ზაურ ნაჭყებია: რატომ დავრჩი უკმაყოფილო?!
გულწრფელად ვამბობ: ინტერესით ვუერთდები ყველა სასარგებლო ინიციატივას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი...
მითუმეტეს, ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუ ასეთი ინიციატივები საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ქალაქის სისხლხორცეულ პრობლემებს უკავშირდება.
სწორედ ასეთ ინიციატივად ჩავთვალე მწერალთა სახლში საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ეგიდით გამართული გუშინდელი შეხვედრა, რომელიც დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ამ სფეროში არსებულ უმწვავეს პრობლემებს მიეძღვნა.
ჩემთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის, ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა დახვეწილი, შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის არქიტექტორების, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსების: ვახტანგ დავითაიას და გიგა ბათიაშვილის გამოსვლები - დიახ, ბევრი რამ სხვანაირად გადავაფასე, ბევრ რამეზეც თვალები ამეხილა...
უპირველესად, ხელისგულზე წარმოჩინდა არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქში არსებული უმწვავესი პრობლემები. კიდევ ერთხელ ფარდა აეხადა სააკაშვილის ზეობის პერიოდში თბილისის იერსახის ხელოვნურად დამახინჯებისა და უნიჭიერესი ქართველი არქიტექტორების გამოცდილების იგნორირების პრაქტიკას.
ბატონმა ვახტანგ დავითაიამ, მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმითა და პირდაპირობით აგვიხსნა იმ 9 წლიანი პერიოდის დადებითი და უარყოფითი ასპექტები.
დადებითი იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ (როგორც არასდროს) მშენებლობის ბუმი იყო თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
მისი სიტყვებით თუ ვიტყვით,ეს იყო „ავტორიტარიზმის არქიტექტურული ავტონომია“ („მთელი დედაქალაქი ხარაჩოებში იყო ჩასმული“), რომლის „წყალობითაც“ რაოდენობას ხარისხი ეწირებოდა - იმ პერიოდში აშენებული შენობებიდან ძალიან ცოტაა (თუ საერთოდ არის) არქიტექტურულ-კულტურული ღირებულებების მატარებელი.მეტიც, მათში საერთოდ იგნორირებულია ქართული უნიკალური არქიტექტურის ტრადიციები...
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ყველაფერი კეთდებოდა სტიქიურად, რამაც დედაქალაქის არქიტექტურული ანსამბლი კიდევ უფრო დაამახინჯა!
ცალკე საუბრის თემაა ადგილობრივი მაღალპროფესიონალი არქიტექტორების სრული იგნორირება და უცხოელი, „ძვირად ღირებული“ სპეციალისტების მოწვევა, რომელთა კისერზეა სწორედ მახინჯი,უგემოვნოდ შესრულებული, დედაქალაქის არქიტექტურული ანსამბლიდან ამოვარდნილი შენობები...
როგორც ზემოთ ვთქვი, გუშინდელი შეხვედრა ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) ღირებული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით, თუმცა, ვეჭვობ, რომ მან არსებითი სარგებელი მოუტანოს დედაქალაქს არსებული სიმახინჯის აღკვეთისა და ქალაქის ურბანული განვითარების სრულყოფის თვალსაზრისით, რადგან,ამ შეხვედრამ მხოლოდ „ორთქლის გამოშვების “ფუნქცია შეასრულა!
რა მაქვს მხედველობაში?
შეხვედრას (როგორც აღინიშნა), საპატიო მიზეზით, არ ესწრებოდა დედაქალაქის ახალარჩეული მერი ბატონი კახი კალაძე, რომელიც პასუხისმგებელია თბილისის ურბანულ განვითარებაზე და დედაქალაქისთვის ტრადიციული არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებაზე (მერიის პასიური წარმომადგენლების დარბაზში ყოფნა ამინდს არ ქმნიდა).
„აბრეშუმის გზის “ფორუმი თბილისში ამ დღეებში რომ ტარდებოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო ცნობილი და ღონისძიების ავტორებს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ, რადგან, სწორედ კახი კალაძისგან უნდა მოგვესმინა: როგორ აფასებს იგი მემკვიდრეობით მიღებულ დედაქალაქის ურბანულ მდგომარეობას და რა პოლიტიკას განახორციელებს თბილისის არქიტექტურულ დაგეგმარებაში დღემდე არსებული უხამსი პრაქტიკის აღკვეთის თვალსაზრისით
რა ბედი ეწევა „ნაციონალების“ზეობის პერიოდში აშენებულ მახინჯ, დედაქალაქის არქიტექტურული იერსახისთვის შეუფერებელ შენობებს, იხელმძღვანელებს თუ არა ადგილობრივი პროფესიონალი არქიტექტორების რეკომენდაციებით გადაწყვეტილების მიღებისას, როდის დააბრუნებს საკუთარ ადგილზე დავით აღმაშენებლის ძეგლს, როდის მოაშორებს რესპუბლიკის მოედნიდან სამასხარაოდ ქცეულ ველოსიპედს, როგორ აპირებს „მახრჩობელად“ ქცეული მუდმივი საცობებისგან დედაქალაქის განტვირთვას და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, რას ფიქრობს ახალ გენგეგმაზე.
ვინაიდან და რადგან, შეხვედრის მთავარი ადრესატი საპატიო მიზეზით არ მობრძანებულა, გუშინდელმა ღონისძიებამ უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა (ნუ ეწყინებთ ჩემს მეგობრებს, იგივე, შეხვედრის ორგანიზატორებს).
ხომ შეიძლებოდა ამ შეხვედრის რამდენიმე დღით გადაწევა, მითუმეტეს, დღეს კომუნიკაციის პრობლემა არ არის!
P.S.ნიშანდობლივია ისიც, რომ შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან არ შემუშავებულა პრქტიკული ხასიათის რეკომენდაციები, არ მომზადებულა ოფიციალური მიმართვა იმ სახელმწიფო სტრუქურებისადმი, ვისაც საქართველოში და კონკრეტულად, დედაქალაქში, პასუხისმგებლობა ეკისრება ურბანულ განვითარებაზე!