რათა დავიცვათ ცის სიწმინდე

რათა დავიცვათ ცის სიწმინდე

 

ია საკანდელიძე

ექიმი, პუბლიცისტი

 

 

 

თავისუფალი ნება ჩვენი თანდაყოლი უფლება არ არის, ის რთულად დასამკვიდრებელი შესაძლებლობაა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოიპოვოს,ოღონდ მთავარი პრინციპის გათვალისწინებით: „ერთის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“.

 

დღეს ყველანი ვხედავთ, რომ კაცობრიობას დიდი ხანია საშიშროება შეექმნა ოფშორული ზონებით, ახალი ალ კაპონეებით, კაზა ნოსტრებითა და ეკოლოგიური პრობლემებით. თუ ეს სიტუაცია არ შეიცვალა, მაშინ მსოფლიო ეკონომიური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება და კატაკლიზმებიც ზედ დაემატება! 

 

არსებული ეკონომიკური კონკურენციის გამო გაეროს ეკოლოგიურ კონვენციებს ბევრი დიდი სახელმწიფოები ვეღარ ითვალისწინებს!

 

ცხადია, ეს საშიშროება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოსნაირი მცირერიცხოვანი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. მით უფრო, რომ ვერ ვფლობთ კაპიტალიზმის მართვის ძირითადად ბერკეტებს. 

 

გარდა ეკონომიკური კრიზისისა, ხელშესახები კრიზისი აქვს ადამიანს დღეს რწმენაში - ეკლესიაში იკლო ახლგაზრდების რაოდენობამ, მართალია, ჯერ არც ისე საგანგაშოდ, როგორც შეიძლება ეს მავანსადამავანს სურდეს, მაგრამ ტენდეცია აშკარაა და დროზე სჭირდება ყურადღების მიქცევა! 

 

მახსენდება, მაიას ტომები, რომელთა წინასწარმეტველებით დიდი ხანია აშინებენ საზოგადოებას! თუმცა, მთავარი გვავიწდება: მაშინ ძალიან განსხვავებული ცხოვრების წესი არსებობდა. ადამიანს ცოცხლად წირავდნენ, ორგანოებს აგლეჯდნენ და ასეთი მძაფრი ემოციური რიტუალური საიდუმლოთი თითქოს კავშირს ამყარებდნენ კოსმოსთან, ანუ მათი არსებობის საფუძველი დესტრუქციულ ძალაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად ეს წინასწარმეტყველებაც მათი ადამიანური ბუნების ამ მონაცემებს ეფუძნებოდა, ამიტომ გამოსავალსაც ცხადია სამყაროს დასასრული წარმოადგენდა...

 

მერე მოვიდა იესო, სხვათა ცოდვების სანაცვლოდ, თავად შეეწირა და ქურუმთა მსხვერპლშეწირვის საშინელ რიტუალს ამგვარად დაუპირისპირდა. ამით ჩვენც გარკვეული არჩევანი მოგვცა, ცხოვრების რა გზასა და ძალას ავირჩევთ: დესტრუქციულს თუ ჰარმონიულს და რომელი ძალაც გადასწონის, იმის მიხედვით მოგვეზღვება. რელიგიური მცნებები მხოლოდ სადისკუსიო თემა არ არის, ქრისტიანობა ადამიანთა გადარჩენის საშუალებაა! 

 

ამიტომ საგანგაშოა დღევანდელი რეალობა , რომელიც რელიგიურ სექტათა რიცხვის ზრდით ხასიათდება, განსაკუთრებით იმ სექტების, რომლებიც მსხვერპლშეწირვის რიტუალებით ხასითდებიან და, რაც მთავარია, ინტერნეტ თამაშები, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდა თაობას , ჩვენს გენოფონდს, საკუთარი ნებით ცოცხლად სწირავენ!

 

არადა, სწორედ ამიტომ ავიდა ჯვარზე იესო!

 

ამ თემასთან დაკავშირებით თავს უფლებას ვაძლევ, შემოგთავაზოთ ნაწყვეტი ჩემი რომანიდან („ხურადაში მოქცეულთა სიყვარული“, რომლის გამოშვება უსახსრობის გამო დღემდე ვერ მოვახერხე), „რათა დავიცვათ ცის სიწმინდე“. სადაც უფრო ემოციურად და ხელშესახებად შეიგრძნობთ დღევანდელი რეალობის ტენდენციებს. 

 

ვეცადე ყველა პოზიცია სრულად და მიუკერძოებლად წარმომედგინა; როგორც დაჩის, რომელიც „ჩვენი დროის გმირია“ და არამხოლოდ კარგად ფლობს ფულის მოპოვების ყველა გზასა თუ საშუალებას, არამედ თავისი რელიგიური და მორალური პრინციპებიც კი გააჩნია. ასევე ცხადია, წარმოვადგინე ჩემი საკუთარი შეხედულებები, რომელიც გამთლიანებულ აზროვნებასა და არსებულ რელიგიურ პრინციპებზეა დაყრდნობილი.

 

„ერთ საღამოს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, დაჩიმ ძალიან მოიწყინა. რაღაც განსხვავებულის წაკითხვა მოუნდა. ინტერნეტში მეცნიერებისა და რელიგიის ვებ-გვერდი მოძებნა და კითხვა დაიწყო: „ქართველები ერთდროულად ორ ღვთისშვილს სცემდნენ თაყვანს - „ძეს“ და „ასულს“. ეგვიპტურ იკონოგრაფიაში მამაკაცი - „ძე“ ძევს მიწაზე, მწოლიარეა, ხოლო დედას - „ასულს“ ცაში ასულს გამოსახავდნენ. ამავე დროს, კოსმიური დის „ასულის“ სახელია „სამძიმარი“, ის არის ელჩი საიქიოდან“. ტექსტმა სევდა მოჰგვარა და გაიფიქრა:

 

- ჰო, ქალს, მართლაც, ხან ზევით მივყავართ ღვთიური გრძნობით, ან სიკვდილით მიწას გვაახლოებს.. მითოლოგიურადაც ასე ყოფილა, - ფიქრობდა დაჩი, - ჩვენ კი მიწასთან ვართ, მაგრამ რატომ მწოლიარე? ეს ჩადენილ ცოდვებზე მიგვანიშნებს თუ დედამიწას, როგორც საყრდენს, მთელი სხეულით ვფლობთ და ასე ვახდენთ ჩვენს რეალიზებას? იქნებ ამ ყველაფერს ერთად ნიშნავს, - დაასკვნა ბოლოს. მერე რაღაც ძველებური ლოცვა ნახა:

 

„დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, უმომლოცველო ყოველივესი, შამქმნელო და დამბადებელო, სასრულო, სამყაროში ჩაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონო, უმანძილო, ცარიელავ და სავსევ, უჟამო, უძრავო წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათელგამოვლენილო... ერთო და ერთთა ერთობაო...

 

„მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემსავ უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე!..“ ლოცვა ისე მოეწონა, ამობეჭდა და როგორც ავგაროზი, გულის ჯიბეში ჩაიდო. მალე ტელეფონის ზარიც გაისმა.

 

შეატყობინეს, რომ მისი შვილი - ბექა ავტოკატასტროფაში მოხვდა და წმიდა ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციაში მოათავსეს. 

 

დაჩი ლამის გაგიჟდა, იგი ხომ ყველაფერს შვილისთვის აკეთებდა. ყველაფერი მისთვის უნდოდა... საავადმყოფომდე თუ მიაღწევდა, არ ეგონა. მანქანას ისე მიაქროლებდა, სამჯერ ძლივს გადაურჩა აშკარა კატასტროფას. საავადმყოფოში მისი ექსმეუღლე ლანა და ზაზა დახვდნენ. ბიჭი საოპერაციოდ ჰყავდათ გაყვანილი. დაჩი ჯერ ბოლთას სცემდა, მერე ვეღარ მოისვენა და საოპერაციოს ზედა სართულზე ავიდა, საიდანაც სტუდენტებს ოპერაციებს აჩვენებენ ხოლმე. გული ისე უცემდა, ეგონა, სადაცაა საგულედან ამოუვარდებოდა. მერე შენიშნა, ბექა, ხელებგაშლილი ისე იწვა საოპერაციო მაგიდაზე, თითქოს ჯვარზე იყო გაკრული. 

 

დაჩიმ მეტს ვეღარ გაუძლო, სუნთქვას ვეღარ ახერხებდა, ქვემოთ ჩამოვიდა და საავადმყოფოდან გავიდა. სად მიდიოდა, თავად არ იცოდა. ფეხებს ძლივს მიათრევდა. ბოლოს ეკლესიას მოჰკრა თვალი და მიზანიც დაისახა:

 

- ე-კლე-სი-ა-ში, ე-კლე-სი-ა-ში! - ამ რიტმით სუნთქავდა და ამ რიტმით ცემდა მისი გული. მიდიოდა ხან ჩქარა, ხან ჩერდებოდა და სულს ითქვამდა. ეშინოდა, საყდარი დაკეტილი არ დახვედროდა. საბედნიეროდ, ეკლესიის შესასვლელი ღია დახვდა. იმედი მიეცა, კარიბჭესთან დაიჩოქა, მერე ასე ჩოქვა-ჩოქვით, თავდახრილი შევიდა შიგ. საშინელი სინანულის გრძნობა დაეუფლა, ბავშვის მდგომარეობას საკუთარ თავს აბრალებდა.

 

- მე ჩავიდინე ამდენი ცოდვა: ბაია მოვატყუე, ნინო გავძარცვე და, რაც მთავარია, ფული კიდევ ვერ გადავანაწილე, როგორც საჭირო იყო! 

 

- ღმერთო, მიშველე!.. ოღონდ ბექა არა, ოღონდ ბექა არ გამიწირო, არ დამღუპო, ჩემს თავს არ დავეძებ... ოღონდ ის არა, შენ ხომ იცი, ის არაფერ შუაშია, ღმერთო, მიშველე! - იმეორებდა და თანდათან ხმამაღლა ქვითინებდა. 

 

თავს ზემოთ ვერ სწევდა, რადგან ხატებისთვის თვალის გასწორების რცხვენოდა. ბოლოს მაინც აიხედა და წამებითა და ტანჯვით შეწუხებული, მაცხოვრის ჯვარცმა დაინახა. მოეჩვენა, რომ მილურსმნული ღმერთი უმწეოდ შეჰყურებდა. მერე დაჩიმ თავად იგრძნო ის საშინელი ტკივილი, რაც უფალმა ჩვენმა იესომ გადაიტანა. ზურგი ისე აეწვა, თითქოს მათრახი გადაუჭირესო. მთელი სხეული საშინლად სტკიოდა და მხოლოდ ტირილი ანიჭებდა შვებას. უფლისადმი გამოჩენილმა სისასტიკემ თითქოს პირველად გააცოფა. მიხაელი გაახსენდა: - თქვენს გარდა 20 საუკუნე მილურსმული ღმერთი ვისა ჰყავსო და იყვირა: - ახსენით ღმერთი ჯვარცმიდან, ახსენით! - უეცრად საშინელი დაღლილობა იგრძნო და თავი დახარა. თავზე ფრთხილმა შეხებამ გამოაფხიზლა, აიხედა და ბრწყინვალე საეკლესიო სამოსით შემოსილი მოძღვარი დაინახა.

 

- მამაო, მიშველე, ჩემს ბიჭს, ჩემს ბექას უშველე! 

 

- დაწყნარდი, შენი შვილი გადარჩება! 

 

- ჰოო, ვითომ მამაო! - დაჩის ეგონა, მოძღვარი ამშვიდებდა და მადლიერების ნიშნად ხელზე მთხვევა მოინდომა, მაგრამ ამ დროს მოძღვარმა ხელი თავზე დაადო და „ღმერთმა დაგლოცოსო“ უთხრა. დაჩის სითამამე შეემატა და ალაპარაკდა: 

 

- მამაო! მეგონა მარტო ვიყავი და ჯვარცმაზე დასისხლიანებულ უფალს რომ ვუყურებდი, ძალიან შემეშინდა. ამ სატანჯველში ოცდაერთი საუკუნე რატომ ვტოვებთ, ასე როგორ გვიშველის! ის ხომ აღსდგა, ხომ გადაიტანა ეს წამება. აღარ მოვიდა დრო, რომ ჩვენს ღმერთს მეტი პატივი მივაგოთ?! რამდენი წმინდანი აწამეს, სხეული შეურაცხყვეს და ფიზიკურად აკუწეს კიდეც, მაგრამ თაყვანს ხომ მაინც მათ სრულყოფილ ხატებას ვცემთ. ქრისტემ რა დააშავა?! 

 

- ღმერთმა არაფერი, ჩვენ ვაშავებთ და დღემდე ჩვენი ცოდვების გამო ის არის ჯვარზე. რომელი ცოდვა დავძლიეთ, რომ ავხსნათ, პირიქით ცოდვები მოვიმრავლეთ და ადამიანთა მსხვერპლშეწირვაც კი დაიწყეს! უფლის ჯვარცმის მიზეზი არ უნდა დაგვავიწყდეს!

 

- მამაო, ამის დავიწყებას რომელი ქრისტიანი ან არაქრისტიანი შეძლებს! თუმცა, განა ოცი საუკუნის განმავლობაში, რაც ის ჯვარზე გვყავს, გაკეთილშობილდა კაცობრიობა და ცოდვას არ ჩადის?! ავხსნათ ღმერთი საწამებლიდან! თუნდაც მხოლოდ ჯვარს, უფლის სისხლის ნაკვალევით, განა ნაკლები სიწმინდე და ძალა ექნება?! იესო ხომ დედამიწიდან ზეცად ამაღლდა და ეს გზა ღვთიური მადლმოსილებით მოჰფინა, ჩვენ კი მას ისევ ჯვარზე ვტოვებთ. იქნებ სწორედ ეს გვაბრკოლებს? ამიტომ ჩავდივართ ამდენ ცოდვებს?! მეც ძალიან ცოდვილი ვარ, მამაო, მომიტევე მე ცოდვილს და ჩემ მაგივრად შვილი არ დაისაჯოს! - ისევ ცრემლი მოერია დაჩის. 

 

- შენი შვილი გადარჩა და შენც მოგეტევა, რადგან გულბოროტი არ ხარ და დიდი სინანულით მოხვედი. შენ იმ მცირე რჩეულთაგანი ხარ და მახარობელი, მეთერთმეტე ჟამიდან, ვინც უფლის ჯვარცმიდან ახსნა იქადაგა! უფლის მადლი შეგწეოდეს! ჯერ-ჯერობით ადამიანები არ წუხან ამაზე, ისევ ჯვარცმაზე, რომ ტოვებენ თავიანთ ღმერთს საკუთარი ცოდვების გამო!

 

- მაგრამ, მამაო! სარწმუნოება ხომ იმასაც გვასწავლის, არ არის კაცი ცხონდეს და არა სცოდოსო, რა ვქნათ, ცოდვის გარეშე არ გამოგვდის ცხოვრება?

 

- ცოდვას იმიტომ ჩადიხართ, რომ მხოლოდ ვიწრო აზროვნებით ცხოვრობთ, სინდისის ხმას ანუ, ღმერთის ხმას, ამ ხმით მიღებულ სწავლებასა და ცოდნას არ ითვალისწინებთ. მხოლოდ პატარა გასავალს, პატარა განზომილებას იტოვებთ სამყაროში. ამიტომ დანარჩენილი განზომილებებიდან წინააღმდეგობა გხვდებათ და ცოდვებსაც იმრავლებთ. აღსარება, სწორედ სხვისი პოზიციის გათავისებას და საკუთარი თვალსაწიერის გაზრდას ემსახურება. მხოლოდ ეს გათავისება, გულიდან და სულიდან უნდა მოდიოდეს. სხვაგვარად, მარტო გონებიდან მიღებული ცოდნით, ადამიანის თვალსაწიერის ზრდას მაინც ბევრი წინააღმდეგობა ხვდება. ამიტომ, მიუხედავად ტექნიკის ასეთი განვითარებისა ადამიანი მაინც სუსტი და დაუცველი რჩება! ტექნიკა, სულიერების ზრდის გარეშე, მხოლოდ ერთ განზომილებაში, ადამიანს ბედნიერებას ვერ მოუტანს! 

 

- მართალს ამბობთ მამაო!

 

- გახსოვდეს, ქრისტე ჯვრზე იმიტომ ავიდა, რომ ქურუმების სისატიკე დაეძლია ადამიანთა მსხვერლშეწირვისგან ეხსნა სამყარო! გარდა ამისა, ჯვარცმის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებას ადამიანური უნარების ღვთიური შემოსაზღვრა წარმოადგენს. დღეს როცა ადამიანს ერთი კონტინენტიდან მეორეზე ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეუძლია ყველაფერი გაანადგუროს, აუცილებელია მისი ამ შესაძლებლობის შეკავება და ღვთიური შემოსაზღვრა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი უფლის თავგანწირვა. დღეს ადამიანმა ბევრი ღვთიური თუ ზღაპრული გმირის უნარები გაამატერიალა, ინფორმაციას შორი მანძილიდან გადასცემს ,ჰაერში მოძრაობს, გადაადგილდება და ა.შ. ამიტომ ამაყად გაიძახის,რომ თავისუფალი ნება დაბადებიდან აქვს ღვთიგან ნაბოძები, მაგრამ ღმერთს ასეთი ნება მისთვის არ მიუცია. სამაგიეროდ, სამყაროში არსებობს კანონზომიერების აღსრულების პრინციპი. რაც მეტი ადამიანი იქნება ღვთიური, სამართლიანი კანონების დამცველი, მით მეტი შანსი იქნება საკუთარი მოთხოვნილებების ასრულებით გადიდკაცებულ ადამიანს ხელი შეეშალოს ბოროტების გაკეთებაში! ან პირიქით, ყველაფერი დაიღუპება, ისე როგორც სოდომსა და გომორში. რადგან ბოროტი, დესტრუქციული ძალის დანიშნულება დესტრუქცია და ბოროტებაა მხოლოდ! 

 

 - ღვთიურ სიტყვას ბრძანებთ, მამაო, მაპატიე მე ცოდვილს!

 

მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება! დიახ, ადამიანის თავისუფალი ნება იმაში უნდა გამოიხატებოდეს თავისუფლად შეეძლოს უფლის კანონების აღსრულება, ჰქონდეს საშუალება გაჭირვებულს დაეხმაროს, არსებობისთვის არ უნდა სჭირდებოდეს მოყვასისადმი ზიანის მიყენება; ღალატი, ძარცვა და ასე შემდეგ. დღეს მეცნიერებისა და ტექნიკის ასეთი მიღწევების დროს შესაძლებელი უნდა იყოს ასეთი ყოფისა და ცხოვრების დამკვიდრება. თორემ ადამიანი რომ სუსტი ქმნილებაა, ეს ღმერთისთვის ცნობილია. სწორედ იმიტომ მიენიჭა მავანსა და მავანს მეცნიერული წინსვლისთვის ამდენი უნარი და შესაძლებლობა, რომ მოყვასისათვისაც გაიმეტებინა ეს მადლი.

 

- მაგრამ უმეცარი ხალხის ბოროტება მაინც არ დამთავრდა! - დაეთანხმა დაჩი, მეც ცოდვილი ვარ მამაო მაპატიე! შემინდე! 

 

- შეგინდოს, რადგან ვხედავ გულწფელად ინანიებ!

 

- დღეს შენი შვილი გადარჩა მაგრამ დღეიდან ეკლესიურად იცხოვრე და მადლიერება ასე გამოხატე. ადამიანის ყველა ამქვეყნიურ ქმედებას თავისი არამატერიალური შედეგები აქვს! მართლმადიდებელი სარწმუნოება თავისი კანონიკური წესების დაცვით ადამიანის მოთხოვნილებების გარკვეულ მოდულაციას ახდენს და ამით მის ფსიქიკასაც მორალურ საზღვრებში აქცევს. 

 

- დიახ მამაო, - ყურადღებით გაიაზრა დაჩიმ ნათქვამი. 

 

- ადამიანს შვიდი ძირითადი უპირობო რეფლექსი აქვს: - სიცოცხლის დაცვის, კვების, სექსის, მოტორული, ორიენტაციის ანუ ინტელექტის განვითარების რეფლექსები. ასევე ჰომეოსტაზისა და სტატოკინეტიკური რეფლექსები. სწორედ ამ რეფლექსების ინსტინქტური გამოვლინებებიდან სათავეს იღებს ნებისმიერი ადამიანური ქმედება და ყველა ცოდვაც. ადამიანი მარხვის დაცვისას იმორჩილებსა და გარშემო უვლის კვების, სექსის რეფლექს, ასევე მრწამსის შესაბამისი აზროვნებით - ორიენტაციისა და სიცოცხლის დაცვის უპირობო რეფლექსებს. ეკლესიაში წირვისას ფეხზე დგომით - მოტორულს. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკას და სამკურნალო ეფექტიც კი აქვს თუ ადამიანი მარხვას ჭეშმარიტი რწმენის ქვეშ იცავს.

 

- ჰოო, პლაცებოს ეფექტი გამახსენდა, - აღმოხდა დაჩის.

 

- რაც მთავარია, მარხვა ღმერთის სახელის ირგვლივ ადამიანთა გაერთიანებაა. ამ დროს ადამიანები მარხვისა და ლოცვის საშუალებით იძენენ ისეთ ტორსულ გამტარობას, რომელიც გარემოში ცხოვრების ღვთიური, ჰარმონიული პირობების შექმნას უწყობს ხელს, რათა ასრულდეს ნება ღვთისა „ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“, მართალია ამას რამდენად ეფექტურად ვახერხებთ, სხვა საქმეა, თან ჩვენ ძალისხმევას ბევრი ურწმუნო და დესტრუქციული ქმედებების მოყვარული ადამიანის ტორსული გამტარობა ხელს უშლის. თუმცა ჩვენი სარწმუნოების მთავარი საზრუნავი სწორედ ამ დესრუქციული ძალის დაძლევაა!

 

 - ანუ მარხვის დროს ადამიანს სხვა ბიომაგნიტური ველი აქვს? – იკითხა დაჩიმ.

 

- ჰო, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ლოცვის დროს წარმოქმნილი ბგერითი ტალღაც ცვლის ადამიანის ბიომაგნიტურ ველს. ხოლო როცა მარხვა, ლოცვა, სწორი სუნთქვა და აზროვნება ზედმიწევნით თანხვედრილია მაშინ ასეთ ადამიანს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ცხადია, ეს ძალიან რთულია, ასე ძველი მამები ლოცულობდნენ, ეკლესიურად ცხოვრობდენ და სასწაულებსაც ახდენდნენ თურმე.

 

- ჰოო, გამახსენდა რა საინტერესოა! 

 

იესომ ის ხუთი ჭრილობა სწორედ ამ ხუთი რეფლექსური გამოვლინების საზღაურად მიიღო და ჯვარცმის ამ ღვთიური სხეულებრივი დათმენით, გარკვეულ ფარგლებში, შეუნდო კაცთამოდგმას ყველა ადამიანური ვნება და მოთხოვნილება. სხვაგვარად აქამდე წაგვლეკავდა ბოროტება! 

 

- ჰო და, ეს ჭრილობები ხუთი ჯვრის სახით ჩვენს დროშაზეა გამოსახული, ამის შესახებ თავად ეკლესიის მესვეურებიც საუბრობენ, - გაიხსენა დაჩიმ.

 

- ჰო, ოთხი პატარა ჯვარი ზედა და ქვედა კიდურებზე მიყენებული ჭრილობებია, ხოლო მეხუთე, დიდი ჯვარი, ფერდქვეშ მიყენებული სასიკვდილო ჭრილობაა და სიცოცხლის დაცვის რეფლექსის საზღაურია. 

 

კაცობრიობის შეცოდების ყველა მოტივაციის გამომხსნელი უფლის წმიდა ჭრილობების ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ მიღება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს! თან დროშაზე ჯვრის ვერტიკალური ღერძი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის სულიერ სწრაფვას ღვთაებრივისკენ, არ შეიძლება უფრო მცირედ ისახებოდეს, ვიდრე ჰორიზონტალური ღერძი, რომელიც ადამიანური მოთხოვნილებების გამოხატვაა საერთოდ ჯვარზე, რადგან ასეთი ფორმით ჯვარი კარგავს თავის სიმბოლურ მნიშვნელობას!

 

- ჰო, ალბათ, ამიტომ კიდებენ დაშვებული ფორმით, ვერტიკალურად, - თქვა დაჩიმ.

 

- კი, მაგრამ დროშას მხოლოდ დამარცხებისა და გლოვისას დაუშვებენ ხოლმე. ამიტომ მაფიქრებს ეს ამბავი! 

 

- მაგრამ, რატომ ხუთი, შვიდი ძირითადი უპირობო რეფლექსიდან! - დაუბრუნდა წინა თემას დაჩი.

 

- ხუთი იმიტომ, რომ ჰომეოსტაზი ადამიანის ბიოლოგიური არსის მახასიათებელი ნიშანია, თავად მოიცავს ოთხივე რეფლექსს და სული წმიდის გავლენით აწესრიგებს მათ რეგულირებას. 

 

- სტატოკინეტიკური რეფლექსიდან მომდინარე ცოდვები არ არის გამოსყიდული? - იკითხა დაჩიმ.

 

- სტატოკინეტიკური რეფლექსი გრავიტაციის გარკვეულ წილად დაძლევის რეფლექსია. ამავევ დროს, ცოცხალი ორგანიზმების დიფერენცირების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. იგი დედამიწაზე ამაგრებს ადამიანს, რითაც ჩვენ ორ ფეხზე ვდგავართ და არა ოთხზე, ცხოველებივით. ცხადია, ვერც ფრინველებივით დავფრინავთ. დღეს სწორედ ამ გრავიტაციის ცვლილების საშიშროების შესახებ საუბრობენ. ამავე დროს, ეს ის რეფლექსია, რომლის მართვა, ისე როგორც კვების, სექსის თუ დანარჩენის, არ შეგვიძლია! ამიტომ გაერთიანებული ძალით უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ დედამიწის პირველსაწყისი ბუნება!

 

- მერე, ეს შესაძლებელია, გრავიტაციის მუდმივაზე და ჩვენზეც, შეიძლება, ზემოქმედებდეს ყველა ტექნიკური საშუალება: - მობილური ტელეფონები, სმარტფონეფი, აიფონები, ეს თეფში ანტენები და ათასი რამ, რანაირად გინდათ რომ ამ ყველაფერს შემოუარონ? – თავისი ჭკუით ჩამჭრელი კითხვა დასვა დაჩიმ.

 

- ეს ყველაფერი ადამიანის მიერ არის შექმნილი და თუ მიზანს სწორად დავისახავთ, არ არსებობს პრობლემა, რომ მისი შემოვლა შეუძლებელი გახდეს. ადამიანს განუსაზღვრელი პოტენციები აქვს. მთავარია, პრობლემიდან გამომდინარე მიზანი სწორად დაისახოს, აწარმოონ მონიტორინგი, შეიმუშავონ დამარეგულირებელი ღონისძიებები. თუმცა, ეს ლიბერალური ბიზნესის პირობებში თითქმის შეუძლებელია. ამას სწორედ მემარცხენე პოლიტიკა სჭირდება, კერძოდ, პირველ რიგში - ყველასა და სახელმწიფოს ინტერესი და ამის შემდეგ ინდივიდუალური კერძო ეკონომიკური ინტერესი.

 

- გეთანხმებით მამაო! თან, ეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესი აღარ არის, ეს მთელი მსოფლიო საზოგადოების ინტერესია, - დაასკვნა დაჩიმ.

 

- გახსოვდეს, ადამიანები, მთელ მსოფლიოში, ძირითადად სამ ნაწილად იყოფიან: ჭეშმარიტად დიდი რწმენის მქონენი; ფარისეველნი, რომლებსაც კიდეც სწამთ და კიდეც ღალატობენ ღმერთს და ურწმუნონი, უღმერთონი, ბოროტების მთესველები; ყველა მორწმუნე ადამიანის ვალია შემოიერთოს ის შუაში მდგომი ნაკლებად მორწმუნენი, რათა ეს უკანაკნელნი ურწმუნოთა და უღმერთოთა ლუკმა არ გახდნენ და ბოროტებამ და დესტრუქციამ სამყაროს დასასრულისკენ არ წაგვიყვანოს! სამწუხაროდ მომხვეჭველობის ისეთ აზარტში არიან, რომ ვერც ხვდებიან „რომ ერთ ნავში ვსხედვართ და ახალ დედამიწას ვერ გამოიგონებენ“! არჩევანი თქვენზეა! ღვთისკენ ქვეყნის მობრუნება და ღვთიური სამართლიანობის დამკვიდრება, თუ ისევ ბოროტებასთან სამსახური, - ისე თქვა მოძღვარმა, რომ დაჩი გაოგნებული დატოვა, რადგან მოეჩვენა, რომ მან ყველაფერი იცოდა მის შესახებ!

 

ამასობაში ეკლესიაში დაჩის მეგობარი ზაზა მოვიდა, რომელიც შეშინებული ეძებდა მას. 

 

- სადა ხარ? ოპერაცია დამთავრდა და საშიშროებამაც გაიარა! ბექას ახლა სძინავს რეანიმაციაშია.

 

დაჩიმ კიდევ ერთხელ დაიჩოქა, ღმერთს ცრემლმორეულმა მადლობა შესწირა! მალე ეკლესიიდან საავადმყოფოსკენ წამოვიდნენ და ზაზას მოძღვართან საუბარის შესახებ უამბო;

 

 - ჰოო, სწორად მოუხაზავს ადამიანები მართლაც შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად და ყოველთვის იმ ერთ მესამეზეა დამოკიდებული მოვლენების წარმართვა, - დაეთანხმა ზაზა და მსჯელობა თავისებურად განაგრძო:

 

კი, არსებობენ ის ერთნი, რომელნიც არ არიან დამოკიდებულნი არსებულ კანონებსა და ცხოვრების წესზე, თითქმის ყოველთვის მაღალზნეობრივი თვისებებით ხასიათდებიან, მაგრამ მცირერიცხოვანი არიან და ამიტომ ვერ ქმნიან ჯანსაღ მორალურ კლიმატს ქვეყანაში.

 

მეორენი კი, ბენდელასნაირები, გაუმაძღარნი, თითქმის ყოველგვარ გარემო პირობებში, ძირითადად, კრიმინალზე არიან ორიენტირებულნი; 

 

აი, მესამენი, მე მგონი ჩვენნაირები, მართლაც დამოკიდებული ვართ არსებულ ცხოვრების წესსა თუ პოლიტიკურ სისტემებზე. ამიტომ ხან ბაიასნირებთან ვართ ხან ბენდელასთან, ცხადია, ამით კორუფციული და კრიმინოგენული გარემოს ჩამოყალიბებას ვუწყობთ ხელს, - დაასკვნა ზაზამ. 

 

- დაჩიც მთელი სერიოზულობით ჩაერთო და თქვა: 

 

- რას ვიზამთ, ეს ქურდები და მაფიოზები საუკუნეების განმავლობაში ბლატაობენ, ყველაფერს მაგათ ხომ არ დავუტოვებთ! ყველგან მაგათი დაუწერელი კანონებით იმართება მსოფლიო. ლიბერალების, მემარჯვენეებისა და მემარცხენეების კანონებსაც კი,მათი შეხედულებით ქმნიან. ან, საგადასახადო სისტემა, რა, გაპრავებული რეკეტი არ არის? უნამუსო ვიყო, თუ ჩვენი არსენა და რობინ ჰუდი ათასჯერ სამართლიანად არ იქცეოდნენ.

 

- ჰო, ჩვენ, მესამე კატეგორია, ფარისეველნი ვართ, - თქვა ზაზამ, ცოტა უხერხულება იკითხებოდა მის ინტონციაში, თუმცა მალე განაგრძო, მაგრამ მაინც მთავარნი ვართ! ხან გავცემთ და ხან ვიძენთ - ამფოტერული ელემენტებივით. ყველაზე საჭირონი ვართ. ვაწესებთ და ვამაგრებთ საზღვრებს ცუდსა და კარგს, შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის. ხომ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები აქვს ბაიას, მაგრამ ჩვენნაირების გარეშე ბევრს ვერაფერს გააკეთებს, რადგან არსენ ღლონტისა და „ბენდელასნაირი“ ხალხის ხელშია ამ ცხოვრების გასაღები! 

 

- ჰო და, ბაიასნაირები კი, ძირითადად მეტალებს ჰგვანან, რომლებსაც გარე სავალენტო შრეზე მცირე რაოდენობის ელექტრონები აქვთ - ერთი, ორი, ან სამი. იმისთვის, რომ რვამდე სრულყონ სავალენტო შრე, ცხადია, დიდი ენერგია სჭირდებათ, რაც არ გააჩნიათ, ამიტომაც ადვილად გასცემენ ამ ელექტრონებს, სამაგიეროდ დადებითად იმუხტებიან. მათი ფუნქცია სხვათა სრულყოფაა, სწორედ ეს თქვა მოძღვარმა. სრულყოფილი ელექტრონული შრე 8 ელექტრონით განისაზღვრება, არა? - იკითხა დაჩიმ. 

 

- ჰო, ბენდელასნაირები კი მეტალოიდებს ჰგვანან, რომლებსაც გარე სავალენტო შრეზე ხუთი, ექვსი, შვიდი ელექტრონი აქვთ, ამიტომ დარჩენილ ერთ,ორ-სამ ელექტრონს ადვილად იტაცებენ სხვისგან. ხედავ, რამხელა მსგავსებაა ცოცხალსა და არაცოცხალ ბუნებას შორის?! მაგრამ რახან სული გვიბოძა ღმერთმა, ეს მსგავსება უნდა დავძლიოთ, მით უმეტეს, ის უპირატესობა გვაქვს ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ! - თქვა ზაზამ, საკუთარი სიბრძნით მოხიბლულმა. 

 

- ჰოო, არჩევანი ჩვენზე ყოფილა, ისე, კინაღამ იმ მეტალოიდებისა თუ ბენდელასნაირების მსხვერპლი გავხდი და ლამის დავიღუპე! მე იმ ფულით აქ ეკლესია უნდა ავაგო და გაჭირვებულებს დავეხმარო! - ალბათ მხოლოდ ასე შეიძლება მომეცეს „უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემსავ უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე!..“ - თქვა ღვთისგან გაკვეთილჩატარებულმა დაჩიმ, თვალებზე ცრემლი ისევ მოერია და საავადმყოფოსაკენ გზა სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო!

 

 - კი, შენთვისაც დაგრჩება სამყოფი და ადვილად შეძლებ! სხვამ რა ჰქნას ვისაც ეს არჩევანი არ უდგას? ქვეყნად ცხოვრების წესია შესაცვლელი, ეს არის მთვარი. მართალს ამბობს მამაო!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: