ჰამლეტ ჭიპაშვილი: დიდი კავკასიური ომი გარდაუვალი იქნება!
„ივერიონს“ ყარაბაღის ხელოვნურად აგორებულ კონფლიქტზე და კავკასიაში მოსალოდნელ რეალურ საშიშროებაზე ესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.
-ბატონო ჰამლეტ, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირდებით?
- პირდაპირ გეტყვით: საქართველომ ერთი ადგილი უნდა დააყენოს თავის ადგილას! საქმე ისაა, რომ ზოგიერთი პარლამენტარისა და გენშტაბის უფროს კაპანაძის გამონათქვამები მოვისმინე ყარაბაღზე, რომლებიც, ალბათ, იყო გულწრფელი, მაგრამ აბსოლუტურად დაუფიქრებელი.
მათი თქმით, საქართველო იშუამავლებდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის საკითხზე - ყარაბაღის საკითხი ისეთი მძიმე და რთულია, რომ საქართველოს ხელისუფლება კი არა, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია თუ შვედეთი ვერაფერს გახდნენ, რომლებიც ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე არიან. მათ ვერაფერი მოახერხეს და საქართველოსთანა არშემდგარი ქვეყანა, რომელსაც თავისი პრობლემა უხვად აქვს, მათ შორის, ტერიტორიულიც, ყარაბაღის საკითხის მომწესრიგებელია?
მსგავსი სისულელე ქართველებს არ უნდა ეთქვათ, თუმცა ასეთი სისულელეებით ქართველი პოლიტიკოსები ძალიან გამოირჩევიან.
-ისტორიულად ვის ეკუთვნის მთიანი ყარაბაღი?
-ყარაბაღის პრობლემა 1988-89 წლებში გორბაჩოვის პერიოდში არ დაწყებულა. ეს ტერიტორია ხან ირანის ხელში იყო, ხან ალბანეთის (აზერბაიჯანის), ხან სომხეთის. 1994 წელს სომხეთ-აზერბაიჯანი მას შემდეგ შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც საქმეში ჩაერთო ე.წ. მინსკის ჯგუფი. დღემდე მდგომარეობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ანუ იყო კანტიკუნტი სროლა, მსხვერპლი, მაგრამ ასეთი გამწვავებული, როგორიც უკანასკნელ 4 დღეშია, არ ყოფილა!
მოგეხსენებათ, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დასახლებულნი არიან სომხები. ისინი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მოითხოვდნენ, რომ ყარაბაღი მათ გადასცემოდა. ვის ერგება ყარაბაღი საბოლოოდ, ვერავინ წყვეტს.
ნიშანდობლივია, ისიც, რომ გაეროს დოკუმენტების მიხედვით, ყარაბაღში მცხოვრები სომხები ითხოვენ არა სომხეთთან შეერთებას, არამედ, თვითგამორკვევას, ანუ დამოუკიდებლობას.
-რა როლს თამაშობს რუსეთ-თურქეთი ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში?
-რუსეთი ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ თურქეთიც გახდეს თანათავმჯდომარე, რაც მიუღებელია, რადგან თურქეთ-სომხეთის დამოკიდებულება დაძაბულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთმა სომხებს გენოციდი მოუწყო.
ასევე, თურქეთს მძიმე ურთიერთობა აქვს რუსეთთან. თურქეთის პრემიერ-მინსტრი დავიდ ოღლუ აქეზებს აზერბაიჯანს და ეუბნება, რომ დაეხმარება მას სომხეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლებაში.
ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ თურქეთი დაშოშმინების ნაცვლად, აგრესიისკენ უბიძგებს აზერბაიჯანს?!
რუსეთი თუ ჩაერთო ამ გამოწვევაში, ეს იქნება დიდი კავკასიური ომის მიზეზი. რაც უბედურებას მოუტანს საქართველოსაც.
საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში?
-როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით: საქართველომ ერთი ადგილი უნდა დააყენოს - არ უნდა ილაპარაკოს სისულელე, მხარი არ უნდა დაუჭიროს თურქეთის მოსაზრებას, მისი ნატოს წევრობის გამო, რადგან, რუსეთი ყველაფერს იზამს, რომ გაჭრას სამხედრო გზა სომხეთის ტერიტორიისკენ.
ქართველ ვაიპოლოტიკოსებსა და ექსპერტებს ვურჩევ, არავითარი კომენტარი არ გააკეთონ ყარაბაღთან დაკავშირებით. საქართველომ თავის ტერიტორიაზე კონფლიქტი არ უნდა გააგრძელოს. დავფიქრდეთ, საქართველოში მილიონამდე აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს და ისინი ჩვენს ტეროტორიაზე არ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ რუსეთი სომხეთსაც აწვდის იარაღს და აზერბაიჯანსაც; სომხეთ-რუსეთი მჭიდრო მოკავშირეები არიან, ასევეა აზერბაიჯანიც - ის შანხაის ორგანიზაციის წევრია, რომლის სუფრის თავშიც რუსეთი და ჩინეთი სხედან.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელს არ აძლევს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება!
ესაუბრა ია ჯრარკავა