ბ-ნო პრემიერო, როდემდე უნდა გვატყუოს ენერგომაფიამ?!
ენერგეტიკის სამინისტროს შევახსენებთ:
- წინა პერიოდის ლარის გაუფასურების გამო ,,სემეკმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა დენის ტარიფი, თუმცა ამ ტარიფში გაზის მომხმარებელ ერთადერთ მდგენელს - თბოელექტროსადგურს გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ფასი არ გაუზარდა; ,,სოკართან“ დადებული ახალი ხელშეკრულებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოწოდებული სოციალური გაზის ფასი, თუმცა, არ სახელდება რამდენით (ჩვენი ინფორმაციით 50 ა.შ.შ. დოლარი).
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ეს სხვაობა მოხმარდება ლარის გაუფასურების გამო არსებულ ტარიფში ზარალს. არადა, ლარის დღევანდელი გამყარების ტენდენციის პირობებში ეს არგუმენტად აღარ გამოდგება!
ამასთან, მინისტრის ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ მარეგულირებელ კომისიას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება, არავინ ეკითხება რამეს.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, საერთოდ გაურკვეველი და პასუხგაუცემელია, თუ რატომ არ მცირდება იგი ზემოთაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.
ბუნებრივია იბადება კითხვა: ვისთვის შეამცირა ,,სოკარმა“ მოწოდებული გაზის ფასი, თუ შესაბამისად არ აისახება მოსახლეობაზე?
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ იმ რეალობას, რომ ,,სემეკი“ დასავლეთის დასანახად ფასადური დაწესებულებაა და რეალურად წარმოადგენს ენერგომაფიის ამოსაფარებელ ორგანიზაციას.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კი ვურჩევთ - გაერკვიოს და მინიმუმ შეზღუდოს წინა ხელისუფლებიდან უცვლელად დატოვებული ენერგომაფიის თავსგასული მადის შესაბამისი თავხედური ქმედებები!
სახალხო პარტია