თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკურ პარტიათა დიქტატურა უნდა დავამარცხოთ!

თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკურ პარტიათა დიქტატურა უნდა დავამარცხოთ!

(ხალხთან შეხვედრებით მიღებული განწყობა ხმამაღლა)


ყოველი შეხვედრა ქვეყანაზე დაფიქრებულ ადამიანებთან, ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ, კიდევ მეტად მარწმუნებს იმაში, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხელისუფლებაც, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები (პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც) წარმოუდგენელი სისწრაფით ვკარგავთ საკუთარი საქმიანობის კრიტიკული შეფასების უნარს და ვხდებით თვითკმაყოფილნი.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში მით უფრო იზრდება პოლიტიკოსთა თვითკმაყოფილება საკუთარი მოღვაწეობის შედეგებით, რაც უფრო მძიმე და გაუსაძლისი ხდება ხალხის ცხოვრება!

ხალხი ფიქრობს: ქვეყნის დღევანდელი მართლაც უმძიმესი მდგომარეობა სწორედ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ბრალია, რომ პოლიტიკურ პარტიებში სკამებისა და უფროსობისთვის ბრძოლა უფროა, ვიდრე ქვეყნისთვის და ეს პოლიტიკოსებში გაძლიერებული ზნეობრივი დეფიციტის ბრალია, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის მომართული, ძლიერი პოლიტიკოსი, ვიდრე დღეს პოლიტიკურ არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში.

სამწუხაროდ, ხალხის ამ არც პირველ, არც მეორე და არც მესამე შეფასებას არც ხელისუფლება იზიარებს, არც პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ხალხში პოლიტიკური პარტიების ავტორიტეტი მიწასთანაა გასწორებული - პირდაპირ ვთქვათ, განულებულია.

მე არ ვარ ზოგადად პარტიების წინააღმდეგი, თვითონ წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ დღეს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ: ამ პარტიებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით ქვეყანას მომავალი არ აქვს!

ქვეყანაში პარტიების დიქტატურაა - დიქტატურა, რომელმაც არა მარტო განდევნა თავისგან მოაზროვნე ადამიანები, არამედ, დააშინა კიდეც: უკადრებელს აკადრებენ პარტიის გარეთ მყოფ პოლიტიკურად მოაზროვნე ზნეობრივ ადამიანს, თუ რამე ისეთი თქვა, რაც მათ ინტერესებში არ შედის.

ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცდა და ბოროტება მძლავრ პარტიულ დიქტატურად შეიკრა. სამწუხაროდ, პარტიების ეს დიქტატურა და პარპაში კანონმდებლობითაა განმტკიცებული: უპარტიო გენიოსზე მეტი ძალა გაქვს, თუ პარტიის წევრი ხარ, მაგრამ არც განათლება გაქვს და მორალთან, ზნეობასთან გაქვს პრობლემები.

მძიმე სურათი დავხატე. მაგრამ რეალობა გაცილებით უარესია!

ხალხს მიაჩნია, რომ მოაზროვნე ადამიანებმა პარტიებისგან თავსმოხვეული შიში უნდა დაძლიონ, ფულზე ნუ გაიყიდებიან, ხალხთან მოვიდნენ – გულწრფელ ზრახვებში დაგვარწმუნონ და უიმედობით ხელებჩამოშვებულ ხალხს პოლიტიკური ოპტიმიზმის განწყობა გაგვიჩინონ პოლიტიკური პარტიების დიქტატურის დასამარცხებლად.

ძნელია ეს?

რა თქმა უნდა, მაგრამ ღვთის წყალობით, ქვეყანა სავსეა მოაზროვნე ადამიანებით და საქართველოს ისტორიაც ადასტურებს, რომ ხალხს ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

დღემდე საქართველოში არჩევნებზე ის პარტიები და პოლიტიკოსები იმარჯვებდნენ, ვინც მეტ ფულს ხარჯავდა და დიდ ცრუ დაპირებას აძლევდა ხალხს.

დრომ დაადასტურა: არჩევნებზე ხმების მოსასყიდად ფულის დამრიგებელი კიდევ უფრო გამდიდრდა და ცრუ დაპირებით საკუთარი ხმის გამყიდველის ცხოვრება უარესზე უარესი გახდა. მონობა დაკანონდა: ფულიანი ბატონია, უფულო – მონა!

დრომ ასევე დაადასტურა ქვეყნის გარეთ დაწერილი მზაკვრული პროგრამის არსი და მიზანი: დაგვამშიეს და დაგვაუძლურეს იმისათვის, რომ ადვილად გვმართონ ფულიანებმა. რომ ჩვენს უცხოელ „მეგობრებს“ მართული მდიდრები უფრო სჭირდებათ (დარწმუნებული ვართ, არ უყვართ… როცა უნდათ, მაშინ გაწირავენ), ვიდრე, განათლებული და ინტელექტუალური ადამიანებით მართული საქართველო!

დრო კი ზუსტად საპირისპიროს ადასტურებს: ქვეყნის მომავალი არც ბელადებთან (მით უფრო თვითმარქვია) და არც მილიარდერებთან და საერთოდ, ფულიანებთანაა დაკავშირებული.

საქართველოს მომავალი ხელისუფლებაში მოაზროვნე, განათლებული და რწმენით სავსე ადამიანებთანაა დაკავშირებული, რამეთუ მხოლოდ მათ შეუძლიათ ფულის ძალაუფლება და პარტიების დიქტატურა შეცვალონ ნიჭის და ცოდნის ძალაუფლებით.

მხოლოდ ამ გზით შეიძლება შევცვალოთ დღევანდელი სამარცხვინოზე სამარცხვინო თითოეულის ბრძოლა არსებობისთვის, საქართველოსთვის ღირსი – შესაძლებლობის რეალიზაციით.

დღეს ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, ადამიანური რესურსები როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და ასეთ დროს ამ ადამიანებისთვის მათი შესაძლებლობათა რეალიზაციის გარემოს შექმნას, ქვეყნისთვის სასწაულის მოხდენა შეუძლია!
 
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: