რუსთაველის თეატრი თავს იმართლებს

რუსთაველის თეატრი თავს იმართლებს

რუსთაველის თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.

 

 განცხადება ეხება თეატრის მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ რობერტ სტურუას გათავისუფლების შემდეგ მისი სპექტაკლები რეპერტუარიდან მოიხსნა. განცხადების მიხედვით, მეორე ტყუილი გავრცელდა თეატრის დარბაზების გაქირავების თემაზე.

 

"სიცრუეა! გასულ სეზონზე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა სპექტაკლი, თუმცა ახალ სეზონზე ვერ ინიშნებოდა ის წარმოდგენები, რომლებშიც მთავარ როლს ასრულებს ზაზა პაპუაშვილი, რადგან, როგორც იცით, ბოლო დროს ეს მსახიობი დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით და თავად ითხოვა გარკვეული პაუზა, რაშიც, რა თქმა უნდა, თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან ჰქონდა სრული ხელშეწყობა და მხარდაჭერა. და კიდევ, ამ სეზონზე სპექტაკლები მოიხსნა მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის დროს და ამის შესახებ  წინასწარ გაკეთდა ოფიციალური განცხადება. 

 

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თეატრში არასოდეს გამართულა ქორწილები და დაბადების დღეები. ყველა სივრცე ქირავდება მხოლოდ სოლიდურ კომპანიებზე კონფერენციებისთვის, მაღალი დონის ოფიციალური და კორპორატიული მიღებებისთვის. ასევე ფილმის ან კლიპის გადაღებისთვის და აუცილებლად წინასწარ შეთანხმებული სცენარის საფუძველზე, რომ არ დაეცეს თეატრის იმიჯი. ამავე სივრცეებში ხორციელდება უამრავი საინტერესო პროექტი, იმართება უმნიშვნელოვანესი გამოფენები, რომელთა ინიციატორი და ორგანიზატორი, ძირითად შემთხვევებში, სწორედ რუსთაველის თეატრია. რაც შეეხება მცირე სცენას, ყოველთვის ქირავდება სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩასატარებლად, იქნება ეს კონცერტი, სპექტაკლი თუ პრეზენტაცია და მხოლოდ თეატრისთვის მისაღებ ნორმებში. 

 

არაერთი წელია ამ სცენაზე რუსთაველის თეატრთან თანაარსებობს ჩრდილების უნიკალური, აფხაზური თეატრი ,,ბუდრუგანა გაგრა". ბოლო წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრი დარბაზებს უთმობს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, რომელიც რემონტის გამო შენობის გარეშეა დარჩენილი. დიდ დარბაზში კი, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, თეატრის დასვენების დღეს, ტარდება მარტო ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მაგალითად ,,ცეკვავენ ვარსკვლავები" და, ალბათ, არავისთვის რთულად გასაგები არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ თეატრში დამატებითი თანხების მოსაზიდად არის საჭირო და ის, ვინც მხოლოდ საპირისპიროს ამტკიცებს, შეიძლება უნებლიეთ, ან იქნებ განგებ ახდენს რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას", - ნათქვამია რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: