მიხეილ ჯიბუტი: მიმავალი საქართველოს აუხდენელი ოცნებები!
(22სექტემბერს თელავში ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)
როდესაც ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობდა თელავში იმ დროს თბილისში ემშვიდობებოდნენ ერის სიამაყეს - მერაბ ბერძენიშვილს. ორი დღის წინ საქართველო ქართული ჟურნალისტიკის მესაძირკვლეს ნოდარ ტაბიძეს გამოემშვიდობა.
ორივეს თითო-თითო აუხდენელი ოცნება გაჰყვა(ეს იყო თურმე მათი ბოლოდროინდელი წუხილის საგანი): მერაბს - დავით აღმაშენებლის ძეგლის თავდაპირველ ადგილას (ყოფილი „ივერიის“ სასტუმროს წინ მოედანზე) დაბრუნების, ხოლო, ნოდარს - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წესრიგის დამყარება!
მათთვის სიცოცხლეში აუხდენელი, თორემ რა არის განუხორციელებელი ან ერთში, ან მეორეში?
ერთმა ხელისუფლებამ დააშავა, მეორემ - არ გამოასწორა!!!
ხელისუფლების მიზეზით, რამდენი ასეთი განხორციელებადი ოცნება რამდენი ადამიანისთვის გახდა და რამდენისთვის გახდება აუხდენელი ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით 2030 წლამდე მოთმენის შემთხვევაში?
მოკვდაობის ტემპების კორელაციით საქართველოში 2030 წლამდე 700 000 კაცზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება და ამ მიმავალ საქართველოს ასეთი აუხდენელი ოცნებები გავატანოთ დარდად?!
რის გამო?
ხელისუფლების უვარგისობის გამო?!
საშინელებაა თუ დაფიქრდები: საქართველოში სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მოესწრო ხალხი და წამწარდათ ეს ბედნიერება - 1991 წლიდან 1 500 000 კაცზე მეტი ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოს კეთილდღეობა ვერ იხილა. რამდენი ზემოთნახსენების მსგავსი საკუთარი აუხდენელი ოცნება გაჰყვა თითოეულს?!
ბიძინა ივანიშვილის აზრია (თელავში გამოთქმული): ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ თუ რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა!
კითხვა ბიძინა ივანიშვილს: შეეძლო ხელისუფლებას 4 წლის განმავლობაში მერაბ ბერძენიშვილისა და ნოდარ ტაბიძის აღნიშნული ოცნებების განხორციელება?
შეუძლებელს არავინ ითხოვს, მაგრამ რამდენი ასეთ შესაძლებელია გაუკეთებელი?
...............................................................
(გთხოვთ, შეავსოთ)
მაგალითისთვის ავიღოთ ცნობილი ველოსიპედი.
მე ის მომწონს!
ამავე დროს, ჩემთვის მიუღებელია ის, რომ ველოსიპედი დგას, ხოლო დავით აღმაშენებელი გაძევებულია (სად ველოსიპედი, სად დავითი! - ალბათ, ასევე ფიქრობს მკითხველიც). რა თქმა უნდა, სწორი ფიქრია, რომ არა ერთი რამ: ველოსიპედი აცოცხლებს იმ პერიპეტიებსა და გრძნობებს რაც ხდებოდა მისი დადგმისა და დავითის ჩამოგდების დროს.
მე არც ის მომწონს, რომ ველოსიპედი გაძარცვულია და ქალაქში უწესრიგობის სიმბოლოდ იქცა!
თუ გიდგას ველოსიპედი - რატომ არ უვლი?!
თუ არსებობენ პოლიტიკურად „ჩემი და სხვისი ძეგლები“?
სხვათა შორის, იმ საინფორმაციო სივრცეში, რომლითაც მე ვსარგებლობ, შეიმჩნევა ბიძინა ივანიშვილის შეხვედებისადმი ინტერესის ჩაქრობა.
ეს შეცდომაა. ბიძინა ივანიშვილის ყველა სიტყვა მოსასმენი და გასაანალიზებელია. ის თუ რა აზრები აქვს მას და რა მიმართულების, თუ როგორ აფასებს ის მოვლენებს და რა არგუმენტებით აპელირებს, არის ის, რაც უახლოეს წლებში დიდი ალბათობით იქნება ხელისუფლების საქმიანობის გამსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
მე არ დამითვლია (დროში შეზღუდულობის გამო, თუმცა, საინტერესო იქნება დათვლა), თუ რამდენჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილი. თუმცა, რადგან მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც გვახსოვს კომუნისტური პარტიის ღონისძიებები,მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამას ყველაფერს დამატებით ვსწავლობდი კიდეც, სმენადი აღქმით შემიძლია ვთქვა, რომ რაოდენობრივად ის არ ჩამორჩებოდა მაგალითად ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის დასახელებას პოლიტბიუროს რომელიმე წევრის მიერ. შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილში ის ხედავს თავის პოლიტიკურ „ალტერ ეგოს“. სინამდვილეში, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან დისტანცირების მატერიალიზებას და მის გაპიროვნებას კვირიკაშვილში.
კვირიკაშვილის ადგილას ალბათ ბევრი თხოვდა მეგობრულად ბიძინა ივანიშვილს შეემცირებინა ქების დოზა (საარჩევნო პერიოდის მიუხედავად), მაგრამ ეტყობა ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ყველაფერი ეს ზომბირების ელემენტებს შეიცავს!
ზომბირების ელემენტები „ქართული ოცნებისთვის“ შესამჩნევია.
„ქართული ოცნების“ სხვადასხვა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს სარეკლამო ბანერებზე აქვთ ერთნაირი სლოგანი: „პარლამენტის მაჟორიტარად“! არა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შესაბამისი ტერიტორიისა და მოსახლეობის მაჟორიტარად პარლამენტში, არამედ, ერთსახოვნად ზომბი- „პარლამენტის მაჟორიტარად“(!?).
„პარლამენტის მებაღედ“,“პარლამენტის სანტექნიკად“...
თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე უფრო შინაარსობრივია: ოცნება - „პარლამენტის მაჟორიტარად“, ყველა სხვა- „პარლამენტის მინორიტარად“. ესაა მთავარი!
თელავის შეხვედრა დაიწყო ჟურნალისტის შეკითხვით: რატომ არ გასამართლდა სისტემა? რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ „ნიურბერგი ვერ იქნებოდა“. შემდეგ მოიტანა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დასჯის მაგალითები.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ისჯებიან იმიტომ, რომ იყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, თუ იმიტომ, რომ ჩაიდინეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაული? ისჯებიან როგორც დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები, თუ როგორც დანაშაულის ჩამდენი მოქალაქეები?
ნიურბერგის პროცესი სასამართლო არა მარტო მასობრივ მკვლელობებსა და ნგრევაზე, ქვეყნებისა და ტერიტორიების განადგურებასა და ძარცვაზე, სახელმწიფო მასშტაბის დანაშაულობებზე და ა.შ. იყო აგებული, არამედ (ძირითადად) მმართველ რეჟიმზე, რომელიც ეფუძნებოდა ფაშისტურ, გენოციდისა და რასობრივ იდეოლოგიას, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს, „სიკვდილის ფაბრიკებს“.
შედეგად დამნაშავედ იქნა ცნობილი ფაშისტური იდეოლოგია, ფაშისტური სახელმწიფოს დამსჯელი ინსტიტუტები, მთლიანად სახელმწიფო - პოლიტიკური მანქანის ყველა ძირითადი რგოლები.
რაც შეეხება პიროვნებებს, ისინი დაისაჯნენ ჩადენილი დანაშაულისთვის. სხვათა შორის, რამდენიმე მსჯავრდებული გაამართლეს კიდეც.
შედგა არა შურისძიება, არამედ სამართლიანობის ზეობა-„სამართალმა პური ჭამა“!
აღნიშნული პროცესი მიმართული იყო იქეთკენ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ გამეორებულიყო.
ჩემი დაკვირვებით, ის პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გამოცდილებასაც ემყარებოდა. ვერსალის ხელშეკრულებით (28 ივნისი, 1919) გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე ცნობილ იქნა პირველი მსოფლიო ომის დამწყებად და “საერთაშორისო მორალის წინააღმდეგ“ დამნაშავედ. ვერსალის ხელშეკრულების ღონისძიებები ვერ აღმოჩნდა ქმედითი მშვიდობის შესანარჩუნებლად. საპირისპირო შედეგი გამოიღო ნიურბერგის პროცესმა.
ოფიციოზის მონაცემებით 300 ათასი ადამიანმა გაიარა „სამართლებრივი ფილტრი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. საინტერესოა, ამის საშულებას იძლეოდა სახელმწიფო სისტემა და ინსტიტუტები, თუ ეს გამოწვეული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებით?
სახელმწიფო სისტემისა და მისი ინსტიტუტების შეუცვლელად მსგავსი სიტუაციის განმეორება შესაძლებელია.
მომავალი დაცული არ არის!
დიახ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულები სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და ორმაგი სტანდარტებისგან.
უფრო მეტიც, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სამართლებრივ-ინსტიტუციური სისტემა არ შეცვლილა, არამედ, უარი ვერ ითქვა საბჭოთა სისტემაზეც, როდესაც ქვეყანა იმართებოდა „პარტიული ამხანაგებით“!
პრემიერ-მინისტრი არის პარტიის ხელმძღვანელი. თითქოს არა უშავს, მაგრამ შეაბრუნეთ წინადადება. პარტიის გადაწყვეტილებები აუცილებელია მისი წევრისთვის და ის მან უნდა შეასრულოს.
თუ ეს წევრი პრემიერ-მინისტრია და პარტიის გადაწყვეტილების ქვეყნის ინტერესებთან კოლიზიის შემთხვევაში როგორ იმოქმედებს პრემიერი? გაწერილია ეს სადმე? არის ეს სტანდარტიზებული ნორმატიულად?-არა.
შესაბამისად, როგორც „ქართული ენის“ კანონის აღსრულებაზე ამბობს უარს კვირიკაშვილი, ისევე მოიქცევა სხვა შემთვევაშიც!
რით განსხვავდება კვირიკაშვილის კანონზე ზემოთ დგომა და კანონის უზენაესობის პრინციპის უარყოფა „ნაციონალური“ ხელისუფლების მსგავსი ქცევისგან?
ასეთ პირობებში, ადამიანები თავიანთ უბედობისა და გასაჭირის მიზეზს მთავრობაში ხედავენ.
ბიძინა ივანიშვილმა თელავში გამოსვლისას მოუწოდა(ძალიან სწორად, თუმცა მინიმუმ ოთხი წლის დაგვიანებით) ხალხს „სხვის იმედზე ნუ ხართო“ (არადა, ხალხში იმედი ჰქონდა „ივანიშვილი მოვა და ფულებს დაგვირიგებსო“- ვმსჯელობ ჩემი ახლობელი თანასოფლელებისა და თანაქალაქელების განწყობის მიხედვით). ამასთან, ურჩია ხალხს: როცა გიჭირთ, დამნაშავეს მთავრობაში ნუ ეძებთ და ნუ იძახით „მთავრობის დედაო“.
ჩემი დაკვირვებით უფრო ხშირად პერსონიფიცირებულია გინება და ის ქვეყნის მმართველ პირველ პირზეა მიმართული. აგინებდნენ ნიკოლოზს, ლენინს, სტალინს, შევარდნაძეს- ამ ბოლო დროს გინებაში არეულობაა: ქვეყნის მმართველობაში შესაგინებელ კაცსაც კი ვერ არჩევენ...
გაუგებარი დარჩა, თელავში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში პრემირების სისტემის „აჟიოტაჟად“ მონათვლა რას ემსახურებოდა: იყო ამ სისტემის მოწონების, თუ მისი კრიტიკოსების დაკნინების მცდელობა.
მისი სხვა პასუხები პრობლემებთან - რთველთან, ხორბალთან,ან თუნდაც სამთაწყაროში ხიდთან დაკავშირებით იყო ზოგადი და არაპროდუქტიული, ზოგჯერ დამაბნეველი, მაგალითად: მარცვლეულის მწარმოებელთა მიმართ მისი თქმით სუბსიდირება კიდევაც უნდა იყოს და არც უნდა იყოს. საჭიროა „ოქროს კვეთის“ მიგნება!
რეალურ ცხოვრებაში ეს როგორ უნდა განხორციელდეს? „ოქროს კვეთის“ მიგნებას მოასწრებს ხელისუფლება ამ წლის მოსავლისთვის, თუ კვლავ საოცნებო 2030 წელს უნდა დაელოდოს?!
სხვათაშორის, თელავის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური ინტერესის სრული იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნების“ მოსვლაში მდგომარეობს.
კიდევ „ვჭამთ“ ერთპარტიულ სისტემას?
თუ საკუთარი ხარჯებით ყოველდღე ვჭამთ ხელისუფლებისგან ნებადართულ ჯანმრთელობის დამანგრეველ ხორბლის პურს, რა შეუშლის ხელს რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ვჭამოთ მოწამლული „პოლიტიკური პური“?!
მხოლოდ კუჭზე მიბმული გონების გადაბმა (ყველას გასაგებად:პორტირება) სულსა და გულზე.