გია ხუხაშვილი: “კვირიკაშვილი ფასადური და ნომინალური გადაწყვეტილებების მიმღები ვაკელი ბიჭია“

გია ხუხაშვილი: “კვირიკაშვილი ფასადური და ნომინალური გადაწყვეტილებების მიმღები  ვაკელი ბიჭია“

“ივერიონს“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა

 

-ბატონო გია, როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ტელეჟურნალისტებთან შეხვედრას, ჩააბარა თუ არა მან საზოგადოებას 3-თვიანი ანგარიში?

 

-ამ შეხვედრის ფასადური მხარე  კარგი იყო - კომუნიკაციამ ორივე მხარე დადებითად განაწყო. ვფიქრობ,  ჟურნალისტებთან რესპოდენტის ურთიერთობის გამოცდა ჩააბარა, მაგრამ, რაც შეხება ანგარიშის ჩაბარებას, ის პრობლემებზე სიტყვიერ გარანტიებს სცემდა, მაგრამ კონკრეტული სისტემური გადაწყვეტილებების შესახებ არაფერი უთქვამს.

 

ჩემი აზრით,  ჟურნალისტებთან შეხვედრა იყო მისი თაფლობისთვის დასასრული და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება უნდა დაიწყოს.  მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილის გაპრემიერმინისტრების შემდეგ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა შეიცვალა, სისტემა იგივე დარჩა - ერთი მინისტრიც კი არ გამოცვლილა. აქედან გამომდინარე, მისი შეხვდრა სავსე იყო ემოციით, მაგრამ საგნობრი მსჯელობა არაფერზე ყოფილა!

 

ახლა კი დროა მან დაამტკიცოს,  რომ,  კარგ მოსაუბრესთან ერთად, კარგი პრემიერ-მინისტრიცაა. სამწუხაროდ, მის კარიერაში ჯერ არ ყოფილა, რომ მას რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება მიეღოს და რაიმე საკუთარ თავზე აეღოს.

 

-თქვენი აზრით, კითხვის დასმისას, გაამახვილეს თუ არა ჟურნალისტებმა ყურადღება პრობლემურ საკითხებზე?

 

- ჟურნალისტთა კითხვები  მწვავე არ იყო და, შესაბამისად, პასუხები იყო ზოგადი. პრემიერ-მინისტრი თავს არიდებდა კამათს, რაღაცას ნაწილობრივ აღიარებდა და მერე ცდილობდა ეს ნეგატიური რამ პოზიტიურისკენ შეეტრიალებინა.

 

მას ეს კარგად გამოსდიოდა და კეთილგანწყობასაც იმსახურებდა. აქედან გამომდინარე, რეალურ პრობლემათა გადაწყვეტის შესახებ არც უსაუბრია - შიდა სამზარეულოს დალაგების მხრივ რა გააკეთა, არ უთქვამს.

 

სახელმწიფო კანცელარიაში, ფაქტობრივად, საკადრო გადაადგილება არც ყოფილა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯერ-ჯერობით ფასადური და ნომინალური გადაწყვეტილების მიმღები პრემიერ-მინისტრია და სისტემა მისით, როგორც ერთი  ვაკელი ბიჭით,  კარგად სარგებლობს!

 

მას უნდა ესმოდეს, რომ რეალური მოქმედება თუ არ დაიწყო და სისტემა არ აკონტროლა, იგი მას ისევე მოისვრის, როგორც მოიყვანა (მგონი აგვიანებს კიდეც სისიტემის მართვას).

 

მან ასევე თქვა, რომ მინისტრები არ შეიცვლებიან და მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობო - რას ჰქვია კომფორტი? ის კაბინეტში ჯდომის კომფორტზე თუ საუბრობს, კი, ბატონო, მაგრამ კაბინეტში ჯდომა დიდხან რომ არ გრძელდება ხოლმე, ამის  დიდი გამოცდილება მას წინამორბედი პრემიერ-მინისტრისგან აქვს.

 

-პარლამენტი ამზადებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრს შეეძლება - ერთდროულად-  დაიკავოს თანამდებობა და კენჭი იყაროს პარლამენტში. ეწინააღმდეგება თუ არა ეს გადაწყვეტილება დემოკრატიულ პრინციპებს?

 

-მინისტრებისგან განსხვევებით, პრემიერ-მინისტრი პარტიის პოლიტიკური ლიდერია და, შესაბამისად, კაზუსი იქნებოდა,  მას რომ მოუწიოს გადადგომა პრემიერ-მინისტრობიდან იმის გამო, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას . პარტია იძულებული იქნებოდა თავისი ლიდერი არ დაენიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, და ,მეორე, მასაც მოუწევდა პარტიის ლიდერობაზე უარის თქმა. ასევე, რადგან პრემიერ-მინისტრის გადადგომა ახალი მთავრობის ფორმირებას ნიშნავს და რთული პროცედურაა, ვეთანხმები ამ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებას!

 

-სახალხო მოძრაობა  “ქართულმა მისიამ“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი გია კორკოტაშვილია,  გუშინ კალათბურთის დარბაზში  ახალი მოძრაობის დემონსტრირება მოახდინა და ხალხმრავალი შეკრება გამართა. როგორ შეაფასებთ ამ მოძრაობას?

 

-მოძრაობაზე ვერაფერს ვიტყვი, არც ვიცი, ვინ არიან, მაგრამ კორკოტაშვილს ვიცნობ და მას საზოგადოებრივ მოძრაობაში უფრო წარმოვიდგენ, ვიდრე პოლიტიკაში. რომ არ ეწყონოს, არც ჩემი თავი წარმომიდგენია ხელისუფლებაში.

 

-სამწუხაროდ, მთავრობა არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებას ქართული ენის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. რატომ?

 

-ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი  საკითხია, მაგრამ სოციალურ პრობლემათა ფონზე,  უმუშევრობასთან  და  ტერიტორიულ მთლიანობასთან შედარებით, ნაკლებნიშვნელოვნად გამოიყურება.  სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრისგან არაფერი გვსმენია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ზემოთ ჩამოთვლილთა, მათ შორის, ენის საკითხის,  გადაწყვეტას.  ის  ეკონომიკური განათლების მინისტრია, ყველას აკითხში არ ერკვევა  და მისი ზოგადი დიაპაზონი შეზღუდულია.

 

            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: