თავისუფლება, სამართლიანობა და რეალობა

თავისუფლება, სამართლიანობა და რეალობა

 

 (ანუ, რატომ ავიდა უფალი ჯვარზე)

 

 ია საკანდელიძე, პუბლიცისტი

 

დღეს გავრცელებული მოარული აზრია, თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა ადამიანის ბუნებაში დამალული და დაგროვილი მახინჯი თვისებები.

 

დიახაც, ადამიანის მეხსიერება (დაწყებული გამოქვაბულიდან დღემდე) მრავალი არქეტიპულ ჩანასახს ატარებს, მაგრამ სწორედ ქვეყნად არსებული საზოგადოების ცხოვრების წესის შესაბამისად გამოვლინდება თითოეული მათგანი.

 

უფრო ფრთიანადაც უთქვამს ტოლსტოის: „ყოველი კაცი ადამიანური თვისებად ყველა ჩანასახს ატარებს, გარემოების შესაბამისად ხან ერთს გამოავლენს და ხან მეორეს, ზოგჯერ საერთოდ არ ჰგავს საკუთარ თავს“.

 

სპენსერი კი პირდაპირ მიუთითებს: „ხელისუფლების ვალია, კარგი, მაღალზნეობრივი თვისებები განუვითაროს ერის ხასიათს“.

 

მართალია, თავისუფლება „პირველი სიკეთეა კაცისა“. თუმცა, „ერთის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“ და „ქვეყნად ადამიანი არ არსებობს, თავისუფლება რომ არ უნდოდეს. მხოლოდ სამართლიან ადამიანს ყველასათვის უნდა თავისუფლება, უსამართლოს კი - მარტო თავისთვის“ (ლუდვიგ ბერნე გერმანელი მწერალი 1786- 1837).

 

რამდენი სიმბოლური წარმოსახვა არსებობს თავისუფლების, ადამიანის სულის შესახებ და რა ფართო დიაპაზონი აქვს ამ წარმოსახვებს, - პეპელა, ცხენი და ბოლოს, ღორი.

 

ალბათ ყველა პერიოდს მისთვის დამახასიათებელი თავისუფლება აქვს - ადრეულ ხანაში თავისუფლება პეპლების სიცოცხლის მსგავსად, ხანმოკლე და მირაჟულია!!! შემდეგ პერიოდში - ცხენივით მართული და შეუპოვარიც (გავიხსენოთ ბარათაშვილის მერანი, გალაკტიონის ლურჯა ცხენები და მიცკევიჩის ფარისი) და ბოლოს ღორიც, რომელსაც ასევე თავისუფლების სიმბოლოდ აღიქვამენ,  ალბათ, სალვადორ დალიმ, ამ ზედმიწევნით თავისუფალმა ადამიანმა, იქნებ იმიტომ აირჩია ფსევდონიმად „მწვანე ღორი“, რომ ადამიანის ღორობას მწვანე შუქი უნთია დღეს ჩვენს სამყაროში! 

 

ნეტა, როდის გვეღირსება ის დრო, როცა ძალა და თავისუფლება სამართლიანობის დასამკვიდრებლად გამოვლინდება მხოლოდ!!!

 

მართალია, მაინცდამაინც დიდი აზრის არ ვარ ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, თავად განვიცდი ამას.საზოგადოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსაღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს" (ოთარ ჭილაძე).

 

ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, განვმარტოთ რა იდეოლოგიური სურათი იკვეთება ჩვენს რეალობაში და რა საფუძვლებზე ვითრდება დღეს ადამიანი?!

 

დიახ, ჩვენთან ახლა ტიპური ეგზისტენციალიზმია. დაფიქსირდა ადამიანის ბიოლოგიური სახე, დაკნინებული ფსიქიკით. სამწუხაროდ, ეგზისტენციალიზმი ვერ განაპირობებს ადამიანის სულიერების ზრდას, მით უფრო,სოციალურ ფენათა ასე ძალზე არათანაბარი ცხოვრების პირობებში! 

 

პირიქით, ეგზისტენციალიზმმა გადმოაპირქვავა ადამიანი და მისი ყველა უარყოფითი თვისება ზედპირზე ამოატივტივა!

 

მართალია, ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლებსა და მიმდევრებს: ჟან-პოლ სარტრის, კირკეგორს, ჰაიდეგერს, კამიუსა და სხვებს ჰქონდათ თავიანთი იდეალი და მორალური ღირებულებები, მაგრამ მათმა მცდელობამ ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც საზოგადოება მათგან ელოდა, რადგან ეგზისტენციალისტები არ ითვალისწინებენ, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ამოწურავს ადამიანის სურვილებს! (მათ ნაწარმოებში, ზოგჯერ ამ გზით (თუ მართლა ღორობით), საკუთარი ქალიშვილის სარეცელამდეც კი მიდიან!).

 

სამაგიეროდ, საერთოდ ფარისევლობად მიიჩნევდნენ სარწმუნოებას (განსკუთრებით კირკეგორი) და მის პრინციპებს - ამას ადამიანზე ძალდატანებას უწოდებდნენ. ეკლესიაში სიარულს სისულელედ, თვალთმაქცობად თვლიდნენ. მის საპირისპირო ახალ იდეოლოგიის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ და ბეკეტის გმირებივით ახალი გოდოს, საგულისხმოდ, ახალი ღმერთის მოლოდინში იყვნენ.

 

ამ მოსაზრებას ბევრი მიმდევარი ჰყავს. მათ ავიწყდებთ, რომ თუ ნებისმიერ პროფესიასა თუ სპორტის ყველა სახეობას მრავალი წვრთნა, მეცადინეობა და ვარჯიში სჭირდება, რწმენასა და სულიერებას ლოცვის, მარხვისა და სულიერი გარჯის გარეშე როგორ გაამყარებენ?!

 

არ ვიცი, ახალი ველოსიპედი რამდენად უკეთესი გამოდის, მაგრამ „ეგზისტენციალიზმი არა მხოლოდ კლასიკურ იდეალიზმს უპირისპირდება, არამედ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული აზროვნების ჰეგელისეულ თვალსაზრისსაც“ - ამბობს ზურაბ კაკაბაძე.

 

მათ თითქოს უფრო მისაწვდომი, ახალი ღირებულების შექმნა უნდოდათ! ისინი ადამიანის თავისუფლებას, ინდივიდუალური ფიზიკური, ბიოლოგიური ბუნების გამოვლენისა და მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ხედავდნენ და ამას ქადაგებდნენ კიდეც. მოთხოვნილებებს კი ყოველგვარი რელიგიური თუ კოლექტიური საზოგადოების კანონების გარეშე აყალიბებდნენ. ამის გამო მიენიჭა კიდეც ალბერტ კამიუს ნობელის პრემია და ამიტომ უწოდეს „დასავლეთის სინდისი“, რადგან ძალიან ბუნებრივად და გულწრფელად გამოხატავდა საკუთარ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს, სიამოვნებისკენ და ბედნიერებისკენ სწრაფვას და ამის შესაბამისად, განმარტა კიდეც ზოგადად სინდისი! თუმცა, ძნელია დაასახელო, ბედნიერებას მიღწეული, მისი რომელიმე პერსონაჟი! 

 

შესაბამისად, ასეთია ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებებით დაკავებული და უზრუნველი ცხოვრების მოყვარული ჩვენი დღევანდელი ადამიანისა და საზოგადოების საგულისხმო ნაწილის რეალური სახე, თავისი შედეგებით! 

 

არადა, ადამიანი კოლექტივისა და საზოგადოების გარეშე ძალიან მარტოსულია, გარდა ამისა, - ადამიანში ღვთიური შემოქმედების დიდი პოტენციებია ჩადებული. ამიტომ, არ შეიძლება მისი ფიზიკური, ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სულიერი დაკნინების ხარჯზე წარიმართოს. მაშინ შეუძლებელი იქნება ადამიანურ საწყისში ჩვენი არსებობის გამართლება. ამ შემთხვევაში ადამიანი ღვთიური შემოქმედების უნარსაც დაკარგავს. ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს მგელიც და ტურაც მშვენივრად იკმაყოფილებს და ინდივიდუალობასაც ინარჩუნებს. ჩვენ ცხოველებისგან ძირითად, სწორედ ჩვენი სულიერი ღვთიური შესაძლებლობებით განვსხვადებით! 

 

- თან, სინდისი სულიერების გარეშე რთული წარმოსადგენია! გარდა ამისა, როგორ შეიძლება სულიერების დამაკნინებელი რამ ღირებულებად ჩავთვალოთ და ადამიანური ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობა რეალურ სინდისად? სწორედ ასეთმა სინდისმა გახადა ადამიანი ძალიან მარტოსული და გადააქცია იგი დეპრესიულ არსებად!

 

მართალია, ეგზისტენციალისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანის რეალური სახე და ღვთიური შესაძლებლობებიც თავისუფლების დროს გამოვლინდება, როცა არავინ აძალებს - ასე მოიქცეს თუ ისე! 

 

თუმცა, სად არის, მერე, ეს თავისუფლება? როდის იყო და ან არის ადამიანი თავისუფალი?

 

აი, თუნდაც ეგზისტენციალურ რეალობაში, იგი ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, კაუზალურ რიგშია ჩართული და მისი ქმედებები გარემოებების მხრივაა განსაზღვრული (ზურაბ კაკაბაძე). ამიტომაც წუხს, ხან მარტოსულობით იტანჯება და ხან სუიციდით წყვეტს არსებობას. უჭირს ადამიანს, როცა ქვეყნის იდეოლოგია მას არ ეხმარება და კარგ თვისებებს არ ანვითარებს მასში. რეალურად ადამიანი სავსებით მოკლებულია თავისუფლებას, ანუ იგი თავისუფალია მხოლოდ ნაწილობრივ და ფარდობითად. 

 

როდის, რა დროს გვაგებინებს პასუხს განგება ჩვენს მიერ ჩადენილ შეცდომებზე, თუ სხვების მიერ ჩადენილ ბოროტებაზე არასდროს ვიცით. ეს აბსოლუტური გონის, შემოქმედის გაკვეთილია კაცობრიობის მიმართ, ჩვენც მხოლოდ ასეთ ფორმატში შეგვიძლია არსებობა!

 

სამწუხაროდ, დღეს თანამედროვე ფსიქოლოგია სუპერ ეგო-ს განიხილავს, როგორც უსარგებლო სტრუქტურას, რომელიც აუტენტური მე-თი იცვლება, რათა უფრო ადვილი, მარტივი იყოს ცხოვრება, მართალი იყოს ადამიანი თავის თავთან და დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები... თითქოს ჩვენი აუტენტური მე ჯანმრთელ, გამთლიანებულ ცენტრს წარმოადგენს, ზედმეტი კლიშეებისა და აკრძალვების გარეშე, რომლებიც თურმე ართულებს ცხოვრებას!

 

ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ადამიანები, როგორც ფიზიკურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ისე, ყოველი ადამიანის ეგო (აუტენტურს დაარქმევთ მას, თუ პატენტურს), განსხვავებულია და მერე როგორ - ვიღაცის შეიძლება ჯანმრთელია, მაგრამ ადამიანის მოთხოვნილებები რამეთი თუ არ იქნება მოთოკილი, სანამდე მივალთ?! 

 

თან ეს იგივეა, რომ ვივარაუდოთ და იმედი გვქონდეს, რომ ყველა ადამიანი კეთილშობილია, ყველა ქალი მერლინ მონროს მსგავსად მშვენიერია და ყველა მამაკაცი მამაცი და სუპერმენია. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რამდენი სადისტი, ავაზაკი, ბოროტმოქმედი არსებობს ქვეყნად! ჩვენ ყველანი სხვადასხვა ათვლის წერტილიდან მოვდივართ, საკუთარი გენეტიკური, თუ კარმული მოცემულობით და ამის შესაბამისი ტორსული (სხეულებრივი) გამტარობით და შესაბამისი ქმედებებით.

 

- ისიც ხომ ცნობილია, სუპერ ეგო ადამიანის, სულიერი ცენზორი, ანუ - სინდისია. სინდისი კი, სხვადასხვა დიაპაზონით შემოღწეული ღმერთის ხმაა ადამიანში. ამიტომ, მავანისა და მავანის სინდისიც და სულიერებაც სხვადასხვა დოზით ახმიანებს აბსოლუტური გონის ჭეშმარიტებას, ცოდნასა და ინფორმაციას. სუპერ ეგო, კანონისთვის დაფარულ რეალობაში, კავშირი და მაკონტროლებელია ადამიანთან ურთიერთობაში და აწესრიგებს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ!

 

- დიახ, დამკვიდრებული მორალური კანონებითა და კარგი ზნეობრივი მაგალითით ადამიანის სინდისისა და სულიერების ამაღლება შესაძლებელია. სწორედ სუპერ ეგო-ს განდევნამ გამოიწვია დასავლეთში და უკვე ჩვენთანაც ადამიანთა გაუცხოება, იზოლაცია, გახშირებული დეპრესიები და უამრავი უარყოფითი ემოციებით გამოწვეული ნარკომანია თუ სუიციზმი. 

 

- მართალია, ადამიანის რთული ენერგოსისტემა ენერგიის მუდმივობის კანონს ექვემდებარება, რომელიც ძირითადად ორ ინსტინქტურ მოთხოვნილებებში - სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტებს შორის - ეროსსა და თანატოსში გამოვლინდება! 

 

სამწუხაროდ, ეგზისტენციალიზმი და ძირითადად, თანამედროვე დასავლური ხელოვნება, გაცილებით ხშირად, მეორეს - თანატოსს უკმევს გუნდრუკს, რომელსაც საფუძვლად უდევს ყოველგვარი დესტრუქციული ქცევა - აგრესია, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ, საბოლოოდ კი - სიკვდილისკენ სწრაფვა! (გავიხსენოთ საშინელებათა ფილმები და სერიალები).

 

არადა, აქამდე მსოფლიოს კლასიკური ხელოვნების მთავარი და ძირითადი მუზა, სწორედ, ეროსი გახლდათ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს - სიყვარულზე, გამრავლებაზე მიმართულ მოთხოვნილებებს აერთიანებდა... შეიძლება ითქვას ეროსსა და თანატოსს შორის აუცილებელ ბრძოლას ასახავდა, მაგრამ მათ შორის საჭირო ბალანსს აწონასწორებდა! 

 

სწორედ ეს ბალანსია დღეს ძალიან დარღვეული. თან, ისიც ხომ მართალია, რომ ის, რაც სიცოცხლის ინსტინქტის - ეროსის, სიყვარულისა და გამრავლების საწინააღმდეგოა, დესტრუქციულია და აგრესიას, საბოლოოდ კი, სიკვდილს განაპირობებს. არ შეიძლება ამ ბრძოლაში არჩევანი თანატოსზე გავაკეთოთ!

 

სწორედ ასე, თანდათან დაკარგა სიცოცხლის საზრისი ადამიანმა, რადგან, თითქმის ყველა თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობაში, სწორება სწორედ თანატოსზეა გაკეთებული. ხელოვნება კი საგულისხმოდ განსაზღვრავს ადამიანის მსოფლმხედველობას. წინა საუკუნეებთან შედარებით რამდენადაც გაიზარდა ადამიანის შესაძლებლობები, იმდენად მოიმატა სუიციზმა, დეპრესიამ, რადგან სოციალიზაციის პროცესია შეჩერებული და სოციალურად არასამართლებრივი ცხოვრების წესია დამკვიდრებული!

 

თან იმდენ აპოკალიფსურ ფილმს იღებენ და ცუდს წინასწარმეტყველებენ, თითქოს ცუდისკენ მიისწრაფიან - არადა, ცუდის დაკვებება საშიშია. ადრეულ საუკუნეებში მეფეები ცუდი ამბის მომტანსა და გამჟღერებლებს ხოცავდნენ (არავინ იფიქროს, იგივეს მოვითხოვ). ჩვენ ჩავრთავთ თუ არა ტელევიზორს, დედამიწის რომელ პოლუსზე რამდენი კაცი მოკლეს, ყველაფერი დილაადრიანად უნდა გავიგოთ და დღის ბოლომდე უნდა ვისმინოთ... იმ ლოგიკით, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, დედამიწაა ჩვენი მისამართი! 

 

გვახსოვდეს, ადამიანს განსაზღვრული შესაძლებლობა აქვს უარყოფითი ემოციისა თუ ინფორმაციის მიღების და მისი სწორი ანალიზის, ზღვარს იქეთ ეს მიმღეობა ცვდება და ანალიზიც არადექვატური ხდება. ეს ეტყობა კიდეც ჩვენს ცხოვრებას! 

 

გლობალიზაციას კატასტროფების თავიდან ასაცილებლად აქვს აზრი - არადა, კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი არსებული ეკონომიკური კონკურენციის გამო გაეროს ეკოლოგიურ კონვენციებს ბევრი დიდი სახელმწიფო ვეღარ ითვალისწინებს! პატარა ერებმაც საკუთარი ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგოს, რათა თავისი ღვთიური მისია გაიაზროს და აღასრულოს, რომ არ გადაშენდეს. ამაშია ბაბილონის გოდოლის მთავარი სათქმელი. საფრთხე ნამდვილად არსებობს, მით უფრო, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს დიდი მიზიდულობა აქვს საფრთხის მიმართ, რაც კიდევ უფრო ზრდის საშიშროებას!

 

ამის შესახებ მაის ტომების წინასწარმეტყველებასაც იშველიებენ. 

 

აბსურდულია მოსაზრება, თითქოს, დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, ისიც არის, რომ თავისუფალმა ადამიანმა თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების წესი, რადგან ადამიანები, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო სოციალური ფენის, თავად ვერ განსაზღვრავენ საკუთარი ცხოვრების წესს. ამას თითქმის მთელ მსოფლიოში კარნახობენ გარკვეული წრის ადამიანები, რომლებიც ფლობენ უზარმაზარ სიმდიდრეს. ისინი ღია საზოგადოების კანონებით ებრძვიან სარწმუნოებას, სოციალიზაციას და ეროვნულ ინდივიდუალობას.. არადა, სწორედ იმ ინსტიტუტების საშუალებით ყალიბდებოდა, საუკუნეების განმავლობაში, ველური ადამიანი მორალურ ადამიანად.

 

გარდა ამისა, სოციალიზმის პრინციპების გარეშე, ბევრი თანამედროვე პროდუქტი და ტექნოლოგია მიუღწეველია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. სწორედ ასე ირღვევა ჰარმონიული კავშირი გასაღების ბაზარის, ადამიანის მოთხოვნილების, შესაძლებლობასა და სინდისს შორის, რაც აგრესიულს და დეპრესიულს ხდის სამყაროსა და ადამიანს!

 

ამიტომ ჰგავს ქრისტიანობა და სოციალიზმი ერთმანეთს და ამიტომაც ავიდა ჯვარზე იესო, რომ ამ ქვეყნად ცხოვრება საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისათვის არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი! 

 

კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ, სოციალურ დარვინიზმში ადამიანი ძალიან დაუცველია. კონკურენცია, ანუ სოციალური სელექცია ჩვენი ცხოვრების წესის საფუძველს ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს!

 

დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება: არ შეიძლება ადამიანს, მუდამ მგელივით მსხვერპლის დევნაში ძვრებოდეს სული. თან, სამწუხაროდ, იგი თუ მგლობას ისწავლის, მერე მგელზე უარესიც ხდება. ადამიანებთან სხვაგვარად არის საქმე და შესაბამისი კანონებით გვჭირდება დაცვა! 

 

არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ ყველა დროში ყოველთვის არსებობს აზრი, იდეა, რომელსაც არა ერთხელ, არა ერთგვარად და არა ერთგან ხელახლა სჭირდება „აღმოჩენა“. ეს იდეა დღეს სოციალიზმია. სწორედ მემარცხენე პლატფორმის იგნორირების გამოძახილია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც და გამოსავალიც სწორედ მასშია!

 

ცხადია, თანამედროვე ევრო-სოციალიზმზე ვლაპარაკობ, რომელიც კაპიტალიზმის დადებით მახასიათებლებსაც მოიცავს. 

 

შეიძლება ამიტომ წერდა ბოსიუეტი (გამოჩენილი ფრანგი ორატორი მე-18 საუკუნე), - „ჭეშმარიტი თვისუფლება ის არის, როცა კერძო სარგებლობა საზოგადო სარგებლობას ექვემდებარება“! აუცილებელი შესაძლებლობების გარეშე თავისუფლება ვერ იარსებებს.

 

ამავე დროს, ყველა ადამიანი გმირი ვერ იქნება, თავისი ღირსებების დასაცავად სიკვდილამდე რომ იბრძოლოს. ამიტომ, მხოლოდ ის საზოგადოებაა თავისუფალი, სადაც ადამიანს თავისუფალი ნება აქვს დაიცვას საკუთარი ღირსება და კეთილშობილება, შეუძლია იცხოვროს უფლის კანონებით, აკეთოს სიკეთე და არსებობის გასაგრძელებლად უფლის კანონების დარღვევა, ძმათა ღალატი, ბოროტების ჩადენა არ დასჭირდება. ვისაც თავად შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი და არ უნდა უხდებოდეს სხვისი აზრის გამეორება და დამორჩილება, როდესაც ეს ნათქვამი არ ესმის, ან არ ეთანხმება!

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: