერორებით, მოიხვეჭა და ხელთ იგდო დაუსაბუთებული ქონება: აგარაკი, ახალი სახლი, „ქარვასლის“ წილი და სხვა. „ოცნებაში“ „პორტირების“ (ფაქტი) შემდეგ, საკუთარი ბნელი წარსულის დასაფარად მიუბრუნდა “ნაცმოძრაობის“ წევრებს და დაიწყო მათი რბევა. ამ მიზნით მან სამინისტროში „გააცოცხლა“ „ზონდერ ბრიგადა“ ასევე ცნობილი „ზონდერების“ დ.წურწუმიას, ნ.წამალაშვილის, თ.გაბიჩვაძის შემადგენლობით. ისინი არიან ყველა ცნობილი პოლიტიკური რეპრესიების ავტორები, მათ შორის მინისტრის დღევანდელი მოადგილის - გიგაურის „გამფუჭებელნიც“ (როდესაც გიგაური სკოლის დირექტორი იყო, ამ პირებმა დაუმტკიცეს ყალბი ატესტატების გაცემა), თუმცა დღეს „გამფუჭებელ-გაფუჭებულნიც“ გვერდიგვერდ კაბინეტებში ხმატკბილად ფუსფუსებენ, რაც მათ ღირსებაზე ხაზგასმით მეტყველებს.
მალე, ამ „ზონდერ ინსპექტორებს“ ონოფრიშვილმა დაუმატა „ზონდერ იურისტები“ გ.შეშაბერიძე და ე.მაჩიტიძე. ისინი არიან დაკავებულნი არასასურველი პერსონების საქმეების „შეკერვით“. მაგ. ბოლოს მათ შეკერეს 116-ე საჯარო სკოლისა და 112-ე საჯარო სკოლის პედაგოგების საქმე. ამ მიზნით ონოფრიშვილმა 116-ე საჯარო სკოლაში არალეგალურად, ერთი თვის განმავლობაში მიავლინა ზონდერ იურისტი რომელიც 116-ე სკოლის ხელმძღვანელის, ასევე საეჭვო წარსულის მქონე პირთან ერთად განსაკუთრებული კონფიდენციალობით თითხნიდა ფერაძის საქმეს.
ზონდერები - წურწუმია და წამალაშვილი არიან უშიშროების სამსახურის „ვერბოვკები“, ხოლო „ზონდერი“ - ნაცმოძრაობიდან „პორტირებული“ შეშაბერიძეს გამცემის სახელით იცნობენ.
9.
ონოფრიშვილმა სისტემაში შემოიტანა “კგბ“-ს მუშაობის მანკიერი სტილი “ჯაშუშობა“, რომლის მიზანია სისტემის თანამშრომელთა მუდმივ შიშში ყოფნა, უსიტყვო მორჩილება, რომ მათ ვერ გაბედონ მმართველი “მეთაურების“ კლანის კრიტიკა! მათ უნდა იცოდნენ, რომ ჯოხი მუდმივად მოღერებულია და ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს გაყრიან. სისტემიდან დავით ფერაძის გაძევებაც სწორედ ეს „მოღერებული ჯოხია“ 75000 პედაგოგისთვის, რომელსაც უხილავად აწერია „მონობა ან უმუშევრობა“. დღეს სკოლაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს!
როგორ ახორციელებს პედაგოგების დათრგუნვას ონოფრიშვილი? ყოველ რესურსცენტრში („რეო“) ზის მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი შიდა აუდიტის წარმომადგენელი ე.წ “შპიკი“, რომელთაც რეგიონებში “სტუკაჩებს“, “გენოებს“ და სხვა მეტსახელებით იცნობენ! ეს ხალხი ყველგან გაშიფრულია, ყველა ერიდება მათთან, როგორც კეთროვნებთან ურთიერთობებს. ისინი, ყოველი კვირის ბოლოს, ელექტრონულად „პატაკებს“ აგზავნიან ონოფრიშვილთან, რომლებშიც აღწერილია პედაგოგების, დირექტორების, „რეოს“ უფროსების შესახებ ინფორმაციები, უმნიშვნელო წვრილმანებიც კი, მაგ: იყო შემთხვევა, როცა ერთმა “შპიკმა“ „ზემოთ“ უპატაკა, როგორ შეუძვრა კრაზანა რეოს უფროსს და როგორ უკბინა! შეფები ეცნობიან ამ სისულელეებს და „სიცილით იხოცებიან“! ისინი პედაგოგებს მოიხსენიებენ „ტუპოი ნაროდად“, ხოლო “პამპერსიან“ დირექტორებს „სასარგებლო იდიოტებად“! თავად კი „სეთურები“ ჰგონიათ თავი!
10.
კვლავ სიმახინჯით გამოირჩევა უსაფრთხო სკოლის პროგრამა, როგორც შაშკინი, სანიკიძეც იყენებს მანდატურის სამსახურს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. როგორც მაშინ, მანდატურები, ახლაც წერენ სამსახურებრივ ბარათებს სხვაგვარად მოაზროვნე პედაგოგებზე, კვლავ მიმდინარეობს პედაგოგებზე ფარული თვალთვალი. ამის თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ისევ და ისევ დავით ფერაძე. საბედნიეროდ მანდატურებშიც არიან ვაჟ-კაცები. ყოველივე ამაზე ნათლად, გაბედა და ფაქტებით საჯაროდ ისაუბრა მოქმედმა მანდატურმა ალექსანდრე ბლიაძემ, მან მანდატურის სამსახური, როგორც „ნაცების“, ისე „ქოცების“ დროს ჩადენილ დარღვევებში, ხოლო სანიკიძე ამ დარღვევების მიჩქმალვის მცდელობაში ამხილა. ეს მხილება, როგორც ყველა სხვა, სამწუხაროდ სახელისუფლებო და საზოგადოებრივი რეაგირების გარეშე რჩება.
11.
სანიკიძე-ონოფრიშვილმა სისტემაში დანერგეს ახალი ინოვაცია - ე.წ დირექტორების დაშინება და „მოწველა“, ამ მიზნით სკოლებში უშვებენ მონიტორინგით შენიღბულ „შპიკებს“,ისინი აწვდიან სკოლებში არსებული სიტუაციის “დანოსს“. შემდეგ ონოფრიშვილი ქმნის „ანონიმკებს“ დირექტორებზე და მათ იბარებს დეპარტამენტში „მოსაწველად“, თუ არ „მოიწველებიან“, თანამდებობას დაემშვიდობებიან და მათ ადგილი“ გაიყიდება“. ახლა ისმის კითხვა: ამ პირობებში რომელიმე დირექტორი იფიქრებს ხარისხიან განათლებაზე?! რა თქმა უნდა არა, „მოწველილი“ დირექტორი ხომ შეეცდება დანახარჯის ანაზღაურებას? ასე ყალიბდება კორუფციული ჯაჭვი: ონოფრიშვილი-დირექტორი-პედაგოგი-მშობელი, ანუ მთელი ეს ხარჯი საბოლოოდ თავს იყრის მშობელთან, მის ისედაც მწირ ბიუჯეტთან! ამიტომაცაა, რომ სკოლებში უკვე დაბრუნდა კორუფცია, მოსწავლეთა შეფასება საჩუქრების და ფულის სანაცვლოდ...
12.
კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც „კგბ“-ს აგენტმა მოიტანა სისტემაში, გახლავთ „ურჩი“ დირექტორების შესახებ სხვადდასხვა უწყებისთვის ანონიმური საჩივრით მიმართვა! ამის მიზეზი ტოტალიტარული, ნეობოლშევიკური აზროვნებაა, რაც არასასურველი პერსონების სისტემიდან გაძევებას ისახავს მიზნად, პრინციპით - „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“. განათლების „გურუს“ ავადმყოფურ წარმოსახვას ეწირებიან, განსხვავებულად მოაზროვნე ინტელექტუალები, რომელთანაც ურთიერთობა უჭირთ ფუნდამენტური განათლების არმქონე სანიკიძეს და მის დამქაშებს! იქნებ ცოტათი მაინც განკურნებულიყვნენ ამ ავადმყოფობისგან, რომ წაეკითხათ იმპერატორ ტრაიანეს ისტორია იმის შესახებ, რატომ აკრძალა მან „ანონიმკები“ და საჩივრების წერა იმპერიაში, რა მავნე გავლენას ახდენს ის ნორმალურ მუშაობაზე, როგორ უშლის ხელს ადამიანურ აქტივობას! ამიტომაც სისტემაში რაიმე ინიციატივის, აქტივობის გამოჩენა არავის სურს - არც დირექტორს, არც მასწავლებელს...
14.
იმის ნაცვლად რომ პედაგოგთა საბაზო ხელფასი რეალურად, ნორმალურ ზღვრამდე გაზრდილიყო, სანიკიძემ ხელფასების ზრდის გადავადების მორიგი ფანდი მოიგონა. ესაა ე.წ. „სქემა“. სქემის მექანიზმი არის ფორმალობის გამოვლენა, მოჩვენებითობა და არაფერი საერთო არ აქვს სწავლების ეფექტურობის ზრდასთან. სქემაში იძულებით ჩართული მასწავლებელი ვალდებულია, დრო ამაოდ ფლანგოს. სამაგიეროდ, სქემამ „გამოჩორკნა“ მუქთახორების ახალი „სექტა“, რომლებიც ვითომდა ამოწმებენ პედაგოგების შრომას და აძლევენ მათ შეფასებებს. ისინი მმართველი კლანის პროტეჟეები არიან. ამ ბარიერით სანიკიძემ შესაძლებლობის გამოვლენის გზა გადაუკეტა პედაგოგებს.
15.
სანიკიძემ შეაჩერა ელექტრონული ჟურნალების პროგრამა, რომელიც მშობელს შესაძლებლობას მისცემდა ინტერნეტში უწყვეტ რეჟიმში თვალყური ედევნებინა შვილის აკადემიური მაჩვენებლებისთვის, ასევე მისი ყოფაქცევისთვის!
მტკიცებულება: სკოლებში შექმნილი ფაქტობრივი გარემოება
16.
სანიკიძემ მოატყუა მოსწავლეები და მშობლები, როდესაც შეჩერდა ელექტრონული ბიბლიოთეკის და ელექტრონული წიგნების შექმნის პროგრამები და დღესაც მოსწავლეები სკოლებში დაათრევენ მძიმე წიგნებს! მულტილინგვური პროგრამის ფარგლებში არ გამოიცა ორენოვანი სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოს გარეშე დატოვა არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეები; არ განხორციელდა სასკოლო და საუნივერსიტეტო გამოცდების შერწყმა, რაც შეღავათს მისცემდა მოსწავლეებს დაეზოგათ სარეპეტიტორო თანხა; შეჩერდა სკოლებში მოსწავლეთათვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტის დანერგვის პროგრამა; ახალი წიგნების ნაცვლად სანიკიძემ მეორადი და მესამედი ხმარების წიგნები შეაჩეჩა მოსწავლეებს, ამით მთავრობას წაეკეკლუცა - ბიუჯეტს ვზოგავო, სინამდვილეში საკუთარ „ჯიბეს“ გაუფრთხილდა ხოლო მოსწავლეთა ჯანმრთელობა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების რისკისთვის გაწირა.
მტკიცებულება: სკოლებში შექმნილი ფაქტობრივი გარემოება
17.
სანიკიძემ „გადააგდო“ საქართველოს საჯარო სკოლები, არ გაუმჯობესდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, არ დამონტაჟდა“ჭკვიანი დაფები“, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურისთვის არ შეიქმნა სასწავლო კონტენტი ნეთბუქებისთვის.
18.
სიმბოლურია, რომ განათლების მინისტრის დიპლომს არ ცნობს თავად მისივე ხარისხის განვითარების სამსახური, იმიტომ რომ ის საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს! ე.ი. ყალბია! ამ „ნუცას სკოლის“ დიპლომისგან განსხვავებული, არც მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებია! სწორედ მისი ფუნდამენტალური უმეცრების შედეგია ის, რომ იგი აბუჩად იგდებს და სისტემატურად უპირისპირდება საზოგადოებრივ აზრს, მუდმივ კონფრონტაციაშია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ასეთი მიდგომები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია მხოლოდ ავტოკრატიული მმართველობისთვის!
19.
მას მუდმივად პროტესტით ხვდება სტუდენტობა, მისი საუბარი სასაცილოდ არ ყოფნის ლექტორთა კორპუსს, მას არ შეუძლია კონფლიქტის გარეშე კომუნიკაცია პედაგოგებთან. ამიტომაც, მონოლოგის რეჟიმში დგამს ბრეჟნევიადურ სპექტაკლ-შეხვედრებს, სადაც სპეციალური შერჩევით მოწვეულ პედაგოგებს ევალებათ მხოლოდ ტაშის დაკვრა.
20.
სანიკიძის დაბალი „IQ“-ის შედეგია ის, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის პირობებში, რომელმაც პირდაპირ დაარტყა პედაგოგებსა და მეცნიერებს, მან მთავრობას ვერ შესთავაზა ვერცერთი ანტიკრიზისული წინადადება, რომელიც ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა სისტემის თანამშრომელთა ისედაც მძიმე მდგომარეობას! ამით მტკიცდება, რომ ის არც ტოპმენეჯერია და არც - პოლიტიკოსი, მისი მარტ. ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია. მან და მისმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა განათლების სისტემა გადაიყვანა ხარისხობრივად და მორალურად სხვა - დეგრადაციის მდგომარეობაში! უბრალოდ: მას არ ესმის, საით მოძრაობს ისტორიის ბორბალი!
რეზიუმე!
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ამასწინანდელი მიმართვების რეაგირების გარეშე დატოვების გამო, წამყვან პოლიტიკურ გუნდს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი ხელიდან ეცლება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახლანდელი პრემიერისინტერესბში არ შედის სანიკიძის მინისტრობა, თუმცა, ძლიერდება ეჭვი, რომ ცალკეული ფარული გავლენიანი პირები ხელს აფარებენ სრულიად გაკოტრებულ მინისტრს, რომელიც დახურულ რეჟიმში აგრძელებს თავის საძულველ პოლიტიკას. პრემიერის უმოქმედობის გამო საზოგადოებასთან კონფრონტაციაში შესვლამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება და მისგან ხსნა შესაძლებელია, თუ სამთავრობო კაბინეტს ჩამოცილდება სანიკიძე - პოლიტიკური გვამი. თუ პრემიერი სიტუაციის მსხვერპლია, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი, სასკოლო საზოგადოება მზადაა მის მხარდასაჭერად. ამაზე დიდი სტიმული არ არსებობს. წამზომი ჩართულია! ორიოდე დღეც და ზარმა უნდა ჩამოკრას!
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი