ჯეჯელავას რეიდების ექო და ჩასვრილი ბავშვები!
დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი
წერილს ერთი შეხედვით „არატრადიციული“ თემით დავიწყებ:
რამდენად მოწესრიგდა სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და რამდენად ადეკვატურია მინისტრის მხრიდან ამ საკითხის პრიორიტეტად დაყენება?!
დავიწყოთ იქიდან, რომ სკოლების პრიორიტეტი სწავლა-განათლებაა და ამ პრიორიტეულობას უნდა ემსახურებოდეს ყველა დანარჩენი - მასწავლებლები, დირექცია, სკოლის ინფრასტრუქტურა, შენობა და ცხადია, ე.წ. სველი წერტილებიც... ელემენტარული ჰიგიენის წესები უნდა იყოს დაცული, მაგრამ, როდესაც მინისტრი ჯერ კომბლეს და ზღაპრის გმირებს დაერია და უცებ აცხადებს, რომ ახლა ტუალეტებს უნდა დავერიოო, ეს ცოტა გროტესკულად გამოიყურება.
რამდენად დაერია, ვერ გეტყვით, მაგრამ სურათი არსებითად არ შეცვლილა. სადაც ამ მხრივ წესრიგი იყო - ისევ არის ეს წესრიგი, და სადაც ანტიჰიგიენას ვერ განიცდიდნენ - იქ ისევ ასეთივე მდგომარეობაა. თუმცა სკოლებმა, მინისტრის ეს გამოსვლები ახალ ტერორად აღიქვეს და სხვადასხვა არაორდინალური ინსტრუქციებით ცდილობენ ახალი „ტუალეტის პოლიტიკის“ განხორციელებას. წარმოიდგინეთ, ზუსტად მინისტრის განცხადების ფონზე იქმნება საშინელი მდგომარეობა თბილისის ერთ-ერთ -116 საჯარო სკოლაში, სადაც იმდენად ნოვატორულად „მოაგვარეს“ ჰიგიენური პრობლემა, რომ ბავშვებს, როგორც ჩანს, ტუალეტშიც აღარ უშვებენ და უკაცრავად და ისვრიან კიდეც!
ამ სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სიტყვიერად შეატყობინეს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს, კერძოდ, ჩვენი გუნდის წარმომადგენელს. მშობელმა დახმარება გვთხოვა, ისე, რომ მისი და არც მოსწავლეების ვინაობა არ გაგვემხილა. ცოტა უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით: ერთის მხრივ მშობელზე და მოსწავლეზე უნდა გვეზრუნა, მათ ღირსებაზე - რომელ მშობელს ესიამოვნება, რომ მთელმა სკოლამ, მოსწავლის მეგობრებმა და უფრო მეტიც - ქვეყანამ გაიგოს ბავშვის ამგვარი „მარცხი“ს შესახებ.
თქვენ წარმოიდგინეთ და მეორე საფეხურის მოსწავლეებზეა საუბარი. ამ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც, თავის დროზე, სკოლის საკადრო წმენდის პირობით, ბინძური გზებით გადირექტორდა, ტუალეტის პოლიტიკის ფარგლებში მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: კლასების დამრიგებლებს უკანონოდ დაუმატა ახალი ფუნქცია: მათ განკარგულებაში გადაეცათ ტუალეტის ქაღალადები, საპონი და მათ განკარგვაზე პასხუხისმგებლობაც მათვე დაეკისრათ. ანუ, თუ მოსწავლეს ტუალეტში მოუნდება, ის მიდის დამრიგებელთან და თხოვს, ტუალეტის ქაღალდი მომეციო... ძალიან სასაცილოა, ხო?
ამ კომიკურმა სიტუაციამ მშობლების აღშფოთება გამოწვია. წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია შეიქმნება ათასკაციან სკოლაში? ფაქტობრივად, დამრიგებლები ქაღალდის და საპონის გადაცემ-გადმოცემით უნდა დაკავდნენ!..
ისმება კითხვა: სად ეძებოს მოსწავლემ დამრიგებელი, როდესაც დამრიგებელი გაკვეთილს ატარებს? თუმცა, როგორც მშობლები იტყობინებიან, საგაკვეთილო დროს აიკრძალა ტუალეტით სარგებლობაო. ან, წარმოიდგინეთ, მაღალკლასელებმა, როგორ უნდა მიმართონ დამრიგებლებს ასეთ პიკანტურ საკითხებზე? ეს არის ბავშვთა ღირსების უპრეცედენტო შელახვა და მათი უფლებების მორიგი დარღვევა, რომელიც მუდმივი გახდა ამ სკოლაში, და რომელზეც, მარტო სკოლა კი არა, სამინისტროც და მთავრობაც აგებს პასუხს, რადგან, ამ დარღვევებზე ჩვენ, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა, შევასრულეთ ვალდებულება და მათ არაერთხელ მივმართეთ.
ახლა დავუბრუნდეთ ინციდენტს: იმ ანონიმურ მოსწავლეს რა მოუვიდა?
როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები იშვიათი არაა. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ტუალეტის მფლობელი დამრიგებელი იმდენხანს ეძება, ბოლოს საწყალმა, თავი ვეღარ შეიკავა, და უკაცრავად და ჩაისვარა. სახლში ატირებული რომ დაბრუნდა, ამის მერე მოვარდნენ ჩვენთან და გაგვაგებინეს ეს ამბავი. მსგავსი რამ, აქამდე არ გამიგია, და ამის აღმსრულებელ „მოაზროვნე“, სამინისტროს „რჩეულ“ ე.წ. დირექტორს, როგორი „ჯილდოც“ ეკუთვნის, ხვდებით, ალბათ! თუმცა, მარტო ამ ინციდენტის გამო კი არა, ის აქამდეც გასაშვები იყო _ მოსწავლეების ფიზიკური ექსპლოატაციის, მოსწავლეებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფების მიჩქმალვის, სკოლაში სახელმწიფო ქონების განადგურების, კერძოდ, სავენტილაციო სისტემის დაზიანების გამო, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დღემდე უქმნის საფრთხეს და ა.შ. მაგრამ სამინისტროსაც და მის ამ „ნამესტნიკსაც“, ალბათ, თავისნაირი უთავმოყვარეოები ჰგონიათ ამ სკოლის ბავშვები, განსაკუთრებით -უფროსკლასელები, რომლებიც, თურმე დამრიგებელს უნდა შეუთანხმდნენ, როდის დაიკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.
ხომ უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი „ტუალეტის პოლიტიკა“ ძალიან პირადულში ჩარევაა, რადგან მოსწავლეს, როგორც ვთქვით, ღირსებას და თავმოყვარეობას ულახავს. ეს არის უკანონობაც. შეუძლებელია, სკოლის შინაგანაწესთან იყოს ამგვარი გადაწყვეტილება შესაბამისობაში.
რატომ არ მოყვა ამას სამინისტროს მხრიდან რეაგირება?
სამინისტროს მხრიდან ამას რეაგირება კი არ მოყვა, პირიქით, ისინი, როგორც არაერთგზის მითქვამს, ცდილობენ ყველაფერი მიჩქმალონ, მაშინ, როდესაც საქმე და პრობლემა ეხება ბინძურად მართვად დირექტორებს. მოცემულ შემთხვევაშიც ასეთ „მენეჯერთან“ გვაქვს საქმე. ამჯერადაც, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ონოფრიშვილი, ასევე, 116-ე საჯარო სკოლის ე.წ. დირექტორის პროტეჟე, სამინისტროს თანამშრომელი ვინმე გრიგოლია აფარებენ ხელს ამ ინციდენტს. მაგრამ, მშობლები ისე ბობოქრობენ ისე აღშფოთებულები არიან, სად გაექცევიან მათ რისხვას, ვერ გეტყვით.