თეიმურაზ შაშიაშვილი: მომავალი პრეზიდენტი სუფთა წარსულის უნდა იყოს და თავგანწირულიც!
ბოლო 15-20 დღეა, ელექტრონულ სივრცეში ვრცელდება 15 სხვადასხვა ჯგუფისა და კონკრეტული პიროვნების ინიციატივა, ვიყარო კენჭი საქართველოს პრეზიდენტად.
უღრმესი მადლობა მათ და 2000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაც კონკრეტული ჩანაწერით გამოხატეს ჩემდამი კეთილგანწყობა და სურვილი, ვიყარო კენჭი. სხვათაშორის, იგივე წინადადებით მომმართა არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ.
ეს საამაყოც არის ჩემთვის, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობას მანიჭებს. ვიცი რა, რომ დღეს პოლიტიკოსობა საერთოდ და, მითუმეტეს, პრეზიდენტობა - ეს ხალხისთვის თავგანწირვით მუშაობაა.
მწამს და მჯერა! აჩქარებით საკითხის გადაწყვეტა არავისთვის სასიკეთო არ იქნება, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. არადა ვხედავ, რომ ეს განწყობა სჭარბობს დღეს საქართველოში. ვფიქრობ, ყველა, ვინც საბოლოოდ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატთა რიგებში მისი წარსულით, ხალხის თვალში უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც ეს უფლება წესიერებით და თავშეწირვის მზაობით მოიპოვა!
მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია არ ჰქონდეს, რაც კანონზომიერია, მაგრამ არსებობს ორი სახის ამბიცია: ერთი - როცა იბრძვი იმისთვის, რაც დაიმსახურე, გეკუთვნის და რისი გაკეთებაც შენი გამოცდილებითა და განათლებით შეგიძლია და მეორე - როცა გინდა მიიღო ის, რაც არ გეკუთვნის, მაგრამ გაქვს საშუალებები, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, როცა ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არსებობა უჭირს - მოიპოვო ის, რაც არ გეკუთვნის!!!
სამწუხაროდ, საქართველოში მეორე სჭარბობს! ძნელია,მოძებნო ადამიანი, რომელიც იმ ადგილზე ზის, რომელიც ეკუთვნის - უწესობა მარტო ქრთამის აღება კი არ არის, გაცილებით მძიმეა, როცა სხვის ადგილზე ზიხარ, როცა როგორც მინიმუმ, ათ კაცს მაინც შეუძლია ამ თანამდებობაზე შენზე მეტის გაკეთება. საქართველოში ამას მასიური ხასიათი აქვს. ეს კატასტროფაა და ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში.
მე სერიოზულად ვაანალიზებ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას - იმას, რისი გაკეთება შეიძლება ამ უფლებების მქონე პრეზიდენტის თანამდებობიდან, ვთათბირობ უამრავ ადამიანთან, პრეზიდენტობის ჩემი კანდიდატებიც მყავს, რომლებთანაც ვაპირებ შეხვედრებს და შეთავაზებას, იყარონ კენჭი და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მე მათ გვერდით დავდგები.
ალბათ,კიდევ ათი დღე დამჭირდება, გავიარო კონსულტაციები და საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია - ვიყრი კენჭს, თუ არა.
ერთი, რაც დღეს ჩემთვის გადაწყვეტილად ითვლება:
პარტიის სახელით არ ვიყრი კენჭს, პარტიულ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს და არც ქუჩაზე ორიენტირებულს.
პარტიებმა ქუჩის პოლიტიკით მივიყვანეთ ქვეყანა ამ გაუსაძლის მდგომარეობამდე.
უნდა დამთავრდეს პარტიების გაფეტიშების და ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა. ქვეყანას სრულიად სხვა მასშტაბისა და პოლიტიკური კულტურის მმართველობა სჭირდება - მეცნიერებაზე დაფუძნებული მმართველობა.
ეს მისია სწორედ მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იკისროს. მას უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, გამოცდილებაც და იმის უნარიც, რომ ამ საშვილიშვილო საქმეს ჩაუდგეს სათავეში.
თეიმურაზ შაშიაშვილი,
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
2 აგვისტო, 2018 წელი