ზაურ ნაჭყებია: ვინ და რატომ „აბლატავებს“ უცხოელ კრიმინალებს ქართველთა ღირსების გათელვის ხარჯზე?!
ღიად ვაცხადებ: დღეს საღამოსთვის დაანონსებულ „ქართველთა მარშს" არ ვუერთდები!
არ ვუერთდები არა იმიტომ, რომ, ის სიბინძურე არ მაწუხებს, რაც ჩემს დედაქალაქში და ზოგადად, ჩემს ქვეყანაში ხდება,
არ ვუერთდები არა იმიტომ, რომ, ვიღაცის, ან რაღაცის მეშინია,
არ ვუერთდები იმიტომ, რომ ორგანიზატორთა და მათ ბრმა თუ შეგნებულ მხარდამჭერთა გზავნილები (გნებავთ, ლოზუნგები თუ მესიჯები) არ გამოხატავს არსებული რეალობის ობიექტურ შეფასებას...
ამაზრზენია, ის, რაც აღმაშენებლის გამზირზე(ყოფილ პლეხანოვზე) დღისით, მზისით, ყველას დასანახად - უტიფრად და გამომწვევად ხდება,
ამაზრზენია, ერთმანეთის მიჯრით მიწყობილი ჩილიმ-ბარები და საროსკიპოები, მაგრამ...
რატომ არავინ კითხულობს: ვინ მისცა უცხო ქვეყნებიდან შემოთესლილ არალეგალებს საროსკიპოებისა და ჩილიმ-ბარების შეუზღუდავად (დაუბრკოლებლად) მოწყობის უფლება?..
ვინ „აბლატავებს" უცხოელ თავხედებსა და კრიმინალებს ქართველთა ღირსების გათელვისა და საბოლოოდ დაკნინების ხარჯზე?
რატომ ვერ (არ) იცავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს უცხოტომელთა თავდასხმებისგან და რატომ გრძნობს საქართველოს მოქალაქე საკუთარ სამშობლოში ყოველთვის თავს დაუცველად?
რატომ არის საქართველოს კანონი ყოველთვის უცხოელებისთვის ლოიალური, ხოლო, ადგილობრივებისთვის ყოველთვის მკაცრი და უკომპრომისო?
რატომ ვითხოვთ არალეგალებისგან საქართველოს გაწმენდას ასე საჯაროდ, მაშინ, როცა ქართველი არალეგალებითაა სავსე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები?
რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ასეთი რადიკალიზმი ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება და ჩვენს თანამოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით?
ეს საკითხი რომ არ მაწუხებდეს, ქუჩაში გასვლას და საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ვინ დამასწრებდა!
დიახ, სიამოვნებით დავდგებოდი აქციის მონაწილეების გვერდით, ლოზუნგები სწორად რომ იყოს შერჩეული და მთავარი აქცენტი უცხოელი კრიმინალების (და არა ზოგადად, არალეგალების. თუ რატომ, უკვე დავაფიქსირე) საქართველოდან გაძევებაზე რომ იყოს აღებული. თან აგრესიის მახვილი არამარტო არალეგალებისკენ, არამედ, სრულიად უმოქმედო, მეტიც, კრიმინალის და უზნეობის მასტიმულირებელი საკუთარი ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული...
ვიდრე ჩვენ ცალ (ცარიელ) კარში თამაშს არ შევეშვებით, პროვოკაციებსაც არ ავცდებით და არასწორად დაგეგმილი აგრესიული მუხტიც ჩვენვე დაგვაზიანებს!