წიგნი მომავალზე, ანუ, რა შეუძლია ზუგდიდს?!

წიგნი მომავალზე, ანუ, რა შეუძლია ზუგდიდს?!

ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი სამეგრელოს გამორჩეული ქალაქის შესახებ

 

იგორ კვესელავა

ედიშერ გვენეტაძე

 

 

ჩვენს წინაშეა უნიკალური წიგნი უფრო სწორი იქნება ვუწოდოთ ერთ¬გვარი ახალი სახის ენციკლოპედია საქართველოს ერთ-ერთი უწარმტაცესი კუთხის _ სამეგრელოს გამორჩეული ქალაქის ზუგდიდის-მისი წარსულისა და აწმყოს შესახებ. 

 

როგორც ამ შესანიშნავი ნაშრომის წინათქმაში გვაუწყებს მისი ერთ-ერთი შემოქმედი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი ნოდარ ჭითანავა _  „წიგნი ენთუზიაზმზე დაფუძნებული კოლექტიური ნაშრომია, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო  200-ზე მეტი სხვა-დასხვა პროფესიის ადამიანმა.“

 

მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  მუშაობის პროცესში გამოუყენებიათ 1500-ზე მეტი წყარო. სწორედ მათი კრიტიკული შეფასებებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არის გასრულებული უმაღლეს სამეცნიერო  დონეზე შესრულებული ნაშრომი.

 

შედეგად ფართო საზოგადოებამ განსასჯელად მიიღო  საცნობარო-ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო-პოპულარული წიგნი.

 

ზუგდიდი. წარსული და თანამედროვეობა. თბ., 2015“ ერთგვარი შემაჯამებელი მემატიანეა სამეგრელოს წარსულისა და აწმყოსი.  

 

მისი ავტორები განიხილავენ რა საქართველოს ამ თვალწარმტაცი მხარის წარსულსა და აწმყოს, მკითხველს ქვეცნობიერად ახედებენ ნათელ მომავალში. მთელ წიგნს ეპიგრაფად გასდევს დიდი ილიას უკვდავი სიტყვები: „სამეგრელოში ჩამოვედი და დიდი საქართველო ვნახეო“.

 

დიახ, სხვადასხვა დარგის მეცნიერთა მიერ დიდი ოსტატობით  შექმნილი ეს ბრწყინვალე კრებული ერთგვარ უწყვეტ ჯაჭვად ასხმული ბრილიანტის სახით წარმოგვიდგენს  არა მარტო ზუგდიდის, არამედ, მთლიანი სამეგრელოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთიან საქართველოში.  

 

რაც მთავარია  იგი დღევანდელ ტერიტორიამორღვეულ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გამთლიანების იმედის  უსახავს!

 

ირკვევა, რომ ავტორთა კოლექტივის მიზანი იყო წარმოედგინათ ზუგდიდი ისტორიული განვითარების ეტაპების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მათ კომპლექსურად უნდა შეესწავლათ ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის წარმოშობის და განვითარების ისტორია. იმავდროულად კულტურის, რელიგიის, დემოგრაფიის, ეკონომიკის, ტრადიციების ისტორიული როლი და ადგილი ერთიან ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სივრცეში.

 

უნდა ითქვას, რომ ეს ამოცანა წიგნზე მომუშავე სწავლულთა მიერ ბრწყინვალედ არის გადაწყვეტილი. მათი დაწერილი ყოველი სიტყვა და თითოეული სტრიქონი მეცნიერული კეთილსინდისიერების ნამდვილი ნიმუშია.

 

რაც მთავარია, ნაშრომი ასრულებს იმ მისიას, რომელიც მას ქვეყნის წინაშე აკისრია.

 

სახელდობრ, „მასში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარსულში საქართველოს ისტორიულ პროვინციებს შორის, ურთიერთკავშირების მრავალმხრივი ფორმების პოზიტიური და ნეგატიური მხარეების ობიექტურად შეფასებას, რათა გამოვლინდეს ის საერთო, რაც მათ ურთიერთობას განამტკიცებდა და ისიც რაც ხელს უშლიდა ერთიან სივრცეში ცხოვრებას.

 

ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ორი რეგიონის-სამეგრელოსა და აფხაზეთის-გეოგრაფიულად, ისტორიულად და ნათესაობითი, კულტურული, ეკონომიკური კავშირების ობიექტურად შეფასებას, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობის სწორად გაცნობიერებას, ერთიან სივრცეში ცხოვრების უპირატესობის დარწმუნებას.“

 

ავტორთა რწმენით: „ზუგდიდს, თავისი წარსულით, დღევანდელობითა და მომავლის პერსპექტივით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შემდგომ განმტკიცება-გაღრმავებაში ექსკლუზიური როლის შესრულების პოტენციალი გააჩნია“.

 

წიგნში სხვადასხვა ავტორთა მიერ განხილულია ზუგდიდი უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე, ოღონდ, ისე ჰარმონიულად, რომ შთაბეჭდილება იქმნება თითქოსდა ერთი ავტორის მიერაა დაწერილი.

 

ნაშრომის პირველ თავში აღწერილია ზუგდიდის მდებარეობა, ბუნება და ბუნებრივი რესურსები. ხაზგასმულია ვახუშტისეული ოდიში, სადაც შეიგრძნობა _  „ზაფხულს ზღვისპირნი და ვაკენი ცხელი და არაგაუძლისი“. მომდევნო თავში პროფესორი რევაზ პაპუაშვილი მაღალპროფესიულად მოგვითხრობს ზუგდიდის ირგვლივ მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებზე.

 

წიგნის შემდეგი თავი ეთმობა ზუგდიდს, როგორც სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკური ცენტრის ისტორიას.

 

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ავტორები (გ. არახამია; თ. ბერაძე; ა. ტუღუში; პ. მონიავა) საინტერესოდ და მარტივი ენით გადასცემენ მკითხველს ეგრის ტომისა და ზუგდიდის განვითარების ისტორიას.

 

მათივე თქმით: „დადიანთა საგვარეულო ეგრისის მეფეთა დინასტიის შთამომავალია. საკუთრივ გვარსახელი დადიანი ადამიანის სახელიდან მოდის, რომელმაც მე-10 საუკუნეში ეგრისის სამეფო დინასტიის შთამომავალთა ამ განშტოებას დაუდო საფუძველი. შემდეგში გვარსახელი დადიანი მთავრის სინონიმად იქცა და ტიტულის შინაარსი შეიძინა“.  

 

მეცნიერები იქვე ხაზგასმით მიუთითებენ, რომ ზუგდიდის ისტორიის უძველესი ხანა - წარმოშობისა და მისი შემდგომი განვითარების პერიპეტიების შესწავლა XIII-XIV საუკუნეებამდე წყაროების უქონლობის გამო სათანადო დონეზე ვერ ხერხდება.

 

ავტორები მკითხველს მოუთხრობენ სამეგრელოში არსებული საეკლესიო სიწმინდეების შესახებ. მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფენ: ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს,  წმიდა ღვთისმშობლის სარტყელს და ღვთისმშობლის კვართს.

 

ცალკე ქვეთავი აქვს მიძღვნილი ყირიმის ომს და სამეგრელოს სამთავროს გაუქმებას.  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გ. არახამიას სევდანარევი მოსწრებული შენიშვნით: „უკანასკნელი ქართული სახელმწიფო წარმონაქმნის  არსებობა, ბედიის ირონიით შეწყდა სწორედ იქ სადაც საფუძველი ჩაეყარა უძველეს ქართულ სახელმწიფოს (ეგრისი, კოლ¬ხიდა). მასთან ერთად კი არსებობა შეწყვიტა ზუგდიდმა, როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა ცენტრმა“.

 

ცალკეა აღსანიშნავი მე-6 თავი: „ზუგდიდი საბჭოურ და პოსტსაბჭოურ ხანაში“.

 

მასზე მომუშავე მკვლევარები მიზეზ-შედეგობრივ კავშირში აანალიზებენ ამ დროს განვითარებულ მოვლენებს. მითითებულია იმ „ვაიპოლიტიკოსების“ შესახებ, რომელთა მოთხოვნები  სამეგრელოს ავტონომიიდან თანდათანობით გადაიზარდა აშკარა სეპარატიზმში. რასაც ადასტურებს მათი დეპეშა მ. კალინინისადმი, რომელშიც ისინი თხოვდნენ მოსკოვს: „დამკვრელური წესით გაათავისუფლეთ სამეგრელოს მშრომელი ხალხი საქართველოსაგან განგებ თავზე მოხვეული სუვერენიტეტისაგან და კვლავ სამუდამოდ განამტკიცეთ სამეგრელოსა და რუსეთის მშრომელთა ისტორიული კავშირი“. რაც მთავარია პროფესორ გონელი არახამიას მიერ მეცნიერული კეთილსინდისიერებითაა განხილული აღნიშნული მოვლენები და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.

 

წიგნში განსაკუთრებით საგულისხმოა 50-იანი წლების დასაწყისში სტალინის მიერ წამოწყებული ე. წ. „მეგრელთა საქმე“ ისტორია, რომლის მიმართაც დღეს მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს.

 

კერძოდ: რატომ დაიწყო სტალინმა „მეგრელთა საქმე“? რას ისახავდა „მეგრელთა საქმე“ საბოლოო მიზნად?  სურდა თუ არა რუსეთის მეპატრონეს საბოლოოდ ლ. ბერიას ჩამოცილება და რატომ?  რატომ გაუჩნდა ეჭვები ბერიას მიმართ? ჰქონდა თუ არა დაეჭვებისათვის მიზეზები? მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნის ლიდერს რატომ უნდა დაპირისპირებოდნენ მისივე შექმნილი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები და თანაც რომელ სახელმწიფოზე უნდა ჰქონოდათ გათვლა, თურქეთზე?

 

ეს ხომ უაღრესად არადამაჯერებელი და არალოგიკური იქნებოდა თავად სტალინისთვის? და ა. შ.

 

სხვადასხვა ავტორთა მიერ მაღალ მეცნიერულ დონეზეა შესწავლილი და ნაშრომში გადმოცემული ზუგდიდის სოფლების ისტორია; დემოგრაფიული ვითარება; გვარები და გვართდასახლებანი; მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება; ზუგდიდის ეკონომიკური განვითარება;  განათლება და მეცნიერება;  კულტურა; ისტორიული ძეგლები; მასმედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები; ეკლესიები. ნაშრომში უხვადაა ფოტოილუსტრაციები.

 

წიგნი, როგორც აღვნიშნეთ იმიტომაცაა უაღრესად საინტერესო, რომ იგი გათვლილია მომავალზე და აქტიურად ეხმაურება 21-ე საუკუნეში ქართველთა საკეთებ სახელმწიფოებრივ საქმეებს.

 

ეს რომ ასეა ამას ადასტურებს მისი ფინალური ანუ მე-14 თავი: „ზუგდიდის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“, რომელიც დაწერილია თვალსაჩინო მეცნიერისა და ნამდვილი პროფესიონალის ნოდარ ჭითანავას მიერ -კაცის, რომელსაც ისტორიამ არგუნა ყოფილიყო ქვეყნის მთა-რობის თავნჯდომარე უაღრესად მძიმე დროს. სახელდობრ, მაშინ, როდე¬აც ინგრეოდა ძველი და საფუძველი ეყრებოდა ახალს.

 

ამიტომაცაა, რომ მას, როგორც გამოცდილ სახელმწიფო მოღვაწეს ზუგდიდის წარსული და თანამედროვეობა მკაფიოდ აქვს გააზრებული  საქართველოს წარსულის, აწმყოსა მომავლის ერთიანობასთან  მჭიდრო კავშირში.

 

აქედან გამომდინარე პრაგმატულად მოაზროვნე  დიდი პრაქტიკოსი  სავსებით სწორად და მართებულად ასკვნის: „ეროვნული განვითარების პროცესი დროთა ურთიერთგანპირებულობის მაღალი ხარისხით, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად უნდა წარიმართოს. წარსულისა და დღევანდელობის სწორად გააზრება და მის საფუძველზე მომავლის შეუმცდარად განსაზღვრა თავად არის განვითარების სტრატეგიული რესურსი“.

 

ნოდარ ჭითანავას ღრმად აქვს გააზრებული საქართველოს წინაშე გადასაწყვეტად მდგომი მძიმე პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანები და ამ თვალთახედვიდან გამომდინარე გადმოგვცემს საკუთარ მოსაზრებებს თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხზე.

 

მსჯელობს რა ქვეყნის მომავალზე იგი მკაფიოდ განმარტავს: „რეგიონის განვითარების დინამიზმს განსაზღვრავს საერთო-სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ეროვნულ ინტერესებს მორგებული განვითარების (მოდერნიზაციის) ერთიანი მოდელი“.

 

გამოცდილი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ნიადაგზე მდგომი სახელმწიფო მოღვაწე ნოდარ ჭითანავა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ეროვნული მოძრაობის და მისი ლიდერის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სათავეში მოსვლაში, იცნობს რა ქვეყნის მართვის ფორმებსა და მეთოდებს გადაჭრით აცხადებს: საქართველომ უარი უნდა თქვას გარედან თავს-მოხვეულ სტერეოტიპებზე. ქვეყანას მისი აზრით უნდა ჰქონდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკუთარი მოდელი. ბ-ნი ნოდარი ნაშრომში გვთავაზობს ამ მოდელებს, რომლებიც ორიგინალურობით და ახლებური ხედვებით გამოირჩევა.

 

საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ, ნაშრომის ავტორთა პათოსი სრულიად ეხმაურება  წიგნის გარეკანზე გამოტანილ ილიას სიტყვებს: „სამეგრელო იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდებოდა. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა და ეგრე დარჩება მომავალში“.

 

ამ შესანიშნავი წიგნის მომზადებისა და გამოცემისათვის მადლიერებას იმსახურებენ წიგნის იდეის ავტორი, აწ განსვენებული ვახტანგ კვარაცხელია, პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, ცნობილი ქართველი პატრიოტები, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები: საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ ფაცაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბონდო ჯიქია, საქვეყნოდ ცნობილი მკურნალი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, გამოჩენილი ეკონომისტი, აკადემიკოსი ლეო ჩიქავა, ბატონები იური გუგუჩია, მურმან ნაჭყებია, ვალიკო (კუკური) როგავა, რევაზ ცაავა, თამაზ ცანავა, თენგიზ შანავა. რედაქტორთა საბჭო: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გონელი არახამია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტიტე მოსია და ნაშრომზე რუდუნებით მომუშავე  ის 200 პიროვნება......

 

დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივით შექმნილი და გამოცემული წიგნი: „ზუგდიდი. წარსული და თანამედროვეობა“ უმნიშვნელოვანესი შენაძენია არა მარტო  ქართული მეცნიერების, არამედ,  სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებით დაინტერესებული მოხელეებისა და ცალკეულ პირთათვის. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: