ნოვატორი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
10 მარტი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნოვატორი მეცნიერის ნოდარ ჭითანავას დაბადების დღეა. ამ მართლაც დიდ მოაზროვნესა და მამულიშვილზე თამამად შეიძლება ყველაზე აღმატებული ფორმით გამოხატო დამოკიდებულება და მაშინაც გამოგრჩება შესაფერისი ეპითეტი.
ვუერთდები ბატონი ნოდარის კეთილისმსურველთა გულმხურვალე მილოცვებს და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას ვუსურვებ!
მინდა გაუწყოთ, რომ ამ დღეებში გამოვა მისი მონოგრაფია: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია,“ რომლის რედაქტორობაც წილად მერგო. ეს მორიგი, თუმცა გამორჩეული ნობათია მისი მეცნიერული ნააზრევით, რომლითაც ხშირად გვანებივრებს. რედაქტორის რანგში ამ წიგნზე მუშაობა ეს იყო ავტორის უკიდეგანო გამოცდილების, იდეების, განჭვრეტის, შეფასებების სამჭედლოში შეღწევა და გაოცება. მალე ამას თქვენც იხილავთ.
ვიდრე ეს წიგნი თქვენამდე მოაღწევს, გამოცემიდან წამძღვარებულ რედაქტორის სიტყვას ანონსად გიწილადებთ.
რედაქტორისგან
ყველა ნიშნით (პოლიტიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციულ-მმართველობითი, ზნეობრივი, ფსიქოლოგიური) და დრამატულობით (მოვლენათა განვითარების სიმწვავით, კრიმინალიზაციის აღზევებით, შურისძიების ფორმებით, ეროვნული სიმდიდრის საყოველთაო ძარცვის მასშტაბებით), პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოს ისტორიაში ურთულესია. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან სულ რაღაც 25 წლის განმავლობაში სამამულო და სამოქალაქო ომები, პოლიტიკური რუქიდან გაქრობის საფრთხე, გაუტანლობა, ღალატი, წინგაუხედაობა, სიბნელე, სიცივე, გათიშულობა, სოციალური პოლარიზება, სიდუხჭირე და ათასი სხვა განსაცდელი გამოიარა. გარდასული ავბედითობა უპირატესად შეცდომებმა, გარეგანმა ფაქტორებმა, უცოდინარობამ, ქართულმა ავანტიურიზმმა, ყველაფერმა ერთად და წვრილ-წვრილად ბევრმა სხვა გარემოებამაც განაპირობა. გაუთვალისწინებელი მოქმედებების თუ უმოქმედობის მკვეთრად გამოხატული უკუჩვენებები წარუშლელად ატყვია ეკონომიკას, მის დარგობრივ განვითარებას, სოციალურ სფეროს და გაღებული მსხვერპლი, ღრმა ნაიარევით, კვლავ დიდხანს გაჰყვება ჩვენს ყოფას.
ეს უნდა გვახსოვდეს და გავაცნობიეროთ, რა მოხდა?!
წინამდებარე წიგნის ავტორი შესავალში როგორც შენიშნავს, „წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ ზუსტად იცოდეს: სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ, რომ მათ მოქმედებებში გაჩნდეს მოტივაცია და არგუმენტირებული კორექტივები. ამისთვის, სულ ცოტა, უნდა აღიწეროს, რაც იყო, გაანალიზდეს და შეფასდეს განვლილი გზა რადიკალური ცვლილებების დაწყებიდან დღემდე. საჭიროა, რეალური მომავლისკენ თამამად გავიხედოთ!“
უკეთესად და უფრო ლაკონურად ვერც იტყვი, რა მისია იკისრა აწ უკვე თქვენამდე მოღწეულმა მონოგრაფიამ. მასში მთელი ეპოქაა ასახული ღრმა ფიქრის, განსჯის, საკუთარი გამოცდილებისა და ემოციის წიაღში გამოვლილი. აქ თითოეულ სიტყვას, ციფრს, ნააზრევს ძლიერი დატვირთვა აქვს - უნდა ჩაუკვირდე, განჭვრიტო და აღიქვა.
გასული საუკუნის 90-ანი წლები ჩვენს ცნობიერებაში აღბეჭდილია, როგორც მეურნეობრიობის სოციალისტური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი. იყო მოლოდინი, რომ საბაზრო ურთიერთობები კეთილდღეობას, სიუხვეს, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების განუსაზღვრელ შესაძლებლობებს დაამკვიდრებდა. მეცნიერთა ნაწილი სწორედ ბაზრის მექანიზმების ხოტბით გახდა ცნობილი და ამ შეხედულებების ერთგული დარჩა, თუმცა მათი წინასწარშეცნობილი „სიკეთის სავანე“, ისედაც მრავალჭირგამოვლილ, მაგრამ არსებობისთვის მინიმალური გარანტიებით დაიმედებულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ნგრევით დაიწყო; სოციალისტური წყობის ფასეულობებიც მოიქცია ძირს და უფრო ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა, მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა, „სოციალურად პოლარიზებული საზოგადოება და დემორალიზებული ეკონომიკა“ მივიღეთ. ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი და ქვეყნიერების შემომქმედი, რომლის კეთილდღეობასაც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების განვითარების ბაზისიც და ზედნაშენიც, ფაქტობრივად, დაუცველი გახდა, გლობალურ დაპირისპირებასა და კერძო კლანურ ინტერესებს ეწირება. ამავდროულად, უკეთესი მერმისის განჭვრეტაც ვერ ხერხდება.
ისევ ავტორს თუ დავესესხები: „სამწუხაროდ, ქვეყანას მომავლის განსაზღვრის შეზღუდული არჩევანი აქვს: ეროვნული ფენომენის გათანამედროვეობით დროსთან (სწრაფად ცვალებად გამოწვევებთან) თავსებადობის უნარი შეინარჩუნოს ან გლობალური პროცესების მილევად სახელმწიფო წარმონაქმნად იქცეს და დროის მკაცრ (წინასწარ ცნობილ) განაჩენს დაელოდოს“.
სოციალისტური სისტემის ტრანსფორმაციული პროცესების მართვის გამოცდილება აქამდე სხვა სახელმწიფოებსაც არ ჰქონდათ. ეს მხოლოდ საბჭოეთის ყოფილმა რესპუბლიკებმა გამოსცადეს და შედეგებიც ამ ქვეყნებმა იწვნიეს. მათ შორის, საქართველო უნიკალური გამონაკლისია: - გარდაქმნების უარყოფითი და უმკაცრესი გამოვლინებები სწორედ აქ, ამ თვალწარმტაც მზისქვეშეთს დაატყდა თავს. სწორედ აქ, რეალურად ვიგრძენით და კარგადაც ვხედავთ „სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ“.
„ბაზრის მეხოტბეებმა“ შექმნილ ვითარებას ჭრელი და დასავლური თეორიებით ნასაზრდოები განმარტებები მოარგეს, რეალურ მიზეზს კი ყველა გაექცა - არსს ვერ ჩაწვდნენ, სახელს მოუფრთხილდნენ ან კონიუქტურულ მოსაზრებებს გადაუხადეს ხარკი. ვერავინ ვერ ახსნა, რამ განაპირობა შეუთავსებელი წინააღმდეგობა პიროვნული საწყისის განვითარებით მოპოვებულ ნანატრ თავისუფლებასა და თავად თავისუფალი ადამიანების მიერ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გამოყენების უუნარობას შორის.
გავა დრო და მემატიანემ ეს ბოლო მეოთხედი საუკუნე, შესაძლოა, ორიოდ წინადადებაში მოაქციოს და მთავარი ყურადღების მიღმა დარჩეს. მერე ვერავინ შეძლებს, იყოს ამ, უაღრესად რთული, საბედისწერო მოვლენებითა და გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდის პირუთვნელი შემფასებელი. სხვა მოსაზრება არც უნდა იყოს, ეს საშური საქმეა მომავლისთვის, შეცდომების განრიდებისა და სწორ განზრახულობათა ჩამოყალიბებისთვის.
ეროვნული ეკონომიკის გარდაქმნების შედეგების (თავისებურებების, ტენდენციების) ანალიზი და ობიექტური შეფასება მხოლოდ მასში მონაწილე, შინაგანად მობილიზებულ, გამოცდილებით დატვირთულ, მასშტაბური ხედვის და მოვლენათა განვითარების განჭვრეტის უნარით მადლმოსილ, ქვეყნის ბედზე დაფიქრებულ ადამიანს თუ შეუძლია.
და აი, ეს მისია ნოდარ ჭითანავამ იტვირთა! იგი უშუალოდ იყო ჩართული ბობოქარ პროცესებში, კარგად იცის რა ქარბორბალაც ტრიალებდა სახელისუფლებო კულუარებში, საზოგადოებაში. ამიტომ, „ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ბედნიერი მორიგების“ სულისკვეთებით გახსნა მთავარი თემა და, ფაქტობრივად, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, ყველაზე არსებით მოვლენებსა თუ გადაწყვეტილებებზე სრულიად ორიგინალური მოსაზრებები შემოგვთავაზა.
მრავალი საყურადღებო ანალიზის შედეგებს და მიგნებებს შორის, რომელთა მონიშვნითაც მკითხველი მთელ წიგნს ააჭრელებს, განსაკუთრებით შთამბეჭდავია საბჭოთა კავშირის, ამ გიგანტი ზესახელმწიფოს რღვევის პროცესის, არაფორმალური ფორმირებების აღზევების, ფორმაციული ტრანსფორმაციის, დამოუკიდებლობის დეკლარირების წინარე პერიოდის, ეკონომიკური რეფორმების დაწყების, დაშვებული საბედისწერო შეცდომების, შემდგომ განვითარებული მოვლენების განმაპირობებელი მიზეზების ახსნა, შედეგების (ტენდენციების) წარმოდგენა და შეფასება. ობიექტურად, მოზომილი პირდაპირობით, თვითმხილველის სიცხადით გაანალიზებულია კერძო საკუთრების დამკვიდრების სახელით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, მიწის, ამ უძვირფასესი რესურსისა და სიმდიდრის მიმართ დამოკიდებულება, სახელმწიფოს მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უუნარობა. ზედმიწევნითაა ყურადღება გამახვილებული ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებზე; გადმოცემულია, რა მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური გარდაქმნების რთული პროცესის თვითდინებაზე მიშვებამ, სახელმწიფოს როლის დაკნინებამ, მეცნიერული პოტენციალის უგულებელყოფამ და გამოთიშვამ მართვის პროცესებიდან.
დღევანდელი საქართველო აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, როცა, როგორც ავტორი შენიშნავს: „ვერც სახელმწიფო და ვერც ბაზარი საკუთარ ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამიტომ ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა, თვითგანვითარების პოტენციალი ხანგრძლივ ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს“.
ეს ერთგვარი საბრალდებო დასკვნაცაა და, ამავე დროს, ზუსტი დიაგნოზიც! ეს შეძახილიცაა და მიმართვაც ქვეყნის მართვის სათავეში მყოფი ჯგუფისადმი, მომავალი თაობებისადმი, რომ გამოვფხიზლდეთ, ავერიდოთ კატასტროფას.
ავტორი მაქსიმალურად შეეცადა ობიექტურად წარმოეჩინა განვლილი და განცდილი. რაც მთავარია, ეს მრავალმხრივობით გამორჩეული ნაშრომი კეთილგანწყობით, ქვეყნის მომავალზე ფიქრით, უკეთესი მერმისის იმედით შესრულებული ხანგრძლივი ნააზრევისა და მეცნიერული კვლევის შედეგების შეჯერებაა. აქ მიღწევებიც, სწორი სტრატეგიული ხედვებიც, განვითარების პერსპექტივაც მახვილი თვალითაა დანახული და გამოცდილებით განჭვრეტილი. ნაშრომში მონიშნულია განზრახულობათა და ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც აქტიური მოქმედებებისთვის სახელმძღვანელოდ, სტატეგიული გადაწყვეტილებების საფუძვლად, ახალ წამოწყებათა ორგანიზაციულ ორიენტირად უნდა ჰქონდეს ქვეყნის განვითარებით დაინტერესებულ ყველა პირს.
არ არის მარტივი, დაიბრალო ამ უაღრესად საჭირო ნაშრომის რედაქტორობა, მაგრამ შემიძლია, თამამად ვთქვა: ავტორთან ერთად, კიდევ ერთხელ, გამოვიარე გარდასული დროის ყველა დღე, ხელახლა ვიწვნიე დაშვებული შეცდომების სიმწვავე, მედროვეთა მომხვეჭელობის უსაზღვრობა, ჩვენივე უმოქმედობითა თუ მოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული უიმედობა, მასშტაბური აზროვნების შესაძლებლობები და გამოუყენებელი პოტენციალი, რომლის გონივრულად ამოქმედებამ, შესაძლოა, ათასობით სვე-ბედგამწარებულთა ყოფა სასიკეთოდ შეცვალოს.
ჯერ კიდევ ხელნაწერში გაცნობისას ვგრძნობდი, რაღაც ახალი, უფრო დიდი და ღირებული შეემატებოდა თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურას, ვეშურებოდი დასასრულს, რომ ამ გამოცემას მკითხველამდე მოეღწია.
აქამდეც ასე მწამდა და წიგნზე მუშაობისას უფრო დავრწმუნდი, ნოდარ ჭითანავა ნოვატორი მეცნიერია, ქვეყნის ბედსა და მომავალზე ღრმად დაფიქრებული მამულიშვილი, რომელსაც თავდაბებული შრომით, უნიკალური გამოცდილებით და აქტიური მეცნიერული მოღვაწეობით საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.
ეს წიგნი ამის ნათელი დადასტურებაა. მიიღეთ და იგრძენით! დარწმუნდებით!
იური პაპასქუა