ჩვენი არჩევანი სწორია - ქვეყანას წაადგება, თუ იგივე იქნება თქვენი არჩევანიც!
დღეს საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარვადგინეთ ბატონი თეიმურაზ (თემურ) შაშიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება (ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტი) საკმაოდ დაკნინებულია, მიგვაჩნია, რომ ეს თანამდებობა შემთხვევითი და დესტრუქციული ადამიანების (ძალების) ხელში არ უნდა აღმოჩნდეს. არადა, თუ უკვე დასახელებული კანდიდატებით ვიმსჯელებთ, ამის საშიშროება რეალურად არსებობს!
უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა თვალის ახვევაა (სხვათაშორის, თუ სოციალური ქსელებით და პირადი კონტაქტებით ვიმსჯელებთ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება არც თუ ისე სახარბიელოა) და საბოლოო მომენტში შესაძლოა ხელისუფლების მხარდაჭერის ვექტორი „ევროპული საქრთველოსკენ“ (ე.წ.ბოკერიას გუნდი) გადაიხაროს. შესაძლოა ეს ვერსია ვინმეს უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში , სადაც ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებაც!!!
თუ რა პერსპექტივა იქნება არჩევნების ასეთი შედეგით დასრულება საქართველოსთვის, ამის გაცნობიერება საზოგადოებას არ უნდა გაუჭირდეს...
ჩვენ დღემდე იობის სიმშვიდით ვადევნებდით თვალ-ყურს და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა გამოჩენილიყო დასახელებული კანდიდატების საპირწონე კანდიდატურა. ვუშვებდით იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ ასეთი ინერტულობა საზოგადოების განწყობის შესასწავლად და სიტუაციის დასაზვერად სჭირდებოდა და საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა, მაგრამ,ეს ასე არ მოხდა.აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ ვთქვით, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტის სავარძელი დესტრუქციული ძალების ხელში აღმოჩნდეს!!!
ძნელია ამის თქმა, მაგრამ, ფაქტია - პრეზიდენტის სავარძლის „ნაცმოძრაობისთვის“ დათმობით დაიწყება ხელისუფლების ხელახლა გადაბარების პროცესი, რომელიც საბოლოო განაჩენი იქნება საქართველოსთვის...
სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა პრეზიდენტობის კანდიდატად წარგვედგინა ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის კანდიდატურა, რომელმაც მიუხედავად შევარდნაძის კორუფციული სახელისუფლებო რეჟიმის პირობებში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ხელძღვანელად მუშაობისა, თავისი ცხოვრების წესით მოახერხა შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის რეპუტაცია. მეტიც,იგი მუდამ გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და ყველგან და ყოველთვის საკუთარ ხელწერას ტოვებდა.
როგორც რეგიონის ხელმძღვანელი მუდმივი ოპონირების რეჟიმში იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან - ღიად მიუთითებდა სახელმწიფოს მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე, მაგრამ, ოპონირება ცივილურ ჩარჩოებს არასდროს გასცდენია.
მისი ცხოვრების კრედო დღესაც უცვლელია - რა რესურსებითაც მოხვალ ხელისუფლებაში, იგივე რესურსებით უნდა წახვიდე (ბიუჯეტი არ უნდა გაყვლიფო და თანამდებობა ბოროტად არ უნდა გამოიყენო). შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ, კაცს, რომელიც ათეული წლების მანძილზე სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელი იყო, ერთი საკუთარი ბინაც კი არა აქვს თბილისში და მის მთელ ავლადიდებას ქუთაისში მამაპაპისეული სახლი წარმოადგენს...
შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს აქვს ყველა ის საქმიანი და ადამიანური თვისებები, რაც აუცილებელია თანამედროვე ეტაპზე მომავალი პრეზიდენტისთვის.
ის გახლავთ სწორედ ის ფიგურა, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას სწორ რელსერბზე დააყენებს!
ნიშანდობლივია ისისც, რომ მას სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით შემუშავებული აქვს სახელმწიფოს განვითარების ორიგინალური პროგრამა. მისი წინასაარჩევნო სლოგანია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!“
საინიციატივო ჯგუფის მიერ უახლოეს დღეებში მოხდება მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალური წარდგინება. ამდენად, ცალკეულ დეტალებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ
ზურგის ქარი გვინდა ვუსურვოთ საარჩევნო მარათონში, საზოგადოებას კი დაბეჯითებით ვეტყვით: ჩვენი არჩევანი სწორია, ქვეყანას წაადგება, თუ იგივე იქნება თქვენი არჩევანიც!
საინიციატივო ჯგუფის სახელით:
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი
გიორგი წერეთელი, მხატვარი, პროფესორი
გიორგი ანჩაბაძე,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გელა ფარჩუკიძე, მუსიკოსი
ინეზა იამანიძე, საქართველოს პდაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი