ვსევოლოდ ვსევოლოდის ძე კულიკოვი
დღეს მოსკოვში რუსეთის სამეცნიერო ეკონომიკური საზოგადოება ეთხოვება ვსევოლოდ კულიკოვს, რომელიც ა.წ. 29 აგვისტოს გარდაიცვალა (დაბადებული 1939 წ. 9 იანვარს). საბჭოთა პერიოდის რუსული ეკონომიკური აზრისა და საბჭოთა პოლიტეკონომიის ისტორიის მკვლევარები ვერც ეხლა და ვერც მომავალში გვერდს ვერ აუვლიან ე.წ. „ცაგოლოვის სკოლას“, რომლის განვითარებაში მთავარი მიღწევების 25 წლიანი პერიოდი გასული საუკუნის 60 -იანი წლების დასაწყისიდან 80-იანი წლების შუა ხანებამდე გრძელდებოდა. ეს სკოლა ფუნქციონირებდა მოსკოვის მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სკოლის „უფროსი თაობის“ წარმომადგენელთა შორის უდაო ლიდერი თუ მისი ფუძემდებელი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ცაგოლოვი (1904 -1985 წწ), „ახალგაზრდა თაობაში“ კი - ვსევოლოდ ვსევოლოდის ძე კულიკოვი იყო. ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფინირებული პროდუქტი იყო. 1961 წელს დაამთავრა ეს უნივერსიტეტი, აქ დაიცვა 1965 წელს - საკანდიდატო და 1977 წელს სადოქტორო დისერტაციები. „ცაგოლოვის სკოლამ“ დიდი გავლენა მოახდინა იმ დროინდელი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაზე. რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ბევრი წამყვანი მეცნიერი ეკონომისტი ამ სკოლის მოწაფე, ან თანამოაზრე იყო. ბევრია ამ სკოლის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნების წამყვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამდებობებზე. დღეს როდესაც ეს სკოლა აღარ არსებობს და მასთან დაკავშირებული ადამიანების ბედი და შეხედულებები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მათი გაერთიანება, ამ სკოლის გახსენება, მისი შედეგების „თანამედროვე ჟღერადობაზე“დაფიქრება კვლავ მოახერხა პროფესორმა კულიკოვმა თავისი გარდაცვალებით დამწუხრებულთა სახით. „ცაგოლოვის სკოლამ“ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაზე, პოლიტეკონომიის მეცნიერული კვლევების ორგანიზების , ისე კადრების მომზადების თვალსაზრისით.ეს გაპირობებული იყო პიროვნული ფაქტორებითაც. წარმოშობით ოსი ნიკოლოზ ცაგოლოვი ოჯახით ,მისთვის რთულ პერიოდში, ცხოვრობდა თბილისში და ამ პერიოდში მასზე ნაამაგები ქართველები საუკეთესო მეგობრებად ჰყავდა. მას ეს „წინა კაცის“ სიკეთე ბევრ ქართველს დაახვედრა შემდგომში ხიდად.მასწავლებლის მაგალითით, და უფრო შინაგანი ბუნებით, იმ პერიოდში მოსკოვის მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკუტეტზე საქართველოდან ჩასული სტუდენტებიდან, ასპირანტებიდან, პროფესორ-მასწავლებლებიდან ალბათ არ დარჩენილა არავინ ვისაც ვსევოლოდ კულიკოვისაგან ყურადღება და საჭირო დახმარება არ მიუღია. ის საქართველოშიც ბევრჯერ იყო, როგორც სამეცნიერო ხაზით, ისე სადისერტაციო ნაშრომების ოფიციალური ოპონენტის რანგში. ეს დამოკიდებულება , ბუნებრივია, არ იყო ცალმხრივი - საქართველოსაგანაც, მისი კოლეგებისა და მოწაფეებისაგან, მას ბევრი სითბო და მოფერება ჰქონდა. ბუნებრივია ისიც, რომ ვსევოლოდ კულიკოვის დამოკიდებულება ქართველებისადმი არ იყო ერთეული. მას ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს გაწეული ღვაწლი და ჰყავს მოწაფეები. ეს მოდიოდა იქედან, რომ ვსევოლოდ კულიკოვს ერთნაირად უყვარდა მისი საქმე და მისი მოწაფეები. ის იყო 100-მდე სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერ ხელმძღვანელი. ის თვითონ იყო მასწავლებლის კარგი დამფასებელი. მისი მასწავლებლის ნ.ცაგოლოვის 100 წლისთავზე (2004 წ.), როდესაც დრომ ანგარიში გაუსწორა ცაგოლოვის სკოლას და თვით ცაგოლოვიც ადვილად ანგარიშგასასწორებელი გახდა, ვსევოლოდ კულიკოვმა ობიექტური შეფასება მისცა „ცაგოლოვის სკოლის“ მნიშვნელობას ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით ( Куликов В.В. «Цаголовская школа» и ее современное звучание//Российский экономический журнал, 2004, № 4. ). მან აჩვენა, რომ „მეცნიერული სკოლები“ ისტორიულად წარმოიშვებიან და ჩადიან სცენიდან, მაგრამ მეცნიერებისათვის არასდროს არ ქრებიან. ვსევოლოდ კულიკოვს, რომლის შრომებიც შორდება „ცაგოლოვის სკოლის“ კვლევის სფეროს და რომელიც, როგორც მეცნიერი ამ პერიოდში იმყოფებოდა სამეცნიერო შედეგების ახალ პიკზე და რომელიც დიდი ხნის მანძილზე ადაპტირებული იყო პოსტსაბჭოთა და პოსტცაგოლოვისეულ პერიოდის მეცნიერების ორგანიზებას, არც ერთი კუთხით არ არგებდა ცაგოლოვის თემის გაღვიძება. ეს იყო მორალური მაგალითი. ეს არის დღევანდელი გადასახედიდან მასწავლებლის დაფასებისა და უკვდავების მაგალითი. უდაოა, რომ კულიკოვის მოწაფეები ამ მაგალითით იხელმძღვანელებენ. ისინი არ დაივიწყებენ ვსევოლოდ კულიკოვს არა მარტო პიროვნული ამაგის გამო, არამედ არ დაივიწყებენ მის მეცნიერულ მემკვიდრეობას, რომელიც ნაბეჭდი სახით 600 ერთეულზე მეტია. ამას ემატება ხელნაწერები, პირადი არქივი და სხვა. ამ საქმიანობაში სრულ მონაწილეობას მიიღებს ქართული სამეცნიერო ეკონომიკური საზოგადოება ვსევოლოდ კულიკოვის მეგობრებისა და კოლეგების ორგანიზებით. ვსევოლოდ კულიკოვმა მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და მისდამი დამოკიდებულებაც ღირსებითაა აღსავსე. ის სიცოცხლის ბოლომდე იყო სრულიად რუსეთის შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მრჩეველი და იგივე ინსტიტუტი საკუთარ საბანკეტო დარბაზში იხდის ოფიციალურად გამოსამშვიდობებელ სუფრას.
ჩვენც, ვუერთდებით ამ გამომშვიდობებას:
ნათელი იყოს პროფესორ ვსევოლოდ კულიკოვის ხსოვნა!
მსუბუქი იყოს პროფესორ ვსევოლოდ კულიკოვისათვის რუსული მიწა!
საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი
საქართველოს ეკონომისტთა ასოციაცია