რატომ ვერ მივდივარ „აქტიურ“ პოლიტიკაში?!

რატომ ვერ მივდივარ „აქტიურ“ პოლიტიკაში?!

დაახლოებით ერთი თვის წინ „ივერიონში“ დავბეჭდე სტატია „რატომ მივდივარ აქტიურ პოლიტიკაში?!“

 

სტატიას იმაზე მეტი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მოველოდი. თუ ჩემთვის უცნობი ადამიანებისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო, ნაცნობ მეგობრებისთვის ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, ყველას აინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტიიდან მაქვს შემოთავაზება და შედგა თუ არა საბოლოო შეთანხმება.

 

თავს ვალდებულად ვთვლი დავაკმაყოფილო მათი ცნობისმოყვარეობა.

 

სტატიის გამოქვეყნებისთანავე ჩემთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს, ხოლო, ვისგანაც ადრე მქონდა შემოთავაზება და მოლაპარაკება თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, ფაქტიურად ჩაიშალა!

 

მიზეზი მარტივია: მათ არ მოეწონათ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული ჩემი პოზიცია განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარი მქონდა საკუთარი პრინციპების დაცვაზე და „ახალი პოლიტიკური კულტურის, ანუ ჯანსაღი ოპონირების პრაქტიკის“ დამკვიდრებისთვის ხელშეწყობაზე.

 

მომავალი პოლიტიკური პარტნიორები გააღიზიანა საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების ჩემეულმა შეფასებამაც. ასე და ამგვარად, შეთანხმება ვერ შედგა, რასაც ნამდვილად არ განვიცდი (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ). რაც შეეხებათ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს (ზოგი ძველი, მაგრამ მარგინალი, ზოგიც ახალგამოჩეკილი), მათთან პარტნიორობის სურვილი ისედაც არ მაქვს.

 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას დააპირებ, საკუთარ პრინციპებს საერთოდ უნდა გამოეთხოვო და იდეალებისგანაც უნდა განთავისუფლდე (პოლიტიკურ რობოტად უნდა იქცე). როგორც ჩანს, გარკვეულ კომპრომისზე წასვლა არ არის საკმარისი თავისიანად დაგიგულონ და „დიდ“ პოლიტიკაში მწვანე შუქი აგინთონ!

 

საბოლოოდ დავრწმუნდი იმაშიც, რომ თანამედროვე „ქართულ“ პოლიტიკაში ინდივიდების ადგილი არ არის! შესაბამისად, არანაირი ქართული პოლიტიკა და ქართველი პოლიტიკოსი არ არსებობს - არსებობენ მხოლოდ ერთიან გლობალურ პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, რომლებიც მზამზარეულ ინსტრუქციებს იღებენ და უსიტყვოდ ასრულებენ კიდეც! ხშირად ეს „შესრულება“ პასიურ პოზიციაშიც გამოიხატება, როცა არანაირი ინიციატივა არ გაქვს და თვალშიც არავის ეჩხირები...

 

ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საპარლამენტო სიები, სადაც ჯერ არს, ზედმიწევნით იცხრილება - დიახ, ზედმიწევნით სწავლობენ ამა თუ იმ პრეტენდენტის შინაგან სამყაროს, მორალურ კრიტერიუმებს, საკუთარი ქვეყნისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი დამოკიდებულებას და ა.შ.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩემნაირი აზროვნების სტილისა და პრინციპების ადამიანის ადგილი დღევანდელ პარლამენტში არ არის!

 

თუმცა, არსებობს პოლიტიკაში შემოსვლის აპრობირებული გზა - უარს ამბობ საკუთარ პრინციპებზე და პოლიტიკურ  რობოტად იქცევი. რის შემდეგაც ადვილად მოისხამ პარლამენტარის მანტიას - ისარგებლებ პრივილეგიებით, მოიწყობ საკუთარ ცხოვრებას და გაინაღდებ საპარლამენტო პენსიასაც, ოღონდ, ქვეყანას ვერაფერში გამოადგები.

 

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ასეთი პოლიტიკური რობოტები „მართავენ“ ქვეყანას ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე!..

 

სტატიაში „გეშინოდეთ მომავალი არჩევნების“ ხაზგასმით ვწერდი, რომ იმდენად გაცვეთილი და დისკრედიტებული არიან საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები, მათგან ერთი ნორმალური პოლიტიკური სუბიექტი არ გამოძეწრება-მეთქი - მათი ნეგატიური გამოცდილება კი ქვეყანას არსებითად არ გამოადგება.

 

რაც შეეხება ამ ბოლო ხანებში პოლიტიკურ არენაზე გამოსულ „ახალ“ პოლიტიკურ სუბიექტებს, ისინი ტყუპისცალივით ჰგვანან თავიანთ წინამორბედებს - იგივე კლიშეები, ყალბი ლოზუნგები, აგრესიული რიტორიკა!..

 

სად არის გამოსავალი?

 

როგორც იტყვიან, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. უპირველესად, აუცილებელია თანამოაზრეთა გუნდის შექმნა, შინაგანი (შიშის) კომპლექსებისგან განთავისუფლება, იმ ადამიანების ასპარეზზე გამოსვლა, ვინც მზად არის „თავიდან ფეხებამდე“ გადაეშვას „ოკეანეში“, რასაც თანამედროვე გაგებით პოლიტიკა, სინამდვილეში კი სახელმწიფოს მართვის სადავეების ხელში აღება ჰქვია.

 

მთავარი მაინც რეალობის გააზრება და საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობის აღებაა - უნდა უკუვაგდოთ აზრი, რომ დიდი ფულის გარეშე პოლიტიკა არ კეთდება (ანუ, ხელისუფლებაში ვერ მოხვალ)!

 

აუცილებელია მოთხოვნა გაჩნდეს „ახალი ტიპის“ პოლიტიკოსებზე, რომელთა ერთობა „ტრადიციული“ პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ქართულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. თუმცა, ამის მიღწევა საზოგადოების მენტალური „რევოლუციის“ გარეშე წარმოუდგენელია.

 

„ახალი ტიპის“ პოლიტიკოსთა შერჩევის კრიტერიუმი უნდა იყოს ღირსების, შინაგანი პატიოსნების, პროფესიონალიზმის წინა პლანზე წამოწევა.

 

ერთხელ და სამუდამოდ, გახრწნილების (უზნეოების) ადგილი სახელმწიფოს მართვის სისტემაში მყარი მორალური კრიტერიუმის მქონე ადამიანებმა უნდა დაიკავონ!

 

რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, უნდა შევთანხმდეთ, რომ უცხოური კაპიტალით ქართული საქმე არასდროს გაკეთდება. ამის გათვალისწინებით, ახალი იდეოლოგიური ერთობის „სპონსორი“ თავად საზოგადოება უნდა იყოს!

 

მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა ერთ თვეში შეიქმნება, მაგრამ პირველი ნაბიჯები აქედანვე უნდა გადაიდგას.

 

ეს უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი, რომელიც საწყის ეტაპზე ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს მოქმედ ხელისუფლებას და მას სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის საშუალებას არ მისცემს, ხოლო, შემდგომ ახალი ტიპის ერთობად ჩამოყალიბდება და დღევანდელ იდეოლოგიურ მანქურთებს პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვებს!

 

მე პირადად მხოლოდ ასეთ გაერთიანებაში ვხედავ საკუთარ ადგილს!

 

ბოლოთქმა: როცა სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობაზე ვფიქრობ, უნებლიედ მახსენდება წმინდა გაბრიელ სალოსის სიტყვები: ვიდრე საქართველოში მირონცხებული მეფის ინსტიტუტი არ აღსდგება, ქვეყანა არ დაწყნარდებაო - საუბარია სახელმწიფო მონარქიაზე, როცა მეფე ფორმალურად მეფობს, მაგრამ არ მართავს!

 

ამ იდეას ძალიან ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ XXI საუკუნეში მონარქიის იდეა უპერსპექტივოა და მას ბევრი ანომალურ მოვლენად აღიქვამს.

 

შიში უსაფუძვლოა, რადგან, სახელმწიფო მონარქიის აღდგენა ავტომატურად თავად-აზნაურობის ინსტიტუტის აღდგენას არ ნიშნავს, მეფე კი უფუნქციო და მასხარა პრეზიდენტზე ძვირად შესანახი არ იქნება!

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: