დავით სალია: თქვენ გაგამარჯვებინათ დავით ფერაძემ!

დავით სალია: თქვენ გაგამარჯვებინათ დავით ფერაძემ!

მე ემიგრაციაში ვარ, რასაც თავისი მიზეზი აქვს: სხვა მრავალთა მსგავსად იძულებით ჩამომაშორეს განათლების სისტემას და მაიძულეს დევნილობაში ყოფნა. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს თვალ-ყური რომ  ვადევნო  და საქართველოში მცხოვრებ ბევრ „განმანათლებელზე“ და ბევრ მასწავლებელზეც კი მეტად  საქმის კურსში ვიყო. 

 

ვაკვირდებოდი თბილისის 67-ე საჯარო სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მინდა, ამ სკოლას მივულოცო გამარჯვება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად მართალია რომელიმე მხარე, რამდენად რეალურია სკოლის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება, როდესაც ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელზე „გამამტყუნებელი ბრალდება“ გამოჰქონდა.  ასევე ძნელად მეჩვენება, იმის მტკიცებაც,  რომ ქიმიის მასწავლებელი ცამდე მართალია, რადგან საქართველოს სკოლებში არც ბავშვზე ძალადობაა ახალი და არც დირექტორების მიერ მასწავლებლების გაყრის მიზნით „შეკერილი“ საქმეები. 

 

ასევე, არც სამინისტროსთვის არის უცხო დირექტორებისთვის საქმის შეთითხვნა. ისე, რომ რომელიმე მხარის სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ვარ მეთქი, ამას ვერ გეტყვით. 

 

თუმცა, ერთი რამ უდავოდ ცხადია: მოინდომეს ბავშვებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა. მათი დიდი ნაწილის ნება იყო, რომ დაბრუნებულიყო ქიმიის მასწავლებელი. რადგან არ დააბრუნეს, შემდეგ მოითხოვეს დირექტორის გადაყენება. ეს ნება უნდა შესრულებულიყო. მიმაჩნია, რომ თუნდაც 10-15-მა მოსწავლემაც რომ დააყენოს მოთხოვნა, არც ეს უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. სკოლა სხვა სივრცეა და თუ ერთ ნაწილს ძალიან არ უნდიხარ, როგორი მართალიც არ უნდა იყო, ალბათ უნდა წახვიდე. 

 

საქართველოს სინამდვილეში ასე არ ხდება ხოლმე. სანამ არ გაგიტანენ, შენით არ მიდიხარ.სამწუხაროა, რომ 67-ე სკოლის სკოლაშიც ასე მოხდა და დირექტორმა ვერ შეძლო ღირსეულად წასვლა!

 

ახლა, მოდით, რეალურად შევაფასოთ მოვლენები. სინამდვილეში რამ დააჩქარა დირექტორის გათავისუფლება? რატომ მიიღო განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ასე მყისიერად, როდესაც მას ამის საფუძველი ჯერ კიდევ მაისის თვიდან ჰქონდა?!

 

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებით ვიგებთ, რომ დირექტორს უამრავი ფინანსური გადაცდომა ჰქონდა, რომ რეგულარულად აგვიანებდა და ა.შ. ეს არის ზღაპრები, რომელიც ჯეჯელავას ძალიან უყვარს. ამ დაპროგრმებულმა მედიამაც, ყველაფერი „შპარგალკასავით“ გადაამღერა და საზოგადოებას ამცნო, რომ დირექტორი ამიტომ გაათავისუფლაო. კი, მაგრამ, მაისიდან ოქტომბრამდე სად იყო მინისტრი, ახლა გაახსენდა ეს დარღვევები?

 

რაღა თქმა უნდა, დირექტორის გათავისუფლების რეალური მიზეზი ის საპროტესტო ტალღა გახლდათ, რაც 67-ე საკოლასთან  მიმდინარეობდა, მაგრამ, ვინც საქმეში ჩახედულია, კარგად იცის, რომ  მარტო ეს საპროტესტო მოძრაობა ნამდვილად არ იყო საკმარისი, რათა მინისტრი ჯეჯელავა დათმობაზე წასულიყო. საკმარისი არ იყო, იმიტომ, რომ ის იყო სტიქიური, არაორგანიზებული, დაქსაქსული, სუსტი... ასეთ ფონზე ჯეჯელავა კიდევ დიდხანს გაწელავდა დროს ჩვეული ტაქტიკით: მობეზრდებათ და დაიშლებიანო.  

 

ჩვენ გვინახავს ამაზე მასშტაბური აქციებიც სკოლებში, უშედეგოდ რომ დასრულებულა. ახლაც  ასეც მოხდებოდა, რომ არა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. მოდით, ვიყოთ რეალისტები და მადლიერები და ვაღიაროთ, რომ გადამწყვეტი (ცხადია, არა ერთადერთი)  როლი 67-ე  საჯარო სკოლის „პროტესტანტების“ გამარჯვებაში უპირობოდ და უალტერნატივოდ, სწორედ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა, მისმა ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ შეასრულა. 

 

გადახედეთ ჩანაწერებს და ნახავთ, რა ხდებოდა ამ სკოლასთან 25 ოქტომბრამდე, ანუ ფერაძის აქ გამოჩენამდე  და რა მოხდა მერე. ფერაძის გამოჩენას მოჰყვა აქციის მონაწილეთა გაზრდა. პროტესტი დაორგანიზდა, მიიღო მიზანმიმართული და კონსტრუქციული ფორმა. როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, ფერაძე მოუწოდებდა მონაწილეებს წესრიგისკენ, კონსტრუქციულად ურთიერთობდა სამართალდამცავებთან. ამ ყველაფერმა ფაქტობრივად ერთ მთლიან ორგანიზმად შეკრა ეს აქცია. და როდესაც ფერაძემ სამინისტროს შესთავაზა დირექტორის პასხუხისმგებლობის საკითხის განხილვა გადაეწყვიტა დღის პირველ ნახევარში, თორემ სამინისტროსთან გადავინაცვლებთო, მხოლოდ ამის შემდეგ, უმოკლეს ვადაში მიიღო სამინისტრომ  67-ე საჯარო სკოლის დირექტორის გაშვების გადაწყვეტილება. 

 

ეს ისეთივე მარტივი ჭეშმარიტებაა, ისეთივე ცხადია, როგორც ორჯერ ორი. დიახ, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლიობამ  ფერაძის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა სამინისტროს ბიუროკრატიულ მმმართველობაზე და აიძულა ის მიეღო გადაწყვეტილება.

 

რამდენადაც ვაკვირდებოდი და რამდენადაც ფერაძე აცხადებდა გამოსვლებში, საკუთრივ აქციაზე მხოლოდ ორიოდე მასწავლებელი იყო, ჰა, ჰა 10 კაცი. ალბათ, კიდევ ამდენი ან ცოტა მეტი სკოლის შენობიდან უთუოდ იქნებოდა გულშემატკივარი, დანარჩენმა კი კომფორმიზმის პოზიცია არჩია. ცხადია, ვერავის მოსთხოვ ერთ აზრზე ყოფნას და ეს გარემოება სრულიად ნორმალურია, მაგრამ მე პირადად, როგორი განსხვავებული პოზიციაც არ უნდა მქონოდა, დავდგებოდი ბავშვების, მოსწავლეების მხარეს. სკოლა არის მოსწავლეებისთვის და თუ განათლება მოსწავლეზე ორიენტირებულია, თუ საამისოდ უამრავი საგნობრივი დისციპლინა ისწავლება, მაშინ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძოლისა და შემართების მაგალითები მათთვის, ვისაც ამას ვასწავლით. თუ ვინმე ამაში შემედავება, შემიძლია წარმოვუდგინო რამდენიმე წლის წინანდელი საარქივო მასალები, სადაც, მე და დავით ფერაძე მუდმივად მხარდამხარ ვიბრძოდით დამღუპველი საგანმანათლებლო  პოლიტიკის წინააღმდეგ და ამას მოყვა კიდეც გარკვეული შედეგები.

 

ოდით, ვიყოთ კიდევ უფრო რეალურები და გავარკვიოთ, რატომ გაათავისუფლა დირექტორი სამინისტრომ დავით ფერაძის აქციაში ჩართვის მერე? ცხადია, თავის მოტყუება იქნება ვთქვათ, რომ ფერაძის პატივისცემის, ან მისი სიყვარულის. რა თქმა უნდა, არა. პატივისცემა და სიყვარული კი არა, ნება რომ მისცე, ფერაძეს ერთხმად ჩამოახრჩობენ. აბა, რაღა მოხდა?

 

სამინისტროში სერიოზულად შეშფოთდნენ, რომ ფერაძეს აქციის მონაწილეები არ გადაეყვანა სამინისტროს წინ, თუ ეს მოხდებოდა, მაშინ შესაძლოა,  პროცესს სხვა სკოლებიდანაც შეუერთებოდნენ. ეს კი ჯეჯელავას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ტოლფასი იქნებოდა. ცხადია, სამინისტროში დღემდე კარგად ახსოვთ, რომ, როდესაც ფერაძემ რამდენიმე სკოლასთან ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო მარში მოაწყო, აქციის მეორე დღეს მინისტრი სანიკიძე თანამდებობიდან გაისტუმრეს. 

 

აი, ამ სასიშროებათა გათვალისწინებას მოყვა 67-ე სკოლის დირექტორის გადაყენება. რა თქმა უნდა, მინისტრის თავის წაგდებას, დირექტორის თავის წაგება სჯობს!

 

და ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათელი მაგალითი იმსა, თუ როგორ იმარჯვებს სიმართლე. ამ ბრძოლაში, ამ ომში, რომელიც განათლებისთვის, მომავალი წინსვლისთვის მიმდინარეობს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი „მთავარსარდალია“ და ესაა დავით ფერაძე, ესაა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი, პირადად, ძალიან მაწუხებს, რომ ასეთ სიტუაციებში ვერ ვახერხებ დავით ფერაძის გვერდში ყოფნას, რადგან ჯერ-ჯერობით დევნილობაში ვარ და სიტყვიერად მაინც შემიძლია შეწევნა. მინდა წარმოიდგინოს მთელმა იმ საზოგადოებამ, რომელიც რაღაცნაირად მაინც არის დაკავშირებული განათლებასთან: თუ ერთი კაცი ახერხებს ამდენს, თუ მას გაჰყვნენ მისთვის უცნობი ახალგაზრდები, მოსწავლეები, რომლებსაც თქვენ ასწავლით, რამდენს შეძლებთ ერთად. ხომ კარგად დაინახეთ ეს არაერთხელ და აი უკვე, 67-ე საჯარო სკოლასთან. ჰოდა, ახლა გააქტიურდით ერთად მოიშორეთ  ე.წ. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა“

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: