რა დააბრალა მეუფე პეტრემ გიორგი ანდრიაძეს და რა ბრალდებებს უყენებს ანდრიაძე მბრალდებელს?!
თუ ერთი პროცენტი მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ პირდაპირ ეთერში იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ _ ასე უპასუხა მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიის თავმჯდომარის (კათოლიკოს–პარტიარქი) მოადგილემ, თეოლოგიის დოქტორმა გიორგი ანდრიაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეუფე პეტრე ცაავას მიერ მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს. საუბარი გიორგი ანდრიაძესთან ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შეფასებით დავიწყეთ.
გიორგი ანდრიაძე:
_ ძალიან მკაფიოდ მინდა დაიწეროს, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში შიდა დაპირისპირება და პიროვნული კონფლიქტი - ეს არის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ანტიქართული ძალების მიერ ორგანიზებული კამპანია, ანტიეკლესიური და ანტიქართული ქმედება და ამის შედეგებსაც მალე მოვიმკით. მისი მიზანია მკვეთრი დაპირისპირების გამოწვევა ეკლესიაში თავისი პოლიტიკური ასპექტებით, საბოლოო მიზანი კი _ ეკლესიაში განხეთქილების შეტანა _ რამდენიმე ნაწილად მისი დაყოფა, ორი პატრიარქი და ასე შემდეგ... ამაზე წერდნენ რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც.
_ ორი პატრიარქი რას ნიშნავს, ბატონო გიორგი? საინტერესოა, არის თუ არა ეს ბრძოლა პატრიარქის სავარძლისთვის?
– ეს არ არის პატრიარქის სავარძლისთვის ბრძოლა, ასე რომ იყოს, ნაკლები პრობლემა იქნებოდა. აქ არის ბრძოლა, რომ ეკლესიაში მოხდეს დაპირისპირება და ეს სამწუხარო რეალობა სახეზეა. ზოგიერთ ქვეყანაში, არის ამის გამოცდილება _ ორი პატრიარქი, რამდენიმე მართლმადიდებლური მიმართულების დაჯგუფება, რომელიც ერთმანეთს არ სცნობს. ზოგიერთ ორგანიზაციას ჰქონდა ასეთი პროექტი საქართველოში და გარკვეულ ძალებს ეს უნდოდათ, ამაზე ღიად იწერებოდა ჩვენთან რამდენიმე წლის წინ.
_ კონკრეტულად ვის დაასახელებდით, გარკვეულ ძალებში ვის გულისხმობთ?
_ ვინ უნდა დავასახელო, თვითონ ჩანს ღიად და არც მალავს. ეს არის მეუფე პეტრე ცაავა და თუ ის არ შეჩერდება, ეკლესიაში განხეთქილება მოხდება. ეს კაცი ადმინისტრაციულ საკითხებს - პატრიარქის ეპარქიის საკითხებს აყენებს გარედან და ფაქტობრივად, მოუწოდებს პატრიარქს, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში მისი დირექტივებით იხელმძღვანელოს. მარტო ერთი ბრალდებაც კი, რომ ეკლესიაში ჩრდილოვანი მმართველობაა (სხვა მძიმე ბრალდებებზე აღარაფერს ვამბობ), ჩემთვის საკმარისზე მეტი შეურაცხყოფაა პატრიარქისა და წმინდა სინოდის. ისინი ამას დიდულოვნად არ პასუხობენ, მაგრამ ვინაიდან ეს პიროვნება კანონიკური სივრციდან გავიდა და არ იქცევა ისე, როგორც ეპისკოპოსს შეეფერება, თავს უფლება მივეცი, პასუხი გამეცა მისთვის!
ეს პიროვნება საეკლესიო კანონებს არ სცნობს, ღიად და საჯაროდ განიხილავს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს და მცხეთა–თბილისის ეპარქიის შიდა საკითხებს, რაც იწვევს დაპირისპირებას. ეს არის კრიტიკა პატრიარქის საკადრო პოლიტიკისა და შიდა საეკლესიო პროცესებისა. პატრიარქს პირად მდივნად ვინ ეყოლება, ვის დანიშნავს და გაუშვებს, აძლევს შენიშვნებს და უზიარებს თავის პოლიტიკურ მოსაზრებებს პრესის საშუალებით და ბრალდებები, რომელიც მისგან ისმის, ვის ეხება? _ არის ერთადერთი პასუხი, რომელსაც ის არ აკონკრეტებს, მაგრამ ეს მისი ბრალდება მიდის პატრიარქისკენ. ეს ხალხი პატრიარქის დანიშნულია, იმიტომ რომ ეს მისი უფლებამოსილებაა, თავის ეპარქიაში ვის დანიშნავს და ვის არა, მაპატიეთ და მეუფე პეტრეს გადასაწყვეტი არ არის.
_ ბატონო გიორგი, გასულ კვირას იმედის ეთერში მეუფე პეტრემ ვრცლად ისაუბრა თქვენზე და არაერთი ბრალდება წამოგიყენათ. ამის შემდეგ გავრცელდა იღუმენია თამარ გამყრელიძის ინფორმაცია, რომ როდესაც საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაგათავისუფლეს, სანაცვლოდ, სოლიდური თანხა მოითხოვეთ...
_ მეუფე პეტრემ ჩემგან მიიღო პასუხები და კიდევ მიიღებს, ვინც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა გახდეს (როგორც მოიაზრებენ), თუმცა, რა თქმა უნდა, უკან მდგომი ძალები და თვითონ ის თუ რაიმე სხვა ბერკეტებს და ღონისძიებებს არ მიმართავენ ჩემს წინააღმდეგ! ეკლესიაში ყველაფერი ეფუძნება საუბარს, მართალ სიტყვას, მხილებას და მტკიცებას. ამ საქმის განხილვისთვის, მზადა ვარ, დავსხდეთ პირდაპირ ეთერში, გამობრძანდეს და მე მას ყველაფერს დავუმტკიცებ. საზოგადოებამ კი, თუნდაც მისმა მომხრეებმა, თავად განსაჯოს რამდენად მართალია მისი პოზიცია. რაც ამ ადამიანმა ილაპარაკა, არის აბსოლუტური სიცრუე, მოგონილი. ეს არის ცილისწამება, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ მისი უამრავი ბრალდებიდან, თუნდაც ერთი ბრალდების 1 პროცენტი სიმართლე აღმოჩნდება, დაუყოვნებლივ დავტოვებ ჩემს ყველა თანამდებობას. თუ არა და, მას მოუწევს ცილისწამებისთვის სჯულის კანონით პასუხისგება.
_ გაიხსენეთ, რა მოხდა 2008 წელს, როცა ტელევიზია დატოვეთ?
_ ყველასათვის ცნობილია, რომ მე დავაფუძნე საპატრიარქოს ტელევიზია „იბერია“, რაზეც თვითონაც წერს დედა თამარი თავის წყაროში. გავიხსენოთ რა ხდებოდა 2008 წელს _ სააკაშვილის რეჟიმს ახალი ჩახშობილი ჰქონდა დემოკრატიული გამოსვლები, რასაც ზედ მიაყოლეს ჩვენი ტელევიზიაც, რადგან არ ვიყავი მათი პოლიტიკური აზრის მომხრე და მეხოტბე, ჩვენი ტელეგადაცემებით ვიცავდი პატიმართა უფლებებს, რომელიც ირღვეოდა ციხეში.
ამის გამო, მათ ზეწოლით ჩამომართვეს ტელევიზია, შეიყვანეს და დასვეს იქ მეუფე პეტრე, რომელიც გადაიქცა შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის რუპორად.
ეს იყო რეალობა და დანარჩენი, ხალხისთვის მიმინდია. ვისაც სააკაშვილის რეჟიმი თავისი შედეგებით მოსწონს, ღმერთმა არ გამოულიოს მოდგმაში სააკაშვილის და პეტრესნაირი პიროვნებები (ალბათ მაგათთვის ეს დალოცვა უნდა იყოს), ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ მოსწონდა, ის კი ძალიან მარტივად გაიგებს, რომ შემომიცვივდნენ და ძალით წამართვეს ტელევიზია. ფული ვისთვის უნდა მომეთხოვა, გამაგდეს და ჩემთან ერთად გამოყარეს ტელევიზიის თითქმის ყველა თანამშრომელი, ვისაც ჩემთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ტელევიზია თავიანთ რუპორად გადააქციეს! შეიძლებოდა თუ არა სააკაშვილის რეჟიმის დროს გაგდებული პირისაგან ფულის მოთხოვნა, ამ რეჟიმის ერთ–ერთი ბურჯისთვის, მთელმა საზოგადოებამ იცის! ფულს იქით სძალავდნენ ეგენი ყველას, იქით ატყავებდნენ. ეს არის რეალობა. ამის შემდეგ თუ ვინმე პეტრეს თუ ანტიქრისტეს მიმდევარი გამოვა და დამიპირისპირდება, მას მაინც ვერაფერს გავაგებინებ.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელევზიაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
_ არა ბატონო! მე მეუფე პეტრესგან განსხვავებით პატრიარქის კურთხევას ვემორჩილებოდი და ხმა არ ამომიღია, საჯაროდ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. მას შემდეგაც, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი წავიდა და ოცნება მოვიდა, შემეძლო რაღაც რევანშისტური გამოსვლა მაინც, მაგრამ არც მაშინ ამომიღია ხმა, რომ ამ საეკლესიო ერთობას, ასე ვთქვათ, არაფერი ხინჯი მოსცხებოდა.
ახლა ეს ჩემი გამოსვლა განაპირობა იმან, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე. პატრიარქმა ბრძანა გენიალური ქადაგება წელს, შენდობის კვირადღეს _ ქრისტე ღმერთი დგას, მის მარჯვნივ დგებიან ცხვრები და მარცხნივ _ თხები. არჩევანი ჩვენზეა, ვისაც მოსწონს პატრიარქი, ქრისტეს ცხვარივით მის მხარეს დადგება! თუმცა, პეტრე ცაავა თანაგრძნობის ღირსია, რადგან ზეწოლის ქვეშ იქნება აუცილებლად!
_ როგორ ფიქრობთ, ზეწოლას ვისი მხრიდან განიცდის?
_ ალბათ, „ყოფილი“ პოლიტიკური მეგობრების მხრიდან. ისე, როგორც ცნობილია, „ყოფილები“ არ არსებობენ.
_ გიორგი მამალაძე ამ საქმეში მსხვერპლია თუ დამნაშავე, როგორ ფიქრობთ?
_ სანამ გამოძიება დასრულდება, ამაზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ ეს არის მეორადი ფაქტორი. ძალიან ძნელია რამე ითქვას, იმდენად გაურკვეველი, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ისმის როგორც პროკურატურის, ასევე ადვოკატების მხრიდან. მამალაძის პროცესი არის ფაქტობრივად კატალიზატორი, დამაჩქარებელი იმ პროცესებისა, რაზეც ვსაუბრობ, რაც თითქოს პირდაპირ კავშირში არ არის ერთმანეთთან, პატრიარქის მდივანი ვინ იქნება, ქორეპისკოპოსი როგორია და რისთვის შეიძინა მამალაძემ ციანიდი, მაგრამ როგორც ჩანს, ირიბი კავშირი მაინც არსებობს.
_ რამდენიმე დღეში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. რა შედეგს ელოდებით მისგან?
– კონკრეტულ შედეგზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტობრივად ეს სხდომა იქნება ყველაფრის გადამწყვეტი. ის ძველებური ერთიანობა, რომელსაც უწმინდესი მთელი თავისი რუდუნებით ამდენი წელი აშენებდა, როგორც ჩანს, აღარ იქნება და ვინ არის დამნაშავე, მე მგონი ყველა ნათლად ხედავს _ ეს ყველაფერი მოაწყეს ამ ძალებმა, ანტიქართულმა და ანტიეკლესიურმა ძალებმა, სიმბოლურად, პატრიარქის აღსაყდრების მე-40 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ცდილობენ ჩაშალონ ეს დღესასწაულები, თუმცა, ჩვენ ბოლო წუთამდე დაველოდებით სინოდის სხდომაზე სასწაულ გამოსავალს, რაც ადამიანური ლოგიკისთვის თითქმის შეუძლებელია!
დაბოლოს, მინდა მეუფე პეტრეს (პეტრე ცაავას) ვუთხრა, რომ მე ველაპარაკები მას ისე, როგორც თვითონ მასწავლა, როგორი მაგალითიც მომცა, როგორც თვითონ ელაპარაკება პატრიარქს, მეც ასევე, პრესის საშუალებით, გამოვთქვამ ობიექტურ შეხედულებებს მის მიმართ.კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ:პროკურატურის გამოძიება ამ საქმეებზე ალბათ არ დაიწყება, მაგრამ თუ მართლა არსებობს თავისუფალი მასმედია, იქნებ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინოთ ის ფაქტები, რაც პეტრე ცაავას მისამართით ვრცელდება სხვადასხვა პრესის ფურცლებზე, უკვე მრავალი წელი.
ნონა ქარქაშაძე