თემურ მიქაუტიძე: რაში და რატომ არ ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს?!
მედიის თანახმად, ბოლო ხანს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ინიციატივებით აქტიურობს. ერთი შეხედვით, აბა სხვამ ვინ უნდა იაქტიუროს, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ?!
მეორე მხრივ კი, თუ სადმე სამართალია და ეთიკაა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იკავებდეს თავს ასეთი მკაფიო გამონათქვამებისაგან. მართავენ არა პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ხალხს და საკანონმდელო ცვლილებებიც უშუალოდ ამომრჩევლების ინტერესების გათვალისწინებით უნდა ხორციელდებოდეს და არა იმისი სურვილების მიხედვით, ვინც მართავს.
და იმის მიუხედავად, რომ ამ მოვლენას ჩემი უფლებების შეზღუდვად ვაფასებ, მას არაფერს ვსაყვედურობ და არაფერს ვემდური. ის არაფერში დამნაშავე არ არის! ასე განვითარდა პროცესები, ასე დალაგდა, კაცი გამკითხველი არ არის, პასუხის მომთხოვნი არავინაა, არანაირი შემაკავებელი ფაქტორები მასზე არ მოქმედებენ და რატომ უნდა მოიქცეს სხვაგვარად?
მე მხოლოდ ფაქტს ვაფიქსირებ!
აი, ეს ფაქტი თავისი არსით: - პარლამენტის თავმჯდომარე ამ ქვეყანას ისე უყურებს, როგორც საკუთარ ბაღს.
საიდან ვასკვნით?
მომყავს, ირაკლი კობახიძის ფრაზა: თუ პრეზიდენტი არაკორექტული განცხადებების კეთებას განაგრძობს, შეიძლება ჩვენი პოზიციის გადახედვაზე ვიფიქროთ.
აბა, დააკვირდით. ამ განაცხადში პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტმა რაღაც ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს არ მოეწონა და ამიტომ ეს უკანასკნელი თავის რეაქციას იმით გამოხატავს, რომ კანონების შეცვლას ფიქრობს!
ჯერ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა, რა თქვა ასეთი არაკორექტული მარგველაშვილმა (მისგან მოულოდნელი არაფერია), პრეზიდენტების არაკორექტული განცხადებების გამო კანონები არ უნდა იცვლებოდეს!
მეორე: - ჩვენს პოლიტიკოსებს ადრეც და „ოცნების“ წარმომადგენლებსაც საკუთარი შეხედულებების მიხედვით კანონებით მანიპულაციები ჩვეულებად ექცათ, ხოლო ხალხის აზრის გათვალისწინება სავალდებულოდ არ მიაჩნიათ.
არა, განა არა აქვთ უფლება საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდნენ. პირიქით - ეს მათი ვალდებულებაც კია, მაგრამ ნიშანდობლივი ისაა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა დიდი ხანია მხოლოდ საკუთარ თავებში მოხარშული აზრების საფუძველზე ვლინდება. ისეთი ვინმე, როგორიცაა ხალხი და აქვთ თუ არა მათ აზრები, დიდი ხანია დავიწყებულია!
მე, როგორც ამომრჩეველს, არავინ მეკითხება და არც თვლის საჭიროდ მკითხოს: მომეწონა თუ არ მომეწონა პრეზიდენტის ის გამონათქვამი, რომელიც არ მოეწონა პარლამენტის თავმჯდომარეს, ვეთანხმები თუ არა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული თუნდაც უხერხული განცხადების გამო კანონის შეცვლას, სასარგებლოდ შევაფასებდი თუ საზიანოდ ჩემთვის პრეზიდენტის, ან სხვა სტრუქტურის არჩევის სხვა მოდელს!
რატომ არ თვლიან საჭიროდ რომ მე, მათ ამომრჩეველს, ეს საკითხი მკითხონ? რატომ იქცევიან ისე, თითქოს არც ვარსებობდე? - ისევ და ისევ იმიტომ, რომ მე თვითონ, როგორც ხალხი, არ ვიძლევი სიცოცხლის ნიშანწყალს, არ ვაფიქსირებ ჩემს არსებობას და მათაც ყველა კარტ-ბლანში ხელთ უპყრიათ.
ამიტომაც ლოგიკურია პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების დაბადებაც.
ირაკლი კობახიძე - მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის უმრავლესობა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს.
კარგი, ეს მმართველი გუნდი (ეჭვი მეპარება, რომ ან გუნდს გამოევლინოს რამე ინიციატივა), მაგრამ არიან კიდევ სხვებიც, ვართ კერძოდ ჩვენც და თუ ჩვენი აზრები და სურვილები მათი აზრებისა და სურვილებისაგან განსხვავდება?!
არადა, ყველა წესით და კანონით, რომ ამ სახელმწიფოში პირველნი ჩვენ ვართ - ამომრჩევლები და მერე ხართ თქვენ, ხელისუფლება, - ჩვენგან წარმოებულნი.
პარლამენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, პრეზიდენტიც და პრემიერ მინისტრიც, გაგიკვირდებათ და სახელმწიფოს მართვის ფორმაც და კანონებიც, ჩვენთვის გვინდა და არა ჩვენი თავი თქვენთვის. თუ რაიმე არ მოგვეწონება, ჩვენ უნდა ვცვლიდეთ თქვენი მეშვეობით და არა თქვენ, ჩვენთვის ანგარიშის გაწევის გარეშე!
იქნებ მოგვისმინოთ? რაც უფრო ადრე მოხვალთ ამ აზრზე, მით უკეთესი იქნება ყველასთვის!
ბატონ ირაკლი კობახიძის „ინიციატივები“ მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ამგვარი ახალი მოსაზრებებით არ ამოიწურება. ჩვენთვის, „თანამოზიარეებისათვის“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი განცხადება საარჩევნო სისტემისა და პარლამენტის მიმართ. აი, ამონარიდები ინტერნეტპრესის მასალებიდან:
(http://www.interpressnews.ge/ge/politika/421244-irakli-kobakhidze-saqarthveloshi-isethi-saarchevno-sistema-unda-chamoyalibdes-romelshic-opoziciis-poziciebi-gadzlierdeba-amis-mthavari-instrumenti-ki-proporciul-sistemaze-gadasvlaa.html?ar=A)
“ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს - საარჩევნო სისტემა! დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება. საბოლოოდ, საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები. ამის მთავარი ინსტრუმენტი არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა...“
ისევ ბატონ ირაკლი კობახიძეს ვუბრუნდები:
ჩვენ, ამომრჩევლებს, ეს თქვენი ინიციატივა ჩვენთვის სასიკეთოდ რომ არ გვესახება?
აი, რა მინდა გააცნობიეროთ: ის ფაქტი, რომ ჩვენ ეს თქვენი ინიციატივა არ მოგვწონს ჩვენ, პრობლემას გიქმნით თქვენ, ვითომ ძლიერთა ამა ქვეყნისა და არა ჩვენ, ამომრჩევლებს. ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი სურვილები თქვენს მიერ და არა თქვენი სურვილები ჩვენს მიერ. თუ ამ ფორმულაში არ გვეთანხმებით - მაშინ თქვენ დემოკრატები კი არა, დიქტატორები ყოფილხართ. მაშინ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დამთავრდება. მაგრამ თუ ამ ფორმულას აღიარებთ, მაშინ ჩვენ უნდა მოგვისმინოთ.
სულაც არ ვართ ვალდებული აგიხსნათ, რატომ არ მოგვწონს თქვენს ამ ფრაზებში გამოხატული აზრი, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მიერ არჩეულ ადამიანებს და ამიტომ ავხსნით (სხვის გასაგონადაც, რა თქმა უნდა).
მაშ ასე: თქვენ გესახებათ ასეთი სისტემა - ძლიერი პარლამენტი. და გესახებათ, რომ პარლამენტი ძლიერია მაშინ, როდესაც პოზიციაც და ოპოზიციაც რაღაც „დაბალანსებულ“ პოზიციებზე აღმოჩნდება („გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები...“).
აი, მე კი არ მხიბლავს ძლიერი პარლამენტის თქვენეული განმარტება. იმის მიუხედავად, ვისი პოზიციებია ძლიერი იქ, ხელისუფლებისა თუ მისი ოპოზიციის, ერთი პარტიისა თუ მეორის, ასე თუ ისე, მთლიანად პარლამენტში უკიდურესად სუსტად არის გამოხატული ამომრჩევლის, ანუ ჩემი ინტერესები - იმიტომ, რომ არჩევნების თანამედროვე სისტემა პრაქტიკულად არ მაძლევს მეტის შანსს. დღეს მოქმედი სისტემის მიხედვით, სწორედ რომ მაჟორიტარული არჩევნების მექანიზმი გვაძლევს რაღაცის მიზერულ პერსპექტივას, ვინაიდან, კანონის თანახმად, მაჟორიტარი შეიძლება დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს. ჩვენი ამომრჩევლის „საარჩევნო კულტურისა“ და „საარჩევნო უნარების“ გათვალისწინებით, მას (მაჟორიტარს) ძალიან მცირე, მაგრამ გამარჯვების თეორიული შანსი მაინც აქვს.
რას მიპირებს პარლამენტის თავმჯდომარე გამომდინარე თავისი მოსაზრებებიდან? - ოპოზიციის პოზიციების გაძლიერებას (ჩემი პოზიციების გაძლიერება აზრადაც არ მოსდის).
როგორ მპირდება პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის პოზიციების გაძლეიერებას? - არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლით!
რას უშვრება მაჟორიტარულ არჩევნებს? - აუქმებს.
აუქმებს და ამასთან ერთად ჩემი, როგორც ამომრჩევლის შანსი, რამენაირად დავაფიქსირო პარლამენტში ჩემი ინტერესები მაჟორიტარის მეშვეობით, ნულამდე დადის.
როდესაც სურათი ასეთია, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, როგორ არის განაწილებული ძალები გამარჯვებულ პარტიასა და ოპოზიციას შორის. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი პოლიტიკური ძალით არის წარმოდგენილი ქვეყნის „პოლიტიკური სპექტრი“ (სინამდვილეში საეჭვო წარმომავლობის კლანები) პარლამენტში, ორით თუ მეტით. ასეთი პარლამენტი ჩემთვის არ არის საინტერესო - არც ძლიერი და არც სუსტი. ის უბრალოდ, ჩემი არ არის!
თუ მართლა გნებავთ ჩვენს ქვეყანაში ანგარიში ეწეოდეს ამომრჩეველს, მაშინ საერთოდ მოეშვით მაჟორიტარულ არჩევნებს. ამ მექანიზმის გაუქმება არ შეიძლება.
განა ეს ლოგიკური არ არის? თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ ყველა რაიონის მცხოვრებს თავის წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში, ნუ წარმოადგენთ პოლიტიკური პარტიები თქვენს წარმომადგენლებს მაჟორიტარულ არჩევნებში. ამაზე ადვილი გასაგები რა უნდა იყოს? ჩვენ, ამომრჩევლები, მივცემთ ხმას ჩვენს წარმომადგენლებს არა პარტიული ნიშნით, არა მამა-მარჩენალის „რეიტინგის“ მიხედვით, არა ნაყიდი და გაყალბებული ხმების მიხედვით, არამედ სწორედ რომ არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი არჩევნების გზით.
და საერთოდაც: თუ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხი დაბალია, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ჩვენ, დაბალ ფენებს გვაკლია საამისო განათლება, არამედ ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სურვილი თავისი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა გაუზიაროს დაბალ ფენებს. აბა, ჩვენ თქვენთან გასაზიარებელი არაფერი გვვაქვს - ეს თქვენ უნდა დათმოთ ძალაუფლებაცა და პასუხისმგებლობაც და ანგარიში უნდა გაუწიოთ ჩვენს სურვილებს.
თავისთავად ცხადია, ამ ერთ პატარა წერილში ძნელია იმ ყველაფრის ახსნა, თუ რა გვინდა ჩვენ, როგორ გვესახება სახელმწიფოს მართვის ოპტიმალური მოდელი და არჩევნების მექანიზმი. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერი ნათლად გვაქვს წარმოდგენილი და მზად ვართ ჩვენი პოზიციები მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ.
თქვენ მხოლოდ უნდა მოგვისმინოთ, რაც პრინციპში, ისედაც გევალებათ.
პატივისცემით, საზოგადოებრივი გაერთიანება „თანამოზიარეს“ სახელით, თემურ მიქაუტიძე.