როგორ გვძარცვავს და როგორ „ასუქებს“ დღევანდელ მერიასაც „სი-ტი პარკი!“
მოქალაქე თბილისის მერიისა და „სი-ტი პარკის“ წინააღმდეგ
30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ კახნიაშვილის მიერ მერიისა და შსპ „სი-ტი პარკის“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პირველად შპს „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი 2009 წლის ბოლოს გავასაჩივრე. აღმოჩდა, რომ კანონმდებლობით არ იყო გარკეული10 - დღიან ვადაში ვისთვის უნდა მიგემართა... სასწრაფოდ, ეს ფუნქცია თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურს დაეკისრა. ცხადია, „ბიზნესპარტნიორს“ მტყუანს რატომ გამოიყვანდნენ...
„ნაციონალების“ მიერ დაკომპლექტებულმა სასამართლომაც უარი მითხრა სრულიად უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გაუქმებაზე. საგაზეთო პუბლიკაციით შევეცადე პრობლემისადმი საზოგადოებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობას, თუმცა, რეაგირება ამასაც არ მოჰყოლია.
როდესაც, დედალაქის მერის შეცვლის შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში პოლიტიკოსებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა ხმა აიმაღლეს შპს „სი-ტი პარკის“ თვითნებობის წინააღმდეგ, გადავწყვიტე გვერდში დავდგომოდი. იმედი მქონდა, საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვებოდა და ერთიანი ძალისხმევით ავტომობილების დგომა-გაჩერების სფეროში მაინც აღვადგენდით „სამართლიანობას“.
მედიასაშუალებებით მოვუწოდე მძღოლებს - აღარ გადაეხადათ ე. წ. პარკირების საფასური, ხოლო, საცხოვრებელ ადგილზე მიღებული საჯარიმო ქვითრები ჯერ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, შემდეგ კი,თბილისის საქალაქო სასამართლოში გაესაჩივრებინათ, რაც ადმინისტრაციული დავების განმხილველი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევდა! გარდა ამისა, საჭირო იყო მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა, რაც ხელისუფლებას აიძულებდა წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა და აღეკვეთა პარკირების სფეროში არსებული განუკითხაობა...
პარტია „თავისუფალი საქართველოს” მესვეურები მძღოლების უფლებების დასაცავად აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ და თბილისის მერიის მიერ „სი-ტი პარკის“ ინტერესებში უკანონოდ განთავსებული საგზაო ნიშნების დემონტაჟი დაიწყეს, ხოლო საკრებულის მაჟორიტარი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ინიციატივით 2015 წლის აპრილში 100-მდე თბილისელი მერიასთან შეიკრიბა და „სი-ტი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.
ვინაიდან, მერიის მესვეურთა მხრიდან რეაგირება არ მომხდარა და მხოლოდ „სი-ტი პარკთან“ მოლაპარაკებების დაწყების დაპირება მივიღეთ, გადაწყდა მასშტაბური საპროტესტო აქციები რეგულარულად გამართულიყო - მერიის მაღალჩინოსნებისთვის უნდა შეგვეხსენებინა, რომ მოქალაქეები ხელფასს ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ვუხდით და არა „პერსონალური“ კაბინეტების მოსაწყობად და ახლობლების დასასაქმებლად.
მორიგი აქცია 2015 წლის 5 მაისს 5 საათზე დაიგეგმა. აქციის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიებითაც გავრცელდა და გაზეთებითაც.
„ალიამ“ 5 მაისის ნომრის გარეკანზე მოუწოდა თბილისელებს 5 საათზე პარლამენტის წინ შეკრებილიყვნენ. ავტომობილებს რუსთაველის გამზირზე უნდა ემოძრავათ და 5 წუთის განმავლობაში ჩართული მაშუქებით და ხმოვანი სიგნალებით მიეპყროთ ხელისუფლების ყურადღება. ამის შემდეგ, ყოველ ხუთშაბათს 5 საათზე 5 წუთით მაინც გავაჩერებდით ავტომობილებს მერიასთანაც, საკრებულოსთანაც, პარლამენტთანაც და თბილისის ცენტრალურ ქუჩებშიც გავაპროტესტებდით პარკირების სფეროში არსებულ განუკითხაობას.
დათქმულ დროს თბილისელი მძღოლების კითხვებზე პასუხის გასაცემად დედაქალაქის მერი თანმხლებ პირებთან ერთად მობრძანდა, თუმცა „სი-ტი პარკის”საქმიანობის მიმართ მხოლოდ რამოდენიმე ათეული მანქანის მძღოლმა გამოხატა პროტესტი სიგნალის მიცემით, ხოლო პარლამენტის წინ მხოლოდ ორი ანტიკვარული მანქანა გაჩერდა...დავით ნარმანიასთან გასაუბრების შემდეგ „აქცია“ დაიშალა...
რამდენიმე თვეში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 1936 წელს გამოშვებული „BMW“-ს მფლობელი, დედაქალაქის კოლორიტი და ღირსეული თბილისელი ვაჟა მინდაძე ინფარქტით გარდაიცვალა, როდესაც გაიგო, რომ მის მეგობარს, 70 წელს მიღწეულ გოგი ფავლენიშვილს საზღვარგარეთული კომპანია „სი-ტი პარკისთვის“ 10 ლარის გადაუხდელობისთვის, აღსრულების „ეროვნულმა“ ბიურომ, ჯერ 180 ლარის გადახდა მოსთხოვა, შემდეგ კი სოლოლაკში საცხოვრებლი ბინა დაუყადაღა...
მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთა და შპს „სი-ტიპარკის” ხელმძღვანელთა ქმედებების სამართლებრივად შესაფასებლად 2015 წლის 2 მარტს მივმართე საქართველოს მთავარ პროკურატურას, წარვუდგინე კონკრეტული მტკიცებულებები (მათ მოძიებაში საკრებულოს წევრი, ბატონი შალვა ოგბაიძე დამეხმარა) და მოვითხოვე კორუფციული (სისტემური)დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაში ბრალეულ პირთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას სავარაუდო დამნაშავებიც დავუსახელე, მხოლოდ ის მაცნობეს, რომ შპს „სი-ტი პარკის“ საქმეზე 2013 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება...
2015 წლის 18 ივნისს ადმნისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო მოვითხოვე თბილისის მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის #23.21.754 დადგენილებისა (არსებითი დარღვევებით ჩატარებული აუქციონის შედეგები დამტკიცდა) და თბილისის მერიასა და შპს „სი-ტიპარკს“ შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე, თბილისის მერიის დავალდებულება განეხორციელებინა ქმედება - თბილისში კანონდარღვევით განთავსებული შპს „სი-ტი პარკის”ფირნიშების დემონტაჟი.
საქმის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა. პირველი მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 4 იანვარს ჩატარდა, ხოლო 10 ივნისს, როგორც იქნა ძირითადი სხდომაც გაიმართა, რომელზეც სასამართლომ ჩემი ძირითადი არგუმენტები განიხილა:
ა) საქართველოს კონსტიტუციამ და ადამიანის უფლებათა ევროპულმა კონვენციამ მოგვანიჭა უფლება დაუბრკოლებლად ვისარგებლოთ საკუთარი ქონებით და თავისუფლად გადავაადგილდეთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო, ამ უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ე.წ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების ინტერესებშია შესაძლებელი;
ბ) ადმინიტრაციულ სამართალდამრღვევად მოქალაქის ცნობა და მის მიმართ სანქციების გამოყენება, მხოლოდ სახელმწიფოს (ანუ, საჯარო მოსამსახურის ან სსიპ-ში დასაქმებულის) კომპეტენციას განეკუთვნება. დაუშვებელია, კერძო სამართლის იურიდიული პირი (მოგების მისაღებად შექმნილი საწარმო) ფიზიკურ პირს (მოქალაქეს) სახელმწიფოს სახელით ან პარლამენტის მიერ განსაზღვრული ნორმის საფუძველზე აჯარიმებდეს;
გ) საქართველოს უზენაესი კანონის თაანხმად სახელმწიფო ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას და საქართველოში აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა. ფაქტია, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირი - შპს ”სი-ტი პარკი” მონოპოლიური საწარმოა, რომელსაც კონკურენტი არ ყავს;
დ) თბილისის მერიასა და შპს ”სი-ტი პარკს” შორის ხელშეკრულება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის ხელმოწერილი. საქართველოს კოსტიტუციის 2007 წლის რედაქციის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე მხოლოდ არჩევნების გზით უნდა გამწესებულიყო. ამასთან, უზენაესი კანონითვე „არავის აქვს უფლება უკანონოდ მოიპოვოს ან მიითვისოს ხელისუფლება”.
2007 წლის 7 ნოემბრამდე მოქალაქე გიგი უგულავა თბილისელებს მერად არ აურჩევიათ. ის „ვარდების რევოლუციის” (ხელისუფლების ძალისმიერი ცვლის!) შემდეგ მიშა სააკაშვილმა კონსტიტუციის დარღვევით (თვითნებურად) დანიშნა.
ამდენად, მოქალაქე უგულავას უფლება არ ჰქონდა თბილისის მერის სახელით მოეწერა ხელი ოფიციალური დოკუმენტებისთვის ან დაედო გარიგებები;
ე) შპს „სი-ტი პარკს” არ შეუსრულებია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. კერძოდ: არ განუხორციელებია ინვესტიციები ავტოსადგომების მოსაწყობად, რიგ ქუჩებზე დაჯარიმებას ახდენს თვითნებურად და ახორციელებს ევაკუაციას იმ ადგილებიდან, რომლებიც არ არის შეთანხმებული მერიის შესაბამის სამსახურებთან, ახდენს ისეთი ავტომობილების დაჯარიმებას და ევაკუაციას, რომლებიც არ აფერხებენ მოძრაობას და არც საფრთხეს უქმნიან მოძრაობის მონაწილეებს. ამასთან, შპს „სი-ტი პარკს” არ დაუმონტაჟებია სპეციალური ავტომატები პარკირების მოსაწესრიგებლად (მაგ., თუნდაც ისეთი, როგორც ბათუმშია), არ იყენებს თვლების ბლოკირების მოწყობილებებს, არ გასცემს პარკირების ერთდღიან უფლებას (თუნდაც ტრანზიტული ავტომობილებისთვის), არ შეაქვს დედაქალაქის ბიუჯეტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები და სხვა;
ვ) შპს „სი-ტი პარკი” არ შეიძლება გვიკრძალავდეს დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილის პარკირებას, ფაქტობრივად, ყოველდღე გვაჯარიმებდეს 10 ლარით და გვემუქრებოდეს მისი ევაკუირებით, თუ 12 საათზე მეტ ხანს დავტოვებთ იმ ადგილზე, სადაც პარკირება ოფიციალურად დაშვებულია. მითუმეტეს, თუ ავტომობილი არ აფერხებს მოძრაობას, საფრთხეს არ უქმნის ფეხით მოსიარულებს ან სხვა სატრანსპორტო საშულებებს, არ ქმნის ავარიულ სიტუაციას და არც რომელიმე სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ხელყოფს;
ზ) დედაქალაქის ცალკეულ გზებზე ავტომობილით გადაადგილების ან სავალ ნაწილზე პარკირებისთვის მოსაკრებლის (საფასურის) დადგენა შეუძლია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანხა მის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს. ამდენად, შპს „სი-ტი პარკის” მიერ მერიასთან შეთანხმებით დაწესებული 50 ლარიანი „პარკირების საფასური” (თავიდან 25 ლარი იყო „დაწესებული“...), ფაქტობრივად, წარმოადგენს თაღლითობის გზით მოქალაქეებისგან მითვისებულ ფულს;
თ) დედაქალაქის ცენტრშიც კი მრავალ ადგილზე სრულიად გაუმართლებლად (და, არცთუ იშვიათად, კანონის დარღვევით...) დგას საგზაო ნიშნები „გაჩერება აკრძალულია”, თუმცა გზის ამ მონაკვეთებზე გაჩერებული ავტომობილები არც სხვა სატრანსპორტო საშუალებებს აფერხებენ და არც ფეხით მოსიარულებს უქმნიან რაიმე პრობლემებს (მაგ., გუდიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც დასვენების დღეებშიც კი ღამის 12 საათამდე „იტაცებენ“ კინოთეატრ „რუსთაველში“ ფილმის საყურებლად შესული მოქალაქეების ავტომობილებს) . ამასთან, არცთუ იშვიათად, შპს „სი-ტი პარკის” ინტერესებში პარკირების ადგილები სრულიად არაგონივრულად და კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ არის არის მოწყობილ-მონიშნული (მაგ., ე. წ. ელივას ბაზრობის მიმდებარედ);
ი) საგზაო მოძრაობის შესახებ ევროპულ კონვენციის თანახმად დაუშვებელია საგზაო ნიშნებზე კომერციული სტრუქტურების ინფორმაციის განთავსება. ამასთან, საგზაო ნიშნები დაფარული უნდა იყოს სინათლის ამრეკლი სპეციალური საშუალებით. ამდენად, საგზაო ნიშნებზე მიმაგრებული შპს „სი-ტი პარკის” ფირნიშები არ შეესაბამებიან საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის გამოც ექვემდებარებიან დემონტაჟს და არ შეიძლება მათი დაუმორჩილებლობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად ჩაითვალოს;
კ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,შპს „სი-ტი პარკი” კერძო სამართლის იურიდიულ პირი, ანუ საწარმოა, რომლის მიზანიც მოგების მიღებაა. გზებზე წესრიგის დამყარება და მოძრაობის უსაფრთხოება კი სახელმწიფოს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მერია პარკირების სფეროს რეგულირებას რომელიმე მეწარმესთან ერთად შეეცდება და მას „წილში ჩაუჯდება“, ლოგიკურია, ორივე ეცდება შეძლებისდაგვარად მეტი დამრღვევი იყოს, ვინაიდან, თუ ყველა მძღოლმა დაიცვა მოძრაობის წესები, შემოსავალს ვერ მიიღებენ;
ცხადია, სასამართლომ მოპასუხესაც მოუსმინა და „მესამე პირად“სასამართლოს ინიციატივით ჩართულ შპს „სი-ტიპარკსაც”, რომელმაც შესაგებელი ლათინურ ასოებიანი ფორმით წარმოადგინა...
მერიისა და მისი უცხოელი „პარტნიორის“ წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, მხოლოდ იმით იმართლეს თავი, რომ „ნაციონალური“ პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვილებების საფუძველზე მოქმედებენ და „პარკირების სფეროსაც“ თბილისელების მიერ არჩეული თვითმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი წესებით „არეგულირებენ“.
2016 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოაცხადებს. მიმაჩნია, რომ სასამართლომ ხელიდან გაუშვა შანსი პარკირების სფეროში მაინც აღდგინოს სამართლიანობა, მერიასაც დაეხმაროს დაპირების შესრულებაში და მოქალაქეების ნდობაც დაიბრუნოს!
მე კი, 2015 წლიდან არ ვიხდი პარკირების საფასურს და უკვე 15-მდე საჯარიმო ქვითარი გავასაჩივრე. სასამართლოში საქმის მსვლელობის თაობაზეც საინფორმაციო სააგენტოების და ტელევიზიების დახმარებით რეგულარულად ვაბარებ ანგარიშს საზოგადოებას. ვინაიდან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებზე არიან გადართულები, როგორც ჩანს, ისევ მარტო მომიწევს ზემდგომ ინსტანციებში „სამართლიანობის აღდგენის“ მცდელობა... ამასთან, დარწმუნებული ვარ,თბილისელ ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ის პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, რომელიც ყველაზე უფრო დამაჯერებლად დაპირდება მათ „ქუჩებში მოთარეშე უცხოტომელი ყაჩაღების“ დედაქალაქიდან განდევნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელმივმართავ მოქალაქეებს და მოვუწოდებ, ვისაც ღირსება შერჩენია კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოხატონ დამოკიდებულება შპს „სი-ტი პარკის“ მიმართ.
იქნებ ერთობლივი ძალისხმევით და სამოქალაქო აქტიურობით მაინც მივაღწიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციული სქემის („სისტემური დანაშაულის“) მოშლას და თბილისში პარკირების საკითხის მოგვარებას, რის შემდეგაც, პერსპექტივა გაგვიჩნდება სხვა სფეროებშიც (ბანკები, ფასიანი ქარალდების ბაზარი, ელექტროენერგიის, საწვავის, სამკურნალო საშუალებების ბიზნესი, უმაღლესი სასწვლებლების აკრედიტაცია, არჩევნები, კონკურსები და სხვა) ვეღირსოთ „სამართლიანობის აღდგენას“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განვლილი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დედაქალაქში საგზაო ნიშნებისა და პარკირების საკითხიც კი ვერ მოვაწესრიგეთ, მერწმუნეთ, ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს!..