ლაფანყურის სპეცოპერაცია - „ნაციონალების“ სისხლიანი და „ოცნების“ მავნებლური ხელწერა!
ქართული “პოლიტელიტა” ჭირს კი მალავს, მაგრამ ჭირი საკუთარ თავს არ მალავს! თურქეთში მომხდარმა ტერაქტმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა 2012 წლის ლაფანყურის მოვლენები. დაგვაფიქრა ვინ მართავდა და მართავს საქართველოს და მათ ხელში რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა!
ოთხი წელია, ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია (ისევე, როგორც სხვა მრავალი თემა) „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ წარმომადგენელთა შორის ურთიერთბრალდებების საგანია. თითოეული მათგანი თავისი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგვიჩენს მოვლენებს - დუმან იმაზე, რაც არ აწყობთ, ამბობენ ნახევარსიმართლეს, ერთმანეთს უკიჟინებენ ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვებასა თუ აგენტად გამოყენებას და “უსიტყვო შეთანხმებით” მალავენ უფრო მნიშვნელოვანს (სახელმწიფოებრივს), რაც საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობაცაა...
სამწუხაროდ, მათ კვლავაც უნდათ ვიფიქროთ, რომ ეს თემა ქართველი ხალხისთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენს და არავინ იცის, ახმედ ჩატაევისა და სხვა ფიგურანტების ავან-ჩავანი თავისი პიკანტური დეტალებით: სად და ვისი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდნენ, გადაადგილდებოდნენ, ემზადებოდნენ. ამიტომ მათი განცხადებები ერთდროულად სასაცილო, სამწუხარო, ამაზრზენი და სახელმწიფოსთვის საშიშია.
მმართველობის სათავეში მდგომი ადამიანები სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფით და დამნაშავეთა დაფარვით სჩადიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ამის გამო მათ უწევთ უამრავი ტყუილის თქმა და გამოძიების დაწყების ნაცვლად ამ ყველაფრის სატელევიზიო თუ საპარლამენტო ტრიბუნებზე სადებატოდ გადატანა, რაც მხოლოდ სიტყვების რახარუხით გამოიხატება.
„ნაციონალებთან“ მიმართებაში ყველაფერი გასაგებია და ნათელია - მათი ქმედებები შეაფასა ქართულმა საზოგადოებამ.
“ოცნების” ხელისუფლებამ პასუხი უნდა გაგვცეს კითხვაზე, რატომ არ ხდება სისხლიანი სპეცოპერაციის გამოძიება? სახელმწიფოს სახელით ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა გამოძიების გარეშეა დარჩენილი!
ხელისუფლების წარმომადგენლები თვალში ნაცარს გვაყრიან, როცა საუბრობენ: თუ როგორ არ უნდოდა თეა წულუკიანს ჩატაევის ციხიდან გამოშვება; ჩატაევმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და იმიტომ გაათავისუფლეს;
სესიაშვილის ვირეშმაკობა, როცა ჩატაევის გათავისუფლების და ქვეყნიდან გაშვების გასამართლებლად, ცალ-ცალკე განიხილავს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის და სასამართლოს ინტერესებს და ამას მათი დამოუკიდებლობით ხსნის და ა.შ.
სახელმწიფო მმართველობის არც ერთი რგოლიდან რეაგირება არ ხდება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვან თემებზე:
_ რა მიზანი ჰქონდა ჩეჩენი და ქისტი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული შეიარაღებული ჯგუფების მობილიზებას საქართველოს ტერიტორიაზე.
_ რა დაუჯდა სახელმწიფოს მათი თავმოყრა, გაწვრთნა, აღჭურვა და ა.შ.
_ თუკი იცი (თვითონაც აღიარეს) ქართული სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ ლოპოტას ხეობაში ხდებოდა მებრძოლების მობილიზება, მომზადება და მათი დისლოკაციის ადგილების მონიშვნა, ხომ არ იყო აღნიშნული სპეცოპერაცია დაგეგმილი საქართველოს ძალოვანთა მაღალ ეშელონებში რუსეთის დაზვერვის სამსახურის მიერ ჩანერგილი თუ გადაბირებული პერსონების საშუალებით?!
_ რა გზით და ვისი დახმარებით დატოვა საქართველოს ტერიტორია ამ ჯგუფების გადარჩენილმა წევრებმა (სავარაუდოდ, ასამდე ადამიანმა), ვინ უზრუნველყო მათ მიერ საზღვრის გადაკვეთა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მონაცემების გაყალბება?!
_ დღევანდელ ძალოვან სტრუქტურებში არიან თუ არა ამ დანაშაულში მონაწილე მაღალჩინოსნები და არიან თუ არა ისინი დაწინაურებულნი?!
_ აცხადებ, რომ ჩატაევი იყო აგენტი, სამსახურეობრივი პასპორტით დადიოდა (თან სახელმწიფოსგან ხელფასს იღებდა), დაპატიმრების შემდგომ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან (არ “ჩაუშვა” სააკაშვილი) რა ლოგიკაში ჯდება მისი გათავისუფლება სააკაშვილის პროკურატურის მიერ აღძრული საქმის სისუსტის მოტივით.
_რატომ არ გახდა შესაბამისი უწყებების სამსჯელო აგენტი და ტერორისტი ჩატაევის დამცველი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების (ვისკენაც დღეს ხელს იშვერ, მით უმეტეს, დღევანდელი სახალხო დამცველის) ქმედებები ან კიდევ რას უნდა ველოდოთ მათგან?!
_ შესასწავლია რუსული სპეცსამსახურების როლი და ინტერესი ოპერაციაში.
_ თუ დავფიქრებულვართ, რომ ჩატაევის გათავისუფლებას მოყვებოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს კომპრომეტირება (თან ტელეეთერით ახმოვანებ, რომ ბევრი ფაქტი გამოძიებისთვის ცნობილია).
_ ოპერაციის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები (ჩოხელი, წიკლაური, ხვედელიძე) იყვნენ თუ არა ამ ჯგუფის ინსტრუქტორები, ან ჩატაევთან ერთად მოლაპარაკების პროცესში ჩართული?
_ მათი ლიკვიდაციაც მიზანმიმართულად ხომ არ მოხდა, რადგან მებრძოლთა ღირსების კოდექსზე დაყრდნობით, თავიანთ გაწვრთნილთა ლიკვიდაციას არ ეთანხმებოდნენ ჩატაევის მსგავსად?!
სხვა მრავალ საკითხზე ახლა ყურადღებას არ გავამახვილებთ. საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობამ ყველაფერი იცის და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ დროთა განმავლობაში კითხვებიც ნაკლები გაჩნდება, ეს თემა კი არააქტუალური გახდება და დავიწყებას მიეცემა.
დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს გამოააშკარავოს ქართული სპეცსამსახურების დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულობის უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბები. ამ მიზეზით არ ხდება სხვა დანაშაულთა გამოძიებაც.
გამოძიების ეფექტურობას ხელს უშლის ე.წ. კოჰაბიტაცია დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებთან და მათი სისტემის მსხვერპლად გამოცხადება, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - „ნაციონალური“ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ოცნებაც პასუხისმგებელია, როგორც საქართველოს, ასევე მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე, იმისათვის, რომ ეს მებრძოლები დღეს კაცობრიობის მთავარი მოწინააღმდეგის - „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ იბრძვიან და ხშირად ლიდერებადაც გვევლინებიან.
დიახ, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოუძიებლობა ხელისუფლების არა მხოლოდ უნიათობაზე, არამედ მავნებლობაში თანამონაწილეობაზე მოგვანიშნებს, რაც ბევრად უფრო უარესია!
„სახალხო პარტია“