ნუ წაართმევთ მიწას გლეხებს!!!
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა 1992 წელს, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 18 იანვრის #48, 1992 წლის 6 თებერვლის #128 და 1992 წლის 10 მარტის დადგენილებების საფუძველზე დაიწყო. ყველა სოფელსა და დაბაში იქმნებოდა მიწის რეფორმის კომისიები, რომლებიც ადგენდენ მიწის მიმღებთა სიებს იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე. სიები მტკიცდებოდა რაიონულ კომისიაზე, რის შემდეგ ხდებოდა სახელმწიფო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გამოწერა და მიწის მესაკუთრეზე გადაცემა (შესაბამის ანაზღაურებით), რაც რეგისტრირდებოდა რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში.
1997 წლის 26 ივნის მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამ კოდექსის 1514 მუხლში აღნიშნულია: "საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან". ამავე კოდექსის 1515 მუხლით აღინიშნა: „საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროებმა. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყონ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის“.
ხოლო, 1997 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და კანონის ამოქმედების თაობაზე პარლამენტმა დაადგინა:
"კომლებს (ოჯახებს), რომელთაც "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვა¬ლისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე.
აქედან გამომდინარე, 1998 წლიდან 1999 წლის 1 თებერვლამდე მიწის მესაკუთრეთა უმრავლესობამ დაარეგისტრირა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ნაკვეთების რეგისტრაცია ხდებოდა ადგილებზე სქემატური ნახაზების შედგენის საფუძველზე, სათანადო ანაზღაურებით.
მიწის ნაკვეთების დაზუსტების, სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით მთავრობამ აიღო კრედიტი 52 მილიონი გერმანული მარკა და 12 მილიონი დოლარი, გააფორმა ხელშეკრულება ერთ-ერთ გერმანულ ფირმასთან. ფირმამ სასოფლო-სამეურნეო მიწების აზომვითი სამუშაოები განახორციელა. აღებული კრედიტი მთლიანად იქნა ათვისებული, ხოლო მიწის მესაკუთრეზე შედგენილი მიწის საკუთრების მოწმობათა უმრავლესობა, პრაქტიკულად, არ იქნა გამოყენებული. შეიძლება ითქვას, რომ მტკვარში გადაიყარა 52 მილიონი გერმანული მარკა და 12 მილიონი დოლარი. 2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დაუსაბუთებლად ლიკვიდაციის შედეგად, ლიკვიდირებულ იქნა ამ სტრუქტურის რაიონული რგოლებიც. სამწუხაროდ, დაიკარგა ან შეგნებულად განადგურდა იქ არსებული ყველა დოკუმენტი (სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა რეგისტრაციის დოკუმენტაცია).
მიწის მესაკუთრეთა უმრავლესობამ საკუთარი მიწის ნაკვეთი 3-ჯერ დაარეგისტრირა. პირველად, რაიონში არსებული მიწათმოწყობის სამსახურში, მეორედ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონულ სამსახურებში და მესამედ თვით სახელმწიფომ დაურეგისტრირა გერმანული ფირმის მეშვეობით.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა ეს დოკუმენტი დაკარგულია. მიწის მესაკუთრეთა უმრავლესობა ვერ პოულობს საკუთრების მოწმობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვისაც აქვს შესაბამისი დოკუმენტი, ხშირ შემთხვევაში, კომისიების დაბალი კვალიფიკაციის გამო, არ არის შევსებული სრულყოფილად.
„ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, (რომელიც მიღებულია 2007 წლის 22 ივნის), 2011 წლის 22 მარტს შეტანილი ცვლილებებით (კანონის მე-6 მუხლს დაემატა მე-6 პრიმა მუხლი და კანონის მე-7 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი) ითვალისწინებს: იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ არის სრულყოფილად შევსებული, ნაკვეთის მეპატრონემ უნდა გადაიხადოს თითოეულ კვადრატულ მეტრზე 15 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
საოცარია, რომ პირს, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ ხარვეზით მისცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთარი მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრში უნდა გადაიხადოს 15 ლარი, ესე იგი ერთ ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთში – 150 000 ლარი. თანაც ეტყვიან, მადლობა გვითხარი რომ არ გაძლევთ პასუხისგებაში. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ხოლო იმ პირმა, რომელმაც უკანონოდ მიიტაცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და უკანონოდ ააშენა სახლი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწების ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, კანონის შესაბამისად, რომელიც ასევე მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს, მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრში უნდა გადაიხადოს 5-დან 10 თეთრამდე. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო თბილისის ზღვის მიდამოებში მოქალაქეებს მიწის ნაკვეთების ერთ კვადრატულ მეტრში უხდის 6 ლარს, თვითონ კი 15 ლარს მოითხოვს.
მიწის მესაკუთრეების უმრავლესობამ ორჯერ გადაიხადა რეგისტრაციისათვის შესაბამისი თანხა და კიდევ სთხოვენ მესამედ დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში.
რამდენადაც ცნობილია, 11 სოფელში სახელმწიფოს ხარჯზე – გრანტის საშუალებით ტარდება მიწების უფასო აზომვითი (დაზუსტების მიზნით) სამუშაოები და რეგისტრაცია, საჭიროა მთელ საქართველოში ჩატარდეს მიწების უფასო რეგისტრაცია და ამ კანონპროექტის მიღება არ იქნება საჭირო. ამ კანონის მიღება მიწების წართმევას უფრო ჰგავს!
მიუხედავად "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში მრავალი ცვლილების შეტანისა (ამჟამადაც არასწორი მიმართულებით), ეს პროცესი წლობით გაგრძელდება და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამულ) რეგისტრაციაშია.
მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტები მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს.
არავითარ საჭიროებას არ წარმოდგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიწის საკითხებზე არსებულ სხვა კანონებში რაიმე ცვლილების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს. არსებობს ტყის კოდექსი (ახლა ღებულობენ ტყის ახალ კოდექსს), არსებობს წყლის კოდექსი, წიაღის კოდექსი, არ არსებობს მხოლოდ მიწის კოდექსი, რაც დაუშვებელია (ადრე არსებობდა საბჭოთა პერიოდის მიწის კოდექსი).
ახლა, რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის კანონპროექტს.
კანონის პროექტის ავტორი არ იცნობს, ან არ აქვს წაკითხული საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულება. ასევე არ იცნობს მთავრობის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებას #48; 1992 წლის 6 თებერვლის დადგენილებას #128 და 1992 წლის 10 მარტის დადგენილებას #290. ასევე არ იცნობს უკანასკნელ პერიოდში მიღებულ მთელ რიგ ნორმატიულ აქტებს სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში გაკეთებულია არასწორი დასკვნები მიწის რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე. მოკლედ, რომ ვთქვათ კანონის ავტორი არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ხდებოდა 1992-1998 წლებში და 2000-2012 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
პროექტში არასწორი მიდგომაა პრობლემისადმი და იგი არა თუ მოხსნის ან გაამარტივებს მას, არამედ დაამძიმებს, წარმოქმნის უამრავ დავას და ა.შ. ავტორს არ ესმის პრობლემის რეალური თემა და გადადის სრულ აბსურდში, როდესაც ცდილობს სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაცია დაავალოს საჯარო რეესტრს, თან საკადასტრო ნახაზიც რეესტრმა უნდა გააკეთოს მოსარგებლის მითითებით (კონფიგურაცია, ფართობი და ა.შ.). საჯარო გამოკვრაც ვერ უშველის ამგვარ რეგისტრაციას, რადგან მოქალაქემ რა უნდა გაიგოს გამოკრული საკადასტრო ნახაზით, როგორ უნდა მიხვდეს, ფარავს თუ არა ის სხვის საკუთრებას და ა.შ. მოკლედ ამ კანონის ვერც ერთი მუხლი კრიტიკას ვერ უძლებს და მის ყოველ მუხლზე შეიძლება შენიშვნის გაკეთება.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროება არ გამომდინარეობს დღევანდელი მდგომარეობის მოთხოვნებიდან. პირიქით, მისი მიღება ხელს შეუწყობს თაღლითებს მიწების მიტაცებაში.