დავით ფერაძე: თქვენ შეაბიჯეთ სიბნელეში!

დავით ფერაძე: თქვენ შეაბიჯეთ სიბნელეში!

 

მოგესალმებით! ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები, ცოტაოდენ ძვირფას დროს წაგართმევთ, რომელიც, შესაძლოა, არცთუ უკეთესი რამისთვის დაგეთმოთ! 

 

მინდა  ისე მოგმართოთ, რომ ერთობლივად ბოლომდე გავიაზროთ თანამედროვეობის მთელი დრამატულობა!..

 

ბევრს, მათ შორის, მეც, სამთავრობო ძალებმა უკიდურესი და მაქსიმალურად დისკომფორტული გზის გარდა, არაფერი დაგვიტოვეს. წლებს, ფაქტობრივად, დევნილობაში ვატარებთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ინფორმაციული ბლოკირებისთვის. ხელისუფლება და მედია პირდაპირ ემსახურება მხოლოდ მორალურად გაბანკროტებულ პოლიტიკურ ვამპირებს - ადამიანებს, რომლებიც თქვენ ჩასანთქამად ისწრაფვიან. ამიტომ სურთ მათ ძალაუფლება!!! 

 

საინფორმაციო მანქანა ხელოვნურად ქმნის ვირტუალურ  გარემოს - გარემოს, სადაც თითქოს, ორიოდე პოლიტიკური ძალის გარდა, სხვა არავინ არის. ეს არის „მეოთხე ხელისუფლების“ დანაშაული! სინამდვილეში პროფესიონალები ვირტუალური პოლიტიკური ორბიტის მიღმა იმყოფებიან...

 

მთავრობების პოლიტიკით კი არ ჩნდება, იკარგება ათასობით სამუშაო ადგილი. განათლება მიღებულებიც ან უმუშევრად სხედან, ან მიდიან საზღვარგარეთ! ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფალნი მოსვლის უმალვე ღატაკდებიან მორალურად და პოლიტიკურად. ეს მარტო მათი კი არა, ჩვენი ადამიანური სისუსტეების ბრალია. ამის ბრალია ეკონომიკური პრობლემაც. 

 

რატომ?! იმიტომ, რომ სისუსტეს ვერ ვერევით და ვირჩევთ მას, ვისი არჩევაც არ გვსურს. არჩეულები ბედნიერების მაღალ სტანდარტებს ნამდვილად ქმნიან, ოღონდ არა თქვენთვის, არამედ თავიანთთვის...

 

ადამიანების დამოკიდებულება ზღვარზემოთაა. დამოკიდებული ადამიანები ვერ იღებენ სასურველ გადაწყვეტილებას, ვერ ავლენენ ნებას, თუნდაც ფარულად. არადა, ბედნიერებას სწორედ თავისუფლება და ღირსება განაპირობებს! 

 

და ვისზე არიან ადამიანები დამოკიდებულები? 

 

სახელმწიფოზე ან სახელმწიფო სტრუქტურებზე.  მაგრამ, მე არ ვფიქრობ, დღესვე რომ მოიხსნას სახელმწიფოს წნეხი და კონტროლი, მაშინვე მოგვარდება პრობლემა. 

 

არა, რა თქმა უნდა, რადგან მრავალწლიანმა წნეხმა თვითცენზურის სინდრომით დააავადა ადამიანები. მუდმივად იმის სკანდირება, რომ „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი“, ადამიანების ტვინებს არყევს, თვითრწმენას ანგრევს. ჩვენ ვერც სამთავრობო და ვერც არასამთავრობო სექტორში ვერ ვხედავთ ადამიანებზე, თქვენზე ორიენტირებულ  პოლიტიკას. თითქოს ადამიანთა უფლებების დაცვისთვის იბრძვიან ცალკეული ორგანიზაციები, მაგრამ სხვის უფლებებს კი ხელყოფენ! 

 

დამოკიდებულება ვახსენე. რას იწვევს ეს? 

 

ადამიანები არიან სახელმწიფოს მსახურები და ეშინიათ ამ სახელწმიფოსი. არადა პირიქით უნდა იყოს. სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს ადამიანის, თუ მას უკანონოდ მოექცევა. სხვანაირად, ვერც განვვითარდებით, ვერც ეკონომიკას მივხედავთ. გათავისუფლებული ადამიანი თავისუფლად შრომობს, შრომის შედეგებს იმკის და გამდიდრების საშუალებაც ეძლევა. დღემდე კი თქვენ თავისუფლი შრომის საშუალებას არ გაძლევენ,  თქვენ ვერ გამდიდრდებით, რადგან, სახელმწიფო ჩასაფრებულია თქვენს მოგებაზე - საქართველოში  მოგება დარეკეტებულია. სხვანაირად, როგორ გამდიდრდება ხალხი?!   

 

ამიტომ არის, რომ, ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის კეთილდღეობაში განსხვავება კოლოსალურად იზრდება.  საქართველოს რეალობა კი რა არის: ყველა კუთხიდან გაქცეული ხალხი. იაფი მუშახელი უცხოელთათვის, სადაც არაადამიანურ პირობებში „ცხოვრობენ“. ჩვეულებრივ მოვლენად გექცათ იმედგაცრუება, ხელისმოცარვა, წარუმატებლობა. თუ სადმე რამე სამსახურია, თქვენ იქ არ გიღებენ, თუ ბიზნესის დაწყბა გსურთ, ამის საშუალებას არ მოგცემენ, თუ კრედიტს შეიძენთ, ყველა უძრავ-მოძრავ ქონებას დაგაკარგვინებენ!!!

 

სახელმწიფო არაა ადამიანთა სტატისტიკური მონაცემები, ის პიროვნებებისგან შედგება, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ასე ინება უფალმა. ღმერთი ყველას თავისებურებას აღიარებს, ყველა ერთნაირად ფასეულია, მზე ყველას ერთნაირად უნათებს: მეეზოვეებს, მძღოლებს, დამლაგებლებს, პედაგოგებს, ექიმებს, მშენებლებს, მღებავებს და ყველას აქვს უფლება იკვებოს, იცხოვროს და განვითარდეს სურვილის მიხედვით. ჩვენი სამშობლო მათგან შედგება და არა მარტო პოლიტიკური პირებისგან. თუ ხალხი არ იარსებებს, სახელმწიფო როგორღა იარსებებს?! არადა, ხალხი იძულებულია გაიქცეს. ვიცლებით, ვიშლებით...

 

ვინ აკეთებს ამას?!

 

ისინი, ვინც აირჩიეთ. აირჩიეთ რამდენიმე მცდარი შეხედულებით: „მაინც ის გავა“ „ჩვენ არავინ გვეკითხება“, „ბარემ, ისევ მაძღარი იყოს“ და ა.შ.

 

მეგობრებო, 

 

ასე არაფერი გამოვა. თუ არ გაიკითხე, შეამოწმე, გაეცანი, ისე გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღოთ?! შენს არჩეულს ხომ შენი ჯიბიდან უხდი ხელფასს. წარმოიდგინეთ, ძიძა რომ დაიქირავოთ და მან დაგიწყოთ დირექტივების გაცემა, გიკარნახოთ, როგორ უნდა მოიქცეთ და აღებულ საზღაურში ბავშვსაც არ მიხედოს. მეორე შვილთან რომ დაგჭირდეთ, ხომ აღარ აიყვანთ მას?!

 

ადამიანები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, რომლებმაც გაგძარცვეს თქვენ და მთელი ქვეყანა, თითი თითზე არ დაადეს სახელმწიფოსთვის, ახლა ნაძარცვს იკანონებენ და ახალი მოხვეჭისთვის ემზადებიან. 

 

რას მეტყველებს დღევანდელობა? 

 

მომავალ წლებში უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდას, ახალგაზრდული ნიჭის კვლავ გადინებას და ეროვნული ინტელექტუალური რესუსრსის დიდ დანაკარგს...

 

თქვენ შეაბიჯეთ სიბნელეში -  თქვენ არჩევნებში გააფორმეთ საკუთარი ნების აქტი. თქვენ გააშარჟეთ მისი უდიდებულესობა - არჩევნები, მაშინ ხელისუფლებისგან იგივე ნუღარ გვიკვირს.

 

თუმცა, არ ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ყველაზე ცუდი ხალხი ვართ. ისეთები უთუოდ ვართ, რომ უკეთესი მომავალი გვსურდეს და მოვიპოვოთ კიდეც. 

 

ადამიანებო, თანამოქალაქენო:

 

ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის რწმენისა და იმედის დაბრუნება, ამის მერე შევძლებთ ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, რომელიც არის მთავარი ამოცანა. თუმცა, ამ ამოცანის ამოხსნას აქვს უტყუარი მეთოდი - ესაა განათლება. 

 

ასეთ სიტუაციაში ერთი გამოსავალია: მე მოვუწოდებ ყველა გულანთებულს, თავად ჩავდგეთ ბრძოლის ავანგარდში! 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: