ჩვენი ინიციატივა სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს!

ჩვენი ინიციატივა სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს!

მიმართვა

 

წინამდებარე მიმართვა-რეკომენდაცია „ივერიონს“ საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიიდან გამოუგზავნეს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე ვაქვეყნებთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.

 

ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა ყურადღებით მოეკიდება ამ მეტად საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს ვიცე-პრემიერ,ეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისმინისტრ 

ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ ვახტანგ აბაშიძეს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი ქაშიბაძეს

 

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს ეკონომიკის დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჩვენი აკადემიის აკადემიკოსის რატი აბულაძის მოხსენება თემაზე: „ელექტრონული ბიზნესის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“.

 

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია აკადემიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა შინაარსიანი დისკუსია. ბიზნესის განვითარების თანამედროვე ეტაპისთვის ამ უაღრესად საინტერესო მიმართულების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვეს ცნობილმა მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა.

 

სხდომის მონაწილეების მოსაზრებით, საქართველოს პირობებში, ელექტრონული ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბიზნესის ეს ახალი მიმართულება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ მხარდაჭერას და დახმარებას.

 

აღნიშნული პრობლემების გარკვეულწილად შემსუბუქების მიზნით, აკადემიის კრებამ მიიღო შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც გიგზავნით და იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამის სამსახურებში მოხდება მათი განხილვა.

 

რეკომენდაციების სახით გთავაზობთ:

 

1. საქართველოში ელექტრონული ბიზნესი საჭიროებს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკის და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში, ჩართული უნდა იქნენ ქართველი მეცნიერ-მკვლევარები, გათვალისწინებული იქნეს მათი შრომები. მაგალითად, „საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია“;

 

2.ინტერნეტ-კომპანიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, საჭიროა მწარმოებლური ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა. აუცილებელია ციფრული უსაფრთხოების სფეროს ბიზნეს გარემოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის ხელშეწყობა;

 

3.სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ფოკუსირება ინტერნეტ-ბაზარზე. სტიმულირების კონკრეტული პროგრამების გათვალისწინებით ქართული ინტერნეტ-კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გამოყენების და ზრდის ხელშეწყობა;4.      ინტერნეტ-გარემოს კვლევის საფუძველზე საჭიროდ მიგვაჩნია შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ონლაინ კომერციის განვითარებას;

 

5.ინტერნეტ-ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის საფუძველზე კიბერპატრულისა და კიბერარმიის სტრუქტურების ფორმირება, სტანდარტებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

 

6.უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში უკვე შემუშავებული ელექტრონული ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

 

7.„საზოგადოებრივი კომისიის“ შექმნა (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო უწყებების თანაბარუფლებიანი მონაწილეობით), რომელიც განახორციელებს ელექტრონული მმართველობითი პროცესების მონიტორინგს, ინფორმაციული გარემოს კონტროლს და პერსონალური მონაცემთა დაცვის აუდიტს;

 

აღნიშნული რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიზნით, ნებისმიერ დროს  ვართ მზად ჩვენი მდიდარი სამეცნიერო რესურსით სახელმწიფოსთან თანამშრომლობისათვის.

 

უღრმესი პატივისცემით,

პროფესორი თეიმურაზ ბაბუნაშვილი

 

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე


 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: