მამუკა გიორგაძე: პატრიარქის შეურაცხყოფა ეკლესიის გახლეჩის მცდელობაა, რაც არ უნდა დავუშვათ!

მამუკა გიორგაძე: პატრიარქის შეურაცხყოფა ეკლესიის გახლეჩის მცდელობაა, რაც არ უნდა დავუშვათ!


25 დეკემბერს შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელი სიხარულით ეგებება ამ თარიღს, ფიქრობს როგორ აღნიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა შესაბამისი პატივითა და ღირსებით.

ქართული ტელევიზიებში კი შეჯიბრია გამოცხადებული რომელი უფრო მეტად ატკენს გულს ამ ღვაწლმოსილ ადამიანს და რომელი უფრო მეტად შეურაცხყოფს ეკლესიას, სასულიერო პირებსა თუ მრევლს. მცირე საბაბიც კი საკმარისია ჭიქაში ქარიშხლის მოსაწყობად და აპოკალიფტური სურათის დასახატად.

25 დეკემბერს, ნაცვლად იმისა, რომ გაგვეანალიზებინა მისი უწმიდესობის 39-წლიანი მოღვაწეობა და საქართველოს ეკლესიის მიერ განვლილი გზა,  გვემსჯელა რისკენ მიგვითითებს საქართველოს ყველაზე ავტორიტეტული და ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე პიროვნება და როგორ დავუდოთ ეს უდიდესი გამოცდილება საფუძვლად ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, გვეფიქრა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებსა თუ მიღწეულ წარმატებებზე, როგორ შევიყვაროთ უფრო მეტად ერთმანეთი, როგორ გავხვდეთ უკეთესი და როგორ დავძლიოთ თანამედროვე გამოწვევები, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა მორიგი ანტიეკლესიური გამოხტომით “მიულოცეს” ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი პატრიარქსა და მთელ ერს და,  “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” "საუკეთესო" ტრადიციებისამებრ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცილისწამების, ბოღმისა და უვიცობის ნთხევაში!

სიუჟეტების დასახელებებზე („ბრძოლა ეკლესიის წიაღში“, „საეკლესიო სკანდალი შობის მარხვის ფონზე“,  „განხეთქილება ეკლესიაში“ „ბრძოლა ცოცხალი პატრიარქის ტახტისთვის“, „ბრძოლა ბნელებსა და მეტ-ნაკლენად ნათლებს შორის“ და სხვ.) თვალის უბრალოდ გადავლებაც კმარა, რათა დავრწმუნდეთ, რომ გრძელდება ორგანიზებული და მართვადი გეგმის განხორციელება, რომელსაც საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ჰქვია.

ოცნებობენ საშიშროება შეუქმნან ეკლესიის ერთიანობას, რომელიც, თავისთავად, ქვეყნის ერთიანობის უმთავრესი ბალავარია და ვერ მალავენ გაღიზიანებას, რომ სინოდის სხდომა მშვიდობიანად დასრულდა.

ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც შეიძლება გარკვეული პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა რეალურად არსებობდეს, მაგრამ მისი განზოგადება და შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვა საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციაში დაინტერესებული არაეკლესიური, ნაკლებად ეკლესიური ან გაურკვეველ საეკლესიო იურისდიqციაში მყოფი ფსევდო სასულიერო პირების მხრიდან დაუშვებელია. მითუმეტეს, რომ ამ განხილვებს გარედან ჩარევების მკაფიოდ გამოკვეთილი ორგანიზებული ანტიეკლესიური ფორმა აქვს, “დაპირისპირების” მიზანმიმართულად წახალისებისა და საქართველოს ეკლესიის ფუნქციონირების ხელის შეშლის მიზნით. ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია, თვითონვე მოუვლის ამ პრობლემებს, გარედან ჩარევების შემცირების პარალელურად.

სახეზეა დაგეგმილ საყოველთაო ეგზალტაციისა და ისტერიის სპექტაკლში  ეკლესიის  ჩათრევის მცდელობა. ინსტრუმენტად კი ბუნებისგან ამ “საქმისთვის” მოწოდებული ნაცადი სახეები მოგვევლინნენ!

ამ კატეგორიის ადამიანებს, თუ ჯგუფებს ასევე პრეტენზია აქვთ დიდ „დემოკრატიულობასა” და „სიტყვის თავისუფლების” მებაირახტრეობაზე. გამომდინარე აქედან, წესით, ასევე უნდა გაუკეთონ ტირაჟირება საზოგადოების სხვა ნაწილის მოსაზრებასაც, რომელსაც,   გარწმუნებთ, მრავალი ადამიანი იზიარებს  (შეგიძლიათ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც ჩაატაროთ). თუმცა, ნათელია, რომ მათ საჭირბოროტო თემებზე ჯანსაღი და ობიექტური დისკუსია კი არ აინტერესებთ, არამედ მხოლოდ ეკლესიისა და სასულიერო პირების ცილისწამება და შეურაცხყოფა!

ეკლესიაშიც იგივე ელანდებათ რასაც თავად არიან მიჩვეული - ინტრიგა, ერთმანეთის დაუნდობლობა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანი უანგაროდ ემსახუროს სარწმუნოებასა და სამშობლოს!..    

ბოროტად სარგებლობენ რა ეკლესიის მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მომთმენი და მიმტევებელი ბუნებითა და, განსაკუთრებით, მრევლის პასიურობით, გასული საუკუნის 20-30-აიანი წლების „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" მსგავს კრებულად ჩემოყალიბდნენ!

დიახ, სწორედ ჩვენმა პასიურობამ და არაორგანიზებულობამ მოგცათ იმედი წარმატებისა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, რასაც, რა თქმა უნდა, უანგაროდ არ აწარმოებთ.

სამწუხაროდ, ჩვენ თავად ვერ ვუწევთ დედა ეკლესიას ღირსეულ შვილობას, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენს ვერ გაბედავდნენ. იმის საღად გააზრება, რაც ამ მხრივ ჩვენს ტელევიზიებში ხდება, უნდა დაგვეხმაროს გამოფხიზლებასა და სწორი ორიენტირების არჩევაში. 

ყველას უნდა გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ თითქოსდა მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც თავად სურს და ამისთვის არავინ მოსთხოვს პასუხს. უნდა გავუფანტოთ ის ილუზიაც, რომ რაიმე მოღალატური თუ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება!!!

P.S. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამავე დღეებში სასულიერო პირზე შეიარაღებულ თავდასხმას დიდად არ შეუწუხებია ქართული ტელევიზიები, მაშინ, როდესაც რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლზე ნებნისმიერი სახის გამონათქვამი თუ შეხება მწვავე აჟიოტაჟის საბაბი ხდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: