სოსო ცინცაძე: ივანიშვილის წერილობითი დოკუმენტი პოპულიზმი კი არა, დემაგოგიის უმაღლესი სტადია იქნება!

სოსო ცინცაძე: ივანიშვილის წერილობითი დოკუმენტი პოპულიზმი კი არა, დემაგოგიის უმაღლესი სტადია იქნება!

ქართული ოცნებისყრილობის პერიპეტიებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აფასებს

 

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ “ქართული ოცნების “ გუშინწინდელ ყრილობასა  და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ერთ კვირაში ახალი 4-წლიანი სამოქმედო გეგმის  წერილობითი დოკუმენტის სახით გამოქვეყნების შესახებ?

 

-ჩემთვის ყრილობაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის წერილობითი დოკუმენტი იქნება, რომელშიც გაცხადდება ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებაც, იქნება დაპირებაც და ა. შ. გუშინდელი ყრილობა კი გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი, რადგან, პოლიტიკური პარტიის ნახევარსაათიანი ყრილობა, თანაც არჩევნების წინ, კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაში უჩვეულოა!

 

ვერ გავიგე: რა საჭირო იყო 8 000 კაცის შეკრება და ფულის დახარჯვა მათ ჩამოყვანაზე რეგიონებიდან დროშების საქნევად და ტაშის დაკვრის რეპეტიციისთვის?

 

არ ვიცნობ არც ერთ ახალ წევრს, თუმცა  ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა - აი, მაგალითად, “ქართული ოცნება“  ამბობს, ახალი სახეები წარვადგინეთო - ახალი სახე მინდა პოლიტიკაში და არა ხალხის ცნობიერებაში. ახალი სახე ხალხისთვის უცნობი კი არ უნდა იყოს, ხალხი უნდა იცნობდეს მათ - პოლიტიკაში რომ მივლენ, იქ უნდა იქცნენ ახალ სახეებად. ამერიკიდან თუ ჩამოიყვანენ ვიღაცას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ახალი სახეა, ის უცნობია!

 

ძალიან ბევრი კითხვა დაბადა “ქართული ოცნების“  გუშინდელმა ყრილობამ. მაგალითად, კვირიკაშვილმა თქვა, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც მხოლოდ ნატო თუ გადაგვარჩენსო! რას ნიშნავს ეს, ნატოში ჩვენი შესვლა მხოლოდ იმითაა გამართლებული, რომ საქართველოში ვცხოვრობთ? ამ რეგიონში რომ არ იყოს რუსეთი, ევროპული ფასეულობა და ღირებულება არ გვჭირდება? (თვითონ დაწერა თუ ვინ დაუწერა  ეს ფრაზა, რომელიც დიდ კითხვად ბადებს!)

 

4 წლის წინ მე მინახავს ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წერილობითი დოკუმენტი, საიდანაც არაფერი შესრულებულა, თუმცა მან ისიც კი გვითხრა, რომ რაც დაგპირდით, იმაზე მეტი შევასრულეო! რას გულისხმობს შესრულებაში, არ ვიცი. ახლა  ალბათ გვეტყვის, კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი მიზანია უკეთ ვიცხოვროთო!

 

  ეს უკვე პოპულიზმი კი არა, დემაგოგიის უმაღლესი სტადია იქნება.

 

 

            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: