პროვოკატორები და განგსტერები!
საზოგადოებისგან (მნიშვნელოვან ნაწილს ვგულისხმობ, თორემ, ერთეულებისგან საღი შეფასება მოვისმინეთ) არააქეკვატური, „ხბოს აღტაცებამდე“ დასული შეფასება მიეცა გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში დატრიალებულ სამარცხვინო „ორთაბრძოლას“, რომელმაც ხელისუფლების არა მარტო უუნარობა, არამედ, სრული უპასუხისმგებლობაც გამოავლინა!
დიახ, „ნაციონალების“ მხრიდან წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას ხელისუფლებამ „მუსკულები“ დაახვედრა და სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა!..
ის, ვინც ფიქრობს, ან ხმამაღლა ამბობს, რომ გუშინ ზუგდიდში მეგრელებმა „ღირსება“ დაიბრუნეს, ან საერთოდ მოკლებულია საღი აზროვნების უნარს, ან პირწავარდნილი ავანტიურისტია!
ჯერ ერთი, ნავარჯიშევი, მუსკულებიანი სპორტსმენების მეგრელებთან გაიგივება რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობაა, მეორეც, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინდელი „რეპეტიციით“ გაგვაფრთხილა, რომ კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები პროვოკაციების, ხელების გადაგრეხვის, ტოტალური უწესრიგობების და ქუჩური გარჩევების (რომელმაც გუშინ ლინჩის წესით გასამართლების იმიტაცია შექმნა) გარეშე არ ჩაივლის, თუ, რ თქმა უნდა, არჩევნებამდე მშვიდობიანად მივედით!
ვეთანხმები იმ აზრს, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელი „განგსტერომანია“ ტყუპისცალივით ჰგავდა „ნაციონალურ“ ხელწერას, რომლის მიღმა ჯოჯოხეთურ წარსულში დაბრუნება იკითხება!..
მართალია, კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების მიერ დემონსტრირებული ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა, მაგრამ, უფრო საშიშია ამ სადისტურ-მაზოხისტური ვაკხანალიით გამოწვეული აღტაცება, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მალავს და რაც წინა რეჟიმის ოდიოზური ფიგურების ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნილებას წააგავს!..
ლინჩის წესით გასამართლების პრაქტიკას არც ერთ ეპოქაში, არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია სიკეთე, XXI-ე საუკუნეში საქართველოს რომ მოუტანოს!
მაშ, რატომ ვახალისებთ ამ სიძულვილის მანქანას, რომელსაც შეუძლია ერი არა მარტო დაასუსტოს და კაციჭამიებს დაამგვანოს, არამედ, მოურჩენელი იარა დატოვოს ყველა მისთვის დამანგრეველი შედეგებით!!!
ვინც მეგრელების გამბედაობაზე (არადა, ამ სამარცხვინო ბალ-მასკარადში მეგრელებს მონაწილეობა არც მიუღიათ) აღტაცებით საუბრობს, ის არა მარტო სამეგრელოს, არამედ საქართველოს დაუძინებელი მტერია.
თუმცა, ყველაზე დიდი მტერია დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც ეს ავანტიურა არათუ აიცილა თავიდან, არამედ, თვითონვე დაგეგმა და „ნაციონალური“ სიმპტომები კიდევ ერთხელ შეგვახსენა.
არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც სამართლიანობის დამკვიდრების ნოტაზე მოვიდა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც დამნაშავეების დასჯას, დანაშაულებრივი სისტემის დემონტაჟს დაგვპირდა, მაგრამ ყველა დაპირება თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას გადააყოლა (თუმცა, ესეც დიდი თამაშის პატარა ნაწილია).
გუშინდელი პროვოკაცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ან საერთოდ გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან, ან კიდევ ერთხელ იმის იმიტაციას აკეთებს, რომ „ნაციონალები“ დღესაც ყველაფერზე წამსვლელები არიან და თუ ყურადღებას მოვადუნებთ და ხელისუფლებას მხარს არ დავუჭერთ, 9-წლიანი ჯოჯოხეთი ისევ დაგვიბრუნდება.
„ნაციონალები“ რომ პროვოკატორები არიან, ამას ჩემი დასტური არც სჭირდება, მაგრამ, არც ის არის საკამათო, რომ გუშინ განგსტერის როლში ხელისუფლება მოგვევლინა.
ზაურ ნაჭყებია