ქართული ჩაი ჩინური „პერსპექტივით“, ანუ როგორ ესმით ჩვენში აგრარული პოლიტიკის მხარდაჭერა!

ქართული ჩაი ჩინური „პერსპექტივით“, ანუ როგორ ესმით ჩვენში აგრარული პოლიტიკის მხარდაჭერა!

 

მეჩაიეობა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში  იყო 180 ათასამდე კომლი დასაქმებული. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი (68 ათასი ჰა) ინტენსიურად მცირდებოდა და  საბოლოოდ   დარგი სრული განადგურების საშიშროების წინაშე დადგა.  

 

ამის მიზესს ერთის მხრივ - სახელმწიფო ქონების, კერძოდ გადამმუშავებელი საწარმოების პრივატიცაციის წარმართვის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები, ხოლო მეორეს მხრივ, მეჩაიეობის დარგის განვითარების არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის პროგრამები წარმოარგენს. 

 

კერძოდ, არ განხორციელდა ჩაის ფოთლის წარმოებისა და გადამუშავების ინტეგრირებული, ერთიანი საწარმოო ციკლის ხელშემწობი სისტემური პრგრამები, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩაის ფოთლის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის და კოოპერატივის ფარგლებში გადამმუშავებელ საწარმოსთან ინტეგრირების, ანუ ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.  

 

აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებში არაერთი ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობაზე, როცა ცალკე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის დაფინანსება. 

 

სწორედ ასეთი გაუაზრებელი, არასისტემური პოლიტიკის შედეგია, რომ არ განხორციელდა მეჩაიეობის დარგის ეფექტური ორგანიზაციული მოწყობა, რომელიც უპირატესად ორიენტირებული იქნებოდა დარგში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაკმაყოფილებაზე  და მხოლოდ ამ გზით აღნიშნულ პროექტებს შეექმნებოდა მდგრადი სიცოცხლისუნარიანობისა და ინტენსიური განვითარების საფუძვლები. 

 

შედეგად მივიღეთ უკვალოდ და უშედეგოდ გამქრალი ათეულობით მილიონი ლარი და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული 57 ათასი ჰა ჩაის პლანტაციიდან შემორჩენილი 8.0 ათასი ჰექტარი. 

 

დღეს, როდესაც ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი, მეჩაიეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაწყება იყო იმედისმომცემი, რომ ბოლოსდაბოლოს გატარდებოდა რეფორმისტული პოლიტიკა  და აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერირების ფორმების გამოყენებით მოხდებოდა მეჩაიეობის დარგის რაციონალური ორგანიზაციული მოწყობა. 

 

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მოლოდინები არ გამართლდა, პროგრამაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მიუღებელი ნორმების ჩადების გამო. კერძოდ:

 

1. მუხლი 3, პუნქტი 5-ს მიხედვით „სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებლი კომპანიებიდან ერთ-ერთი.“ 

 

სასოფლო-სამეურნეო სატატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში  მიზანშეწონილი და აუცილებელიც კი იყო, რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესრულებინათ თვითონ კოოპერატივებს, რასაც ისინი განახორციელებდნენ მხოლოდ საკუთარი მეპაიეების შრომითი რესურსის გამოყენებით, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, რაც დაზოგავდა პროგრამით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანხებს. 

 

მითუმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ფერდობებზე განლაგებული ჩაის პლანტაციების პირობებში) ეს სამუშაოები შესასრულებელია მცირე მექანიზაციით და ხელით. გაწეულ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე განხორციელდებოდა მონიტორინგი „პროექტების მართვის სააგენტოს“ მხრიდან, ხოლო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხრიდან მათ მიმართ ისედაც ხორციელდება მონიტორინგი. 

 

კოოპერატივების ამ უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსის არდანახვა (შეგნებულად თუ შეუგნებლად) და გამოუყენებლობა წარმოადგენს  სახელმწიფო ფულადი რესურსების არარაციონალური განკარგვის წინაპირობას. 

 

გარდა ამისა, პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით ცალკე კომპანიის შერჩევა და მათზე ამ სამუშაოს დაკისრება, ნაკლებადეფექტური იქნება, რადგან, ისინი გადაიხდიან დღგ-ს, საშემოსავლო და მოგების გადასახადებს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსების (2500 ლარი 1 ჰექტარზე) სულ მცირე  მეოთხედი გადასახადებს მოხმარდება. 

 

მართალია ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება, მაგრამ კოოპერატივების შემთხვევაში შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხა სრულად მიმართულიყო უშუალოდ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე, რომლის ღირებულება რეალურად 2-3-ჯერ აღემატება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ თანხებს. 

 

2. მუხლი 5, პუნქტი 2,  ა) ქვეპუნქტის თანახმად, „კოოპერატივს უნდა ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები (საკუთარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოების არანაკლებ 20 % და პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში - არანაკლებ 10%) სარეაბილიტაციო სამუშაოების საკუთარი თანამონაწილეობის დასაფინანსებლად, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით/ცნობით ბაკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ.“

 

კოოპერატივის  თანამონაწილეობის შესაბამისი თანხის არსებობის ბანკის ამონაწერით დადასტურება პრობლემატურია, რადგან, კოოპერატივები პრაქტიკულად იმყოფებიან სტარტაპ-ის მდგომარეობაში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა განიცდის ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტს. 

 

პროგრამით გაუთვალისწინებელი სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება-მოძიებასთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 5 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობისთვის მათ დამატებით ჭირდებათ 2500 ლარი. 

 

აღნიშნული თანხები კოოპერატივების უმრავლესობას არ გააჩნია, ხოლო კომერციული ბანკები ამ მიზნით არ გაცემენ სესხებს თუნდაც იმ მოტივით, რომ რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს 2-3 წლიან პერიოდს, რომლის განმავლობაში კოოპერატივები იქნებიან გადახდისუუნარო.  

 

3. გაუგებარია თუ რატომ არ შეიძლება პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა კოპერატივმა, რომლის წევრებს საკუთრებაში აქვთ  5 ჰა-ზე ნაკლები ფართობის პლანტაცია, ან რატომ არ აქვს პროგრამაში მონაწილეობის უფლება კოოპერატივს, რომელსაც სახელმწიფოსგან აღებული აქვს ჩაის პლანტაციები ხანგრძლივვადიან სარგებლობაში.

 

4. ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია არ ნიშნავს ერთჯერადი სამუშაოების ჩატარებას. იგი რამდენიმე წელისგან შედგება და მომდევნო წლების მანძილზე დიდი ხარჯების გაწევას ითვალისწინებს. ამიტომ პროგრამაში საუბარი უნდა იყოს არა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაზე, არამედ რეაბილიტაციისთვის საწყისი სამუშაოების ჩატარებაზე.

 

5. ვინც დასავლეთ საქართველოში  მეცხოველეობის გაძღოლის წესებს იცნობს. დაგვეთანხმება, რომ შემოღობვის გარეშე პლანტაციის რეაბილიტაცია, ფულის წყალში გადაყრის ტოლფასია.

 

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მნიშვნელოვანი ნაწილი  ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში იმის გამო, რომ მათ თავისი კოოპერატივის ფარგლებში არა აქვთ დაგეგმილი გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობა,  რადგან, ამას ისინი გეგმავენ სხვა კოოპერატივებთან ერთად რესურსების გაერთიანებით მეორე დონის კოოპერატივის ფარგლებში,  მასშტაბური წარმადობის საწარმოს შექმნის გზით, რაც წარმოების კონცენტრაციისა და სახელმწიფო სახსრების რაციონალური განკარგვის  თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე, პროგრამაში მონაწილე ყველა კოოპერატივის მიერ ცალცალკე გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა.

 

ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობა ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში. მაშასადამე, ადრე განხორციელებული პროგრამების მსგავსად, ეს პროგრამაც გათვლილია დიდი ფართობების მქონე ინდივიდებზე და შპს-ებზე, რომლებიც მხოლოდ დაქირავებული შრომის გამოყენებაზე არიან ორიენტირებული. 

 

კოოპერაციული პროცესის მნიშვნელობის არასათანადო შეფასებიდან და ხშირ შემთხვევაში იგნორირებიდან გამომდინარე, უკვე აღარ არის გასაკვირი შესაბამისი სამთავრობო უწყებების აქტიური მხარდაჭერა მაჩაიეობის დარგში ჩინური კომპანიების შემოყვანის თაობაზე, რაც გულისხმობს მათზე სარგებლობის უფლებით ათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაციის გადაცემას, ჩინელი მუშახელის შემოყვანას, მათ დასახლებას დასავლეთ საქართველოს ჩაის პლანტაციების გავრცელების ტერიტორიებზე და მათთვის საცხოვრებელი შენობების აშენებას.

 

ინვესტიციები სოფლის მეურნეობის დარგში ძალიან დიდ სიფრთხილეს და სიღრმისეულ გაანალიზებას მოითხოვს, რაშიც უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება და მზაობა განსახორციელებელი პროექტების მიმართ. 

 

მეჩაიეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ მოახდინოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, მაღალხარისხიანი ჩაის ფოთლის წარმოება, გადამუშავება და ამ გზით შეიქმნას შემოსავლების ზრდისა და ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.  

 

არტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ მიზნით უკვე შექმნილია 19 ჩაის ფოთლის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. გაუგებარი და ყოველგვარ რაციონალურ აზრს მოკლებულია, თუ რატომ არ შეიძლება, ქვეყნის ერთერთი შემოსავლიანი დარგის მართვის სადავეების უცხოურ კომპანიებზე გადაცემისა და უცხო ტომის ადამიანების ჩამოსახლების ნაცვლად, ბოლოსდაბოლოს ხელისუფლება ენდოს საკუთარ მოსახლეობას, რომლის გარკვეული ნაწილი იძულებულია მეზობელ ქვეყნებში წავიდეს ჩაის ფოთლის საკრეფად, როცა გააზრებული, უშუალოდ პირველადი პროდუქციის მწარმოებელ ადამიანებზე გათვლილი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში არსებობს საკუთარ ქვეყანაში მათი შემოსავლების ზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური პერპექტივა!

 

საბოლოოდ  ისევ მივდივართ მთავარ პრობლემასთან, რომ აგრარული სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მთავარია დაფინანსების მიმღები სუბიექტის სწორად განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ეფექტურ მართვას. 

 

საქართველოს აგრარული სექტორის არსებილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ძირითადად დაკავშირებულია 750000-მდე მცირემიწიანი გლეხის მცირემასშტაბიან სამეურნეო საქმიანობასთან, მხოლოდ კოოპერაციული, ანუ ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობის სისტემის ხელშეწყობითაა შესაძლებელი რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და ჯანსაღი  საშუალო ფენის ჩამოყალიბების რთული პროცესის განხორციელება. კოოპერირების გარეშე მცირე  ფერმერული მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ სამეწარმეო განვითარებას. 

 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამმუშავებელი საწარმოს მდგრადი და ბალანსირებული განვითარების საფუძველს მათი ურთიერთინტეგრაცია წარმოადგენს. კოოპერაციისა და აგროსამრეწველო ინტეგრაციის პრინციპებზე დამყარებული მოდელი გახდება საფუძველი პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნისა, სადაც პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ჩართული მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან. მეურნეობრიობის ეს ფორმა ერთის მხრივ - საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი (მეორე, მესამე) დონის მქონე კოოპერაციული ფორმების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ - ქმნის  აგრარულ საწარმოთა დაფინანსებაში ახალი, ეფექტური ელემენტების შეტანის მოტივაციას.

 

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ არსებულ ეტაპზე აგროსამრეწველო ინტეგრაციის ეფექტური მოდელის შექმნისას, უაღრესად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებეის დაგეგმვა. ამ  კუთხით, სხვადასხვა ორგანიზაციულ ფორმებს შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. 

 

დღეს ხდება პირიქით, „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და სხვა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დახარჯულია 1 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც კაპიტალური ინვესტირების კუთხით არ დაფინანსებულა არც ერთი კოოპერატივი, საგარანტიო უზრუნველყოფის არქონის და კომერციული ბანკებისთვის მიუღებელი სხვა პირობების გამო. ამ პროგრამებით გათვალისწინებული თანხები იხარჯება შპს-ების და სხვა, უპირატესად მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული კომპანიების დასაფინანსებლად, რაც მათი ეკონომიკური საქმიანობის გავრცელების არეალში სპობს კოოპერატივების განვითარების პერსპექტივას თუნდაც იმიტომ, რომ უკვე დაფინანსებულ პროექტს, მისი გავრცელების არეალში კოოპერატივის სახით კონკურენტს არ გაუჩენს არც სახელმწიფო პროგრამა და მით უმეტეს, არც კომერციული ბანკი. 

 

აერთოდ რჩება შთაბეჭდილება, რომ პროგრამა შედგენილია პროგრამისთვის და არა რეალურად საქმის კეთებისთვის, ამიტომაცაა რომ თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში პროგრამის განხორციელებისთვის პრაქტიკული საქმიანობა არ დაწყებულა. 

 

სამაგიეროდ განახლდა პლანტაციების გადაწვის პროცესი, რომელიც  დადგენილების გამოსვლამდე დროებით შეჩერებული იყო. პროგრამის ხარვეზებისა და მასში მონაწილეობის დაბალი ინტერესის გამო  წლევანდელი წელი უკვე დაკარგულია, რადგანაც ჩაის ბუჩქის შპალერული და მით უმეტეს ნახევრად მძიმე და მძიმე გასხვლა უნდა დასრულებულიყო აპრილის დადგომამდე. 

 

ესეც რომ არა, ამ პროგრამის განმახორციელებელი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აღიარებს, რომ ჩაის არსებული პლანტაციების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. არ ვიცით რამდენი  ჰექტარია დღეისთვის შემორჩენილი და რამდენი ექვემდებარება რეაბილიტაციას. პროგრამაში საუბარი  არაა ახალი პლანტაციების გაშენებაზე, რაც  „ჩასის პლანტაციების რეაბილიტაციისა და გაშენების“  პროგრამის შინაარსს გაუგებარს ხდის.

 

დასასრულ: არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ აგრარულ სექტორში კოოპერაციისა და ახლებურად გააზრებული აგროსამრეწველო ინტეგრაციის ინტენსიური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და თავის შეკავება ამ კუთხით ადექვატური ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისგან, ქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება მთავრობის მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაგეგმილ სისტემურ-სინერგიულ ეფექტზე. 

 

ასეთი მიდგომა ყოვლად გაუმართლებელია როგორც დარგის ეფექტური ორგანიზაციული მოწყობის, ასევე სახელმწიფო რესურსების რაციონალური განკარგვის თვალსაზრისითაც.

 

პაატა კოღუაშვილი,

საქართველოს ს/მ მეცნიერებათა

აკადემიის ნამდვილი წევრი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: