„თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?“
ამ სათაურით, 2018 წლის 13 თებერვალს ,თბილისში საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით გაიმართა მულტისექტორული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელმაც მიიღო რეზოლუცია. გთავაზობთ აღნიშნული რეზოლუციის ტექსტს.
რ ე ზ ო ლ უ ც ი ა
კონფერენციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქალაქი თბილისი, ისტორიულად შექმნილი მდგომარეობის გამო, როდესაც ხდება საბჭოთა იდეოლოგიის შესაბამისად განხორციელებული ქალაქთმშენებლობის ტრანსფორმაცია და მისი ადაპტაცია სრულიად სხვა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებულ სინამდვილისადმი (რასაც ემატება ერთპიროვნულად განხორციელებული მმართველობითი ქმედებები), გარდამავალი პერიოდის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, დგას უმწვავესი გამოწვევების წინაშე, რომელთაც ბევრი მიმართულებით კრიზისული ფორმები მიიღო.
კონფერენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ მდგომარეობა ჯერ კიდევ არაა შეუქცევადი და გამოუსწორებელი, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული უმწვავესი ურბანული კრიზისის დადგომა თავისი კატასტროფული შედეგებით.
კონფერენციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება და მისგან გამომდინარე ღონისძიებების გატარება.
კონფერენციის მონაწილეები აცნობიერებენ რა პროცესების განხორციელების მიმდინარეობას დროსა და სივრცეში, შესაბამისად იძლევიან დასკვნას, აქტივობების განხორციელებისთვის უახლესი და ხანგძლივი დროისთვის მისაღწევი მიზნების მიხედვით, რაც გულისხმობს პირველი რიგის ღონისძიებებით შეჩერდეს თბილისში მიმდინარე ნეგატიური პროცესები და მიეცეს საშუალება ქალაქს მდგრადი განვითარებისთვის.
კონფერენციის მონაწილეები იძლევიან რეკომენდაციას, რომ თბილისის ქალაქთმშენებლობის ჩამოყალიბებული სისტემის არარსებობის გამო ანტიკრიზისული პროგრამა უნდა განხორციელდეს ორერთიანი მიდგომის საფუძველზე:
ერთი მხრივ, შემუშავდეს და დაუყონებლივ გატარდეს ქალაქმშენებლობის უმწვავეს და გადაუდებელ გამოწვევებთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების პრევენციული ღონისძიებები და მეორე მხრივ, პარალელურად წარიმართოს ინსტიტუციონალური პროცესი თანამედროვე ქალაქთმშენებლობის სისტემის შესაქმნელად. ამასთან, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავებამდე და დამტკიცებამდე შეჩერდეს ქალაქის ურბანულ ქსოვილში რადიკალური ჩარევები.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულის განხორციელება მარტო ქალაქ თბილისის შესაძლებლობებს აღემატება და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი ქმედებების შემთხვევაშია შესაძლებელი.
კერძოდ:
- ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთკოორდინაციით უნდა განისაზღვროს თბილისის ადგილი ტერიტორიულ-სივრცობრივ მართვაში და ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობის ფორმები ქალაქის განვითარების საკითხებში.
ამისთვის;
- უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს ტერიტორიული დაგეგმვის სტრატეგიის პრინციპები, რაც უნდა აისახოს საქართველოს სახელმწიფო მოწყობის კონცეფციაში, უნდა შეიქმნას სივრცითი სტრატეგია, სამოქმედო პროგრამა (გეგმა) და საქართველოს კანონი „სივრცითი დაგემვისა და ქალაქთმშენებლობის“ შესახებ, კანონი მიწების ზონირების შესახებ და სხვა ფუნდამენტური კანონები (უპირველეს ყოვლისა „მიწის კოდექსი“);
- განხორციელდეს ქვეყნის სივრცობრივ ტერიტორიული დაგეგმვა;
- შემუშავდეს თბილისის განვითარების სტრატეგია და ქალაქმშენებლობის გეგმა, რომელიც წარმოადგენს, თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის ერთობლიობას.
კონფერენციის მონაწილეები მოუწოდებენ თბილისის თვითმმართველობას ადგილობრივი მმართველობის მეშვეობით დაუყოვნებლივ განსაზღვრონ ქალაქის ფუნქციონირებისთვის უმთავრესი ხელისშემშლელი პრობლემები და დაიწყონ მათი დაძლევა სპეციალურად შემუშავებული საგანგებო პროგრამის მიხედვით.
კონფერენციის მონაწილეები თვლიან, რომ ქალაქ თბილისისთვის უმწვავესი პრობლემაა:
- ტრანსპორტის პრობლემა;
- საინჟინრო ქსელური კომუნიკაციები და სამშენებლო გარემო;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და მომსახურება;
- ბუნების დაცვა და ეკოლოგიური მდგომარეობა;
- ეკონომიკური და სოციალური პრობლემები;
- მოქალაქეების არასაკმარისი ჩართულობა თვითმმართველობის საკითხებში.
განსაკუთრებით გამოყოფენ არათანამიმდევრული ურბანული მენეჯმენტის, ურბანული სიღარიბის მართვისა და ფინანსების პრობლემას.
კონფერენციის მონაწილეები მიუთითებენ, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ადამიანური რესურსები, რომელიც დღეს არ ჰყოფნის ქალაქის მენეჯმენტს. ამის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი მხოლოდ მაშინ იქნება საკმარისი, თუ გაერთიანდება ქალაქის მმართველობა და ინტელექტუალური და პროფესიული ელიტა.
კონფერენციის მონაწილეები თვლიან, რომ საკითხისადმი სამოქალაქო, სამეცნიერო და პოლიტიკური ინტერესის ამაღლების, პრობლემების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციისა და ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზების მიზნით, ჩატარებულ კონფერენციას უნდა ჰქონდეს გაგრძელება სხვადასხვა ფორუმების - კონფერენციების, დისკუსიების, სემინარების, თუ სამუშაო ჯგუფების შექმნის სახით ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
კონფერენციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ თბილისის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ქალაქ თბილისის თვითმმართველობასა და მმართველობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, საჯაროობის პრინციპების სრულად განხორციელების საფუძველზე.