ნეოკომკავშირლების „აღლუმი“ და პაპავას უპირობო კაპიტულაცია!
რაც არ უნდა ამტკიცოს თსუ-ს ყოფილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, რომ გადადგომაზე გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო, ეს განცხადება მის გარშემო შექმნილ ნეგატიურ განწყობას ვერ ცვლის - საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს მიაჩნია, რომ მან (პაპავამ) პრინციპულობა ვერ გამოიჩინა და მაშინ გადადგა, როცა არ უნდა გადამდგარიყო, უფრო სწორად საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა!
არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პაპავა საუკეთესო რექტორი იყო და მისი შემცვლელის მოძებნა გაჭირდება, მაგრამ თავისი არაადექვატური გადაწყვეტილებით სათავე დაუდო პრეცედენტს, რომელიც შეიძლება სრულიად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს მეტასტაზებივით მოედოს!..
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გულმოდგინედ ადევნებდა თვალ-ყურს თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს (სხვაგავარად თუ ვიტყვით, „დუღილის პროცესებს“, რომლის ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს ამ ბოლო დღეებში მიაღწია), რექტორის გადადგომის ნამდვილი მიზეზი უცნობია - ფორმალურად სტუდენტური თვითმმართველობის (რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების კომკავშირელ აქტივისტთა იდენტურია) ზეაქტიურობამ აიძულა იგი ასე მოქცეულიყო, რაც ოდნავადაც არ ამართლებს ყოფილი რექტორის გადაჭარბებულ „სიფრთხილეს“, რომ მან ეს ნაბიჯი უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადადგა.
უნებლიედ მახსენდება 2001 წელს „რუსთავი-2“-ის გარშემო ხელოვნურად ატეხილი ფეთქებადსაშიში აქციები, რომელსაც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სკამი შეეწირა. თუმცა, ჟვანიას ამ ნებაყოფლობით ხარაკირს შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. დიახ, სწორედ ამ ნაბიჯმა დაუდო სათავე 2003 წლის ნოემბრის ე.წ. ვარდების რევოლუციას და ხელისუფლების სათავეში სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატის მოსვლას, რომელიც მოგვიანებით ბოლო ორის ჩამოშორებით და სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებით დაგვირგვინდა...
სხვათაშორის, ჟვანიას გადადგომას წინ უძღოდა ულტიმატუმი _ გადამდგარიყვნენ მაშინდელი გენპროკურორი და ძალოვანი მინისტრები. ძირითადი აქცენტი მაინც კახა თარგამაძეზე კეთდებოდა, რომელიც მაშინ შევარდნაძის რეჟიმის „ხერხემლად“ ითვლებოდა. დრომ დაადასტურა, რომ ჟვანიამ მაშინ ზუსტი ტაქტიკური სვლა გააკეთა - შევარდნაძე „ხერხემლის“ გარეშე დარჩა, რამაც საბოლოოდ „დაასუსტა“ მისი „ორგანიზმი“!..
მოდით, ახლა ისევ პაპავას დავუბრუნდეთ. ამ კონკრეტულ მომენტში ისიც სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო - ღიად უნდა დაეფიქსირებინა, რომ გადადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაიშლებოდა აკადემიური საბჭო და რექტორის მოვალეობას ახალი აკადემიური საბჭოს არჩევნებამდე შეასრულებდა. პაპავამ ეს არ გააკეთა და კაპიტულაცია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გამოაცხადა, რაც მომავალში სერიოზულ დაღს დაასვამს მის პიროვნულ რენომეს!
რაც ყველაზე სავალალოა, ამ უსიტყვო კაპიტულაციით სტიმული მისცა განათლების სისტემის რევანშისტებს დაიწყონ მასირებული შეტევა სხვა უმაღლეს სასწავლებლებზეც...
შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოში განათლების სისტემას შეგნებულად კლავენ!
კრიტიკას ვერ უძლებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები და ამასთან, აკადემიური პერსონალისა (უმაღლეს სასწავლებლებში) თუ პედაგოგთა შერჩევის (სკოლებში) თანამედროვე პრაქტიკა. განსაკუთრებით საგანგაშოა უმაღლეს სასწავლებლებში შექმნილი სიტუაცია, როცა რექტორის თუ სხვა ადმინისტრაციული პერსონალის არჩევა-დანიშვნა სააკაშვილისდრონდელი აკადემიური საბჭოსა და ზონდერბრიგადად ქცეული სტუდენტური თვითმმართველობის (ნეოკომკავშირლების) პრეროგატივაა.
საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ სტუდენტურ თვითმმართველობებზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არის წინა საუკუნის 30-იანი წლების კომკავშირელ აქტივისტთა (ყველაზე ცუდი გაგებით) იდენტური გაერთიანება, სადაც წარმომადგენელთა შერჩევა ხდება არა გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და საქმიანი (მორალური) თვისებების გათვალისწინებით, არამედ, სხვა „განსაკუთრებული“ ნიშნით. ეს „განსაკუთრებულობა“ გარკვეულ დესტრუქციული ძალების _ განათლების ხილული თუ უხილავი მტრების უსიტყვო მსახურებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, სტუდენტური თვითმმართველობების მისიაც დესტრუქციულია!
ისინი სარგებლობენ შეუზღუდავი პრივილეგიებით (რამდენადაც ვიცი, თსუ-ში საკმაოდ სოლიდური დაფინანსება აქვთ) და ასევე შეუზღუდავი უფლებებით, მათ შორის, რექტორის არჩევა-გადაყენებაში მოანწილეობის ჩათვლით. იმდენად გათავხედებულ-გატუტუცებულნი არიან, პროფესორ-მასწავლებლები უბატონოდ ხმას ვერ სცემენ, აკადემიურ მოსწრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია!
სამწუხაროდ, ასეთი გათავხედებული და ზომბირებული კასტა წყვეტს ამა თუ იმ რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში...
დღევანდელ ხელისუფლებას უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა სწორედ სააკაშვილისდროინდელი ფაქტიურად დანიშნული (და არა არჩეული) აკადემიური საბჭოს დაშლით და ასევე იგივე რეჟიმის მიერ ჩანერგილი დესტრუქციული ელემენტის - სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმებით უნდა დაეწყო. თუმცა ამის ნება მას არ აღმოაჩნდა!
რაც შეეხება თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს და პაპავას რამდენიმეწლიანი რექტორობის შეფასებას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მან პროცესების მართვა სათანადოდ ვერ შეძლო - ვერ ალაგმა სტუდენტური თვითმმართველობის თარეში უნივერსიტეტში, ვერ შეელია ოდეერის ინსტიტუტის მახინჯ პრაქტიკას, დღის წესრიგში ვერ დააყენა „ნაციონალური“ აკადემიური საბჭოს გადარჩევის აუცილებლობა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უნივერსიტეტში ვერ დააბრუნა ის პროფესორ-მასწავლებლები (ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა) რომლებიც არასწორად იქნენ გაძევებული მშობლიური სასწავლებლიდან...
ასევე, მან გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა კანცლერობის რეალური კანდიდატი იოსებ (სოსო) არჩვაძე აიძულა მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და ამით რექტორის სკამი შეენარჩუნებინა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც სკამი შეინარჩუნა!
უპრინციპობა გამოიჩინა, როცა თანხმობა მისცა კანადის მთავრობის მიერ დაფონანსებულ „ლგბტ“-ს მონაწილეთა კონფერენციის ჩატარებას, სახელწოდებით „სტუდენტებში ლგბტ-ს მგრძნობელობის ამაღლება“, რაც ღვთის ნებით და აქტიური პროტესტის წყალობით ჩაიშალა.
ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, როგორ განვითარდება თსუ-ში მოვლენები და ვინ შეცვლის რექტორის თანამდებობაზე ვლადიმერ პაპავას, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა - დავუშვით პრეცედენტი, რომელიც შეიძლება ყველა უმაღლეს სასწავლებელს მოედოს და ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის პარალიზებას შეუწყოს ხელი.
სამწუხაროდ, ყველაფერი აქეთკენ მიდის!
P.S. გუშინ თსუ სტუდენტური თვითმმართველობის საპირწონემ - „აუდიტორია 115“-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი თსუ-ში გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა გაუქმდეს არსებული აკადემიური საბჭო, მაქსიმალურად გაიზარდოს მისი შემადგენლობა და რექტორი აირჩიოს არა აკადემიური საბჭოს 14-მა წვერმა, არამედ აკადემიური პერსონალის მთელმა შემადგენლობამ (დაახლოებით 2000 კაცმა), რაც მეორე უკიდურესობაში გადავარდნას ნიშნავს. კარგია სტუდენტ-ახალგაზრდობის აქტიურობა, მაგრამ ზედმეტ უფლებებს ხომ არ იღებენ საკუთარ თავზე, რაც საბოლოოდ თავად სისტემას დააზიანებს?
განათლების სისტემა ყველაზე ფაქიზი სფეროა და იქ არსებული პრობლემების ემოციურ დონეზე გადაწყვეტა ანტისახელმწიფოებრივ შედეგს მოგვიტანს!
ზაურ ნაჭყებია