ტაში, ტაში...!
ია საკანდელიძე
ნეტა ბევრი თუ აცნობიერებს, რამდენ მთავარ ევროპულ ღირებულებას ვფლობთ და რამდენი მონაპოვარი გვაქვს ამ ფასეულობების დამსახურებით?!
მართალია, ამ მონაპოვრებს შეეწირა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მოსახლეობა 5 მილიონიდან 3 მილიონამდე შემცირდა, გვაქვს მძიმე სოციალური ფონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია“?!
სამაგიეროდ, დღეს ჩვენთან ყველას - სქესის, ასაკისა და ეროვნების მიუხედავად, უფლება აქვს: ავნოს საკუთარ თავს და ამაში ხელს მათ ვერავინ შეუშლის - ჰოდა, საცობ- მოსასმენებით ყურებდახშული ქართველი ახალგაზრდობა იმდენ ხანს დაკავდება საკუთარი თავის მავნებლობით, სანამ არ მოსწყინდებათ - ეს მთავარი ევროპული ღირებულებაა, რომელიც ჩვენთან ყველაზე დიდი წარმატებით დამკვიდრდა და დაგვირგვინდა.
გვიხაროდეს, გაუმარჯოს თაობათა შორის წყვეტით გათავისულებულ ახალგაზრდა თაობას! ტაში, ტაში!
აბა, ილიამ რა იცოდა, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან, თურმე, სულაც არ ყოფილა მშობელი მომავლისა! ამ სწორუპოვარ წყვეტას ნამდვილად ეკუთვნის კიდევ დიდი ტაში!
მეორე მონაპოვარიც გვაქვს - თუ დასავლეთში რომის პაპს ებრძვიან, არც ჩვენთან ჩამორჩნენ და უწმინდესის ყველა სიტყვას აკრიტიკებენ, ციანიდის საქმეს თუ გავიხსენებთ, ებრძვიან კი არა, ამ მიმართულებით დასავლეთსაც კი უსწრებენ! არაა ეს, ბატონებო, პატარა მონაპოვარი, არა! აქაც ტაში!
ღმერთი სამობითაა და ამ ყველაფრის საზღაურად მესამე მონაპოვარიც გვაქვს - მოსახლეობის 20-25% მაღალი, ევროპული სტანდარტებით ცხოვრობს, დანარჩენები კი... მაგრამ მერე რა... აბა, ყველასთვის ხომ არ იქნება მარგი ეს წუთისოფელი? ამას ვინც მიხვდა, მასაც დიდი ტაში!
მეოთხე სახარება შეგვეწიოს და მეოთხე დიდი მონაპოვარიც გვაქვს - ქვეყანა აგვევსო ათასი რჯულის უცხოელი ტურისტებით. ისე, ბევრს უკვე ტურისტებსაც ვეღარ ვუწოდებთ- ფაქტიურად, საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. თვალსაც უხარია მათი დანახვა და „ჯიბესაც“. დიახ, ამ ტურისტების დამსახურებით, ჩვენთან უკვე ბევრ პროდუქტზე, ბინებსა თუ დასასვენებელ სერვისებზე ფასები ევროპულსაც კი უსწრებს. ესეც ხომ უნდა გვიხაროდეს?! ვუყუროთ შორიდან უცხოელებისთვის აშენებულ ევროპულ საქართველოს, სტუმართმოყვარე ხალხი არ ვართ? მართალია, ბევრი ნერწყვის ყლაპვა გვიწევს, მაგრამ დამერწმუნეთ, ზოგჯერ ერთ-ორ ლუკმასაც და ხურდასაც გადმოგვიგდებენ! აბა, არა?! მთავარია, აქაც ვუსწრებდეთ ევროპას! ამ მიღწევასაც აუცილებლად ტაში მოუხდება!
ახლა, სასამართლო სისტემას არ იკითხავთ? ასეთი „სამართლიანი გადაწყვეტილებების“ მიღებას იმ ავადხსენებულ საბჭოთა კავშირის დროსაც ვერ ახერხებდნენ... ისეთი რეზოლუციები და მუხლები გვაქვს კანონმდებლობაში, შავს თეთრად რომ წარმოგიდგენს და თეთრს - შავად, ესაა „გონიერება“, თორემ თეთრზე თეთრის და შავზე შავის თქმას რა უნდა! მე მგონი, აქაც ვუსწრებთ ევროპას! ვიცი, რასაც ვამბობ... ამ კანონმდებლობის შემოქმედებსაც ნამდვილად ეკუთვნით ტაში, ტაში! არა, არა, მათ ამ ტაშს ვერ ვაკმარებ, უსამართლობა იქნება თავიანთ „სამართლიანობას“ საკუთარ ტყავზე თუ არ გამოცდიან და ამ გზით „გონივრულად„ არ „გაბედნიერდებიან“!
ოჰ, ამერია სათვალავი, შემოსავლების სამსასახურის დავიწყება შეიძლებოდა ამ მონაპოვრებში?! ისეთი განსწავლულები და პროფესიონალები არიან, ძველ რეკეტიორებსაც შეშურდება მათი სიყოჩაღე! წესით, მათი წყალობით, არ უნდა უჭირდეს ამ ახალ საქართველოს, თუ თავიანთ განსწავლულობას მხოლოდ დაბალ ღობესთან არ ამუშავებენ! მათაც ისეთი რა დააშავეს, ტაში, ტაში!
ხოლო, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს, მათ თურმე საბჭოთა ქვეყანაში დაბრუნება სურთ! რა გასაკვირია, არა? იქ ხომ არც ერთი აქ დასახელებული მონაპოვარი არ გვქონდა. ისე, რა გაუმაძღარია ეს ხალხი, რა გაუმაძღარი!
და ბოლოს: თუ დასავლეთში ღმერთს, რომის პაპს და ეროვნულ იდენტობას თავისუფლების სახელით ებრძვიან, ჩვენ ეს ძვირადღირებული თავისუფლება, ავადხსენებული საბჭოთა კავშირის დაშლის კვირაძელზე, „ღმერთი ჩვენთან არს“ და „გაუმარჯოს ეროვნულ, დამოუკიდებელ საქართველოს“ ძახილით მოვიპოვეთ! მართალია, ბოლოს დანაწევრებულ საქართველოში აღმოვჩნდით, მაგრამ მერე რა?
ახლა კი ნამდვილად არ ვიცი: ტაში, ტაში ვთქვა, თუ ვაი, ვაი!!!