დავით ფერაძე: ბატონო მინისტრო, „მისართმევი გომბეშო“ უნდა დაინახოთ!
ღია წერილი განათლების მინისტრს, ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავას
ბატონო მინისტრო,
მოდად ქცეული ღია მიმართვების მიუხედავად, ამ ფორმით ურთიერთობა, ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევს საზოგადოებას, რადგან, ვხედავთ, თუ რაოდენ შორს ვართ ნამდვილი დემოკრატიისაგან,რაოდენ დიდია უფსკრული ხალხსა და ბიუროკრატიას შორის!
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, დროებითი ძალაუფლების „სავანეში“ გადაბარგებულები კომუნიკაციის უნარს იხშობენ. ვერ მოვერიეთ ამ ქართულ „პატარაკაცურ“ სინდრომს!
ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ უკვე მოასწარით და მძიმე დარტყმა მიაყენეთ საკუთარ იმიჯს და ავტორიტეტს. თქვენ ჯერ-ჯერობით ვერ შეძელით დიალოგი ჩვენთან, რაც უპირველესად თავადვე გჭირდებოდათ.
ჩვენ მივიღეთ ფასადური - მხოლოდ უწყების პირველი პირის ცვლილება. არადა, გქონდათ შანსი ერთი ხელის მოსმით გამხდარიყავით სასკოლო საზოგადოების სასურველი და პოპულარული მინისტრი, თუ სამინისტროს გაწმენდდით დამნაშავე ჩინოვნიკებისგან.
უპირველესად, კი, თქვენ უნდა გაგეძევებინათ საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ოდეერი - ალექსანდრე ონოფრიშვილი. ჩვენ მხოლოდ ექსმინისტრში არ ვხედავდით პრობლემას, არც მის გარეგნობას ვიწუნებდით. ჩვენ სისტემურ ცვლილებებს ველოდით. თუ არადა, რა აზრი ჰქონდა თქვენს გამინისტრებას ან საზოგადოებისთვის, ან მმართველი გუნდისთვის, თუკი ისედაც ხელჩაქნეულ საზოგადოებას უფრო მტრულად განაწყობდით?
დამნაშავე ხროვის პოსტებზე დატოვება ამად გიღირთ? ნუთუ, სიტუაციის ტყვე ბრძანდებით?!
ბრძანებთ, რომ ბავშვების და მასწავლებლის მოტივაციისთვის, სასწრაფოდ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, და რომ მხოლოდ მატერიალური კი არა, ადამიანური მოტივაციაც მნიშვნელოვანიაო...
როდის, ან ვისი დახმარებით აპირებთ სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას, სანიკიძის დამნაშავე ხელქვეითების მეშვეობით?! ისინი ხომ თავად არიან პრობლემის წყაროები?!
თქვენ დაგხვდათ რეალობა: სასკოლო სეგმენტში ერთმხრივ მოტივირებული და პროფესიონალი მასწავლებლები, დირექტორები, რომლებიც თქვენმა წინამორბედმა დანაშაულებრივად გარეკა სისტემიდან, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნა სიტუაცია, რათა მოქმედმა პროფესიონალებმა იძულებით დატოვონ სკოლა. თქვენ არ ცდილობთ მათ აღდგენას?!
უკვე უარი ხომ არ თქვით დიალოგის რეჟიმზე, რითაც გვაგრძნობინეთ, რომ კვლავ სანიკიძის მეთოდებით გსურთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთობა?
ან, არადა ხომ არ ხუჭავთ თვალებს და უარს ამბობთ აღიაროთ ეს ცენტრი ერთადერთი ოპონენტ ძალად, რომელიც, თუ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამთ, უთუოდ შეგიქმნით დისკომფორტს?
ეს რეალობაა, ბატონო მინისტრო! ჩვენ ხელშესახებად ვარსებობთ და ვართ თავგანწირული! დაინახეთ ეს! ესეც „მისართმევი გომბეშოა“!
ვაღიარებთ და მიხარია კიდეც, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ავტორიტეტი, მაგრამ არა ისეთი, როგორც რამდენიმე დღის წინ გქონდათ. თუ კიდევ გაუფრთხილდებით დამნაშავეთა ბანდას, უფრო შემოგადნებათ ხელში ეგ ავტორიტეტი! გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო!
თქვენ ამბობთ, ადამიანური მოტივაცია საჭიროო და ამ დროს არ გველაპარაკებით, პედაგოგებს, მათ დამცველებს. თქვენ ადგილზე ტოვებთ ნეპოტისტური გზით სკოლაში დანიშნულ ე.წ. დირექტორებს, რომლებმაც უკვე ბევრის დაშავება მოასწრეს, თქვენ ამბობთ დასახვეწია სქემებიო. არადა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ამჟამად მოქმედი სქემა არის არა დასახვეწი, არამედ საერთოდ გასაუქმებელი, რადგან სინამდვილეში ის გახლავთ განათლების მუხრუჭი, მან შექმნა კორუფცია-ნეპოტიზმის უკიდეგანო შესაძლებლობა და არაერთი უკვე ხელს ითბობს მასზე! პედაგოგთა უდიდესი უმრავლესობის არგუმენტირებული ნებაა - გაუქმდეს ეს აბსურდი!
თუ თქვენ გიძნელდებათ სამინისტროს ბიუროკრატიულ აპარატში თავმოყრილი გამყალბებელების, კორუმპირებულების, პრემია-დანამატების მყლაპავი დამნაშავეების შელევა, ეს ისევ თქვენს სახელისუფლებო გუნდს გაურთულებს საქმეს წინასაარჩევნოდ. ჩვენ ექსმინისტრ სანიკიძესთან საკმაოდ ლმობიერად დავიწყეთ ურთიერთობა. მან აირჩია კონფრონტაცია და ბრძოლა ჩვენთან. ჩვენ მივაღწიეთ მის მოშორებას სისტემიდან, ის „დაგვემშვიდობა“ უკიდურესად შელახული ავტორიტეტით!
ბატონო მინისტრო, არ გვინდოდა კვლავ „ფრონტი“, მაგრამ სხვა გზა არ არის: ჩვენ შემოგთავაზეთ დიალოგიც. თქვენგან არ ჩანს კომპრომისი. მაინც, ვიძლევით მცირე ვადას სისტემის გაწმენდისთვის. ცოტა ხანში ჩვენი ცენტრის წევრი დადებს ახალ ანალიტიკურ კვლევას. ამ კვირის ბოლომდე თუ სისტემაში დარჩება ონოფრიშვილი და ჩვენს მიერ მხილებული პოლიტიკური განგსტერიის შემოქმედები, მაშინ, იძულებული ვიქნებით განვაახლოთ პროტესტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ჩვენ სათუოს გავხდით სასწავლო წლის განახლების შესაძლებლობას. თქვენი გადასაწყვეტია, ხსენებული პირებისთვის პოსტის შენარჩუნება და ჩვენთან კონფლიქტში შესვლა, თან წინასაარჩევნოდ, გიღირთ თუ არა ამ ფასად!
დავით ფერაძე,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი