რატომ დავჩაგრეთ გიგი?!

რატომ დავჩაგრეთ გიგი?!

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს. კონკურენტმა სულ რამდენიმე ხმით მოუგო. მავანთა აზრით, ეს სწორედ ის ხმებია, წერეთელს საქართველოსგან რომ დააკლდა...

ბევრი პირს იხოკავს და დაბეჯითებით „ამტკიცებს“, რომ საქართველოს ხელისუფლებამ (ვამბობთ ხელისუფლება და იგულისხმება „ქართული ოცნება“) ამით საბედისწერო შეცდომა დაუშვა (მეტიც, მათი აზრით, საქვეყნოდ მოიჭრა თავი) და ხელიდან გაუშვა შანსი - საქართველო ერთხელ მაინც ყოფილიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სახელმწიფო!

მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს  მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს გარდა შეშფოთება-აღშფოთებისა, არანაირი ხეირი არ მოუტანიათ საქართველოსთვის, თეორიულად მაინც შეიძლებოდა ეს შანსი არ გაგვეშვა ხელიდან და ამით „გვეამაყა“ კიდეც, მაგრამ... არსებობს რამდენიმე „მაგრამ“, რომელსაც დღევანდელმა ხელისუფლებამაც ანგარიში გაუწია!

განსაკუთრებით ორ ფაქტორს გამოვყოფ: წინასაარჩევნო მარათონი და „ნაციონალური“ რეჟიმის არაადამიანური მსხვერპლის - სულხან მოლაშვილის გარდაცვალება (სხვათაშორის, კენჭისყრაც მის დაკრძალვას დაემთხვა).

რომ არა ეს ორი ფაქტორი, გიგი წერეთლის გაპრეზიდენტებას წინ არაფერი დაუდგებოდა და ამას ადვილად „გადაგვაყლაპინებდნენ“ (საერთაშორისო „აღიარებად“ მოინათლებოდა) კიდეც!

დიახ, ამ ეტაპზე ხელისუფლებამ ვა-ბანკზე წასვლას თავი აარიდა და ეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის „ნაციონალებისადმი“ აგრესიული განწყობით ახსნა.

ლოგიკურად ისმება კითხვა: რამდენად სწორად მოიქცა ხელისუფლება, როცა უარი თქვა „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერის საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერაზე და მხარდაჭერის შემთხვევაში რას მოუტანდა იგი „ქართულ ოცნებას“ და ზოგადად საქართველოს?!

მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელი არ არის ოდიოზური ფიგურა, მითუმეტეს, იგი არ მოიაზრება „ნაცჯალათთა“ რიგებში, მისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა ავტომატურად ნიშნავდა „ნაციონალური“ რეჟიმის სრულ რეაბილიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, მეტიც, ეს ნიშნავდა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ!

მე უბრალოდ არ მესმის იმ ადამიანების (არ ვგულისხმობ „ნაცმოძის“ მამალ მხარდამჭერებს), ვინც ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს  და ამაშიც რუსულ კვალს ხედავს - გიგი წერეთლის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააღრმავებდა სულხან მოლაშვილის ნაადრევი გარდაცვალებით გამოწვეულ აგრესიას და ხელისუფლება ამას მოერიდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ფონზე თავისი გადაწყვეტილების აუცილებლობის ახსნაც არ გაუჭირდება!

კიდევ ვიმეორებ: გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა „ნაცმოძრაობისთვის“ იქნებოდა არამარტო „ჯავშანი“ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ, გაორებული („ოცნებაზე“ იმედგაცრუებული) საზოგადოების გარკვეული ნაწილის გადაბირების (შიდა რეაბილიტაციის) საუკეთესო საშუალება...

ამჯერად გადავრჩით!

იმათ გასაგონად, ვინც წერეთლის არარჩევას საქართველოს დამარცხებად თვლის, შევახსენებ: „ნაცმოძრაობის“ მიერ საერთაშორისო არენაზე წარმოდგენილი საქართველო ვერასდროს მიიღებს იმ დივიდენდებს, რომელიც მას რეალურად სჭირდება!

მეორეც, ასეთ ფორმალურ გაერთიანებებს არანაირი ხეირი არ  მოუტანიათ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მას სახელმწიფოს ღირსება შეეწიროს!!!

 


საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: