დიახ, შემირცხვენია ის ქვეყანა, „რომელსაც პრეზიდენტად ზურაბიშვილი, ვაშაძე ან ბაქრაძე ეყოლება“!
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში (#42, 15-21 ოქტომბერი) გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას ინტერვიუ
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილთან სათაურით: „შემირცხვენია ის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტად ზურაბიშვილი ვაშაძე ან ბაქრაძე ეყოლება“!
თეიმურაზ შაშიაშვილი მეტად სარისკო პროგნოზებს აკეთებს და გაზეთის მკითხველს, იგივე საქართველოს ამომრჩეველს აფრთხილებს, რა ელოდება ქვეყანას, თუ პრეზიდენტად ზურაბიშვილს, ბაქრაძეს ან ვაშაძეს ავირჩევთ.
პრეზიდენტობის კანდიდატი ღიად აფიქსირებს, რომ დღევანდელი მოცემულობით, როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის „კომპრომატების ომი“ სახეზეა და არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდეს, სრულ ქაოსამდე (არეულობამდე) შეიძლება მივიდეთ, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს.
ვიზიარებ ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილის მოსაზრებას, რომ პარტიული კანდიდატების პრეზიდენტად არჩევა ქვეყნის დაღუპვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან, თუ ავირჩევთ ბაქრაძეს, ვირჩევთ ბოკერიას, თუ ავირჩევთ ვაშაძეს, ვირჩევთ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კი მის მიერ გადადგმულ ანტიქართულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ არ დაეკისრება, რადგან, იგი არა პარტიის მიერ წარდგენილი, არამედ მხარდაჭერილი („დამოუკიდებელი ზეპარტიული“) კანდიდატია.
ისმება კითხვა: ვის ინტერესში შედის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა და რევოლუციური წინაპირობების შექმნა ქვეყანაში?
რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ ინტერესებში, რადგან, ისინი წინასწარ გრძნობენ, რომ მიუხედავად კოლოსალური ფინანსური რესურსების გამოყენებისა (ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვისა), არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვთ.
გაყალბების გარეშე გამარჯვების შანსი არც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ექნება.
სწორედ ეს რეალობა გვაყენებს იმ აუცილებობის წინაშე, რომ არაანგაჟირებული კანდიდატები გაერთიანდნენ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო და ამომრჩევლებს მოუწოდონ, დამოუკიდებელი კანდიდატისადმი მხარდაჭერით დაამთავრონ „ნაც-ქოცური“ მარაზმი, რომელმაც შეიძლება გადაიყოლოს საქართველო.
არა მარტო კულუარულ წრეებში, არამედ უკვე საჯაროდაც ადასტურებენ, რომ მოცემულ რეალობაში ქვეყნისთვის ყველაზე მისაღები საპრეზიდენტო კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილია.
როგორც შაშიაშვილი „ასავალ-დასავალში“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: ის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ გაწერილი საპრეზიდენტო პროგრამა, სადაც ჩამოყალიბებულია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან არსებული მწირი პოტენციალის პირობებშიც კი.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ინტერვიუში შაშიაშვილი გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მას ძალუძს დაამთავროს სააკაშვილთან დაკავშირებული მარაზმი საქართველოში!
მიმოიხილავს რა ხელოვნურად აგორებულ წინასაარჩევნო კრიზისს, შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილს უწინასწარმეტყველებს, რომ თუ იგი მაქსიმალურად არ ეცდება ჩაატაროს სამართლიანი (წესიერი) არჩევნები, თავის მოღვაწეობას ცუდად დაამთავრებს!
თუმცა, არც იმას მალავს, რომ ივანიშვილის „ცუდად დამთავრება“ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის აშკარა გამწვავების და ქვეყნის რელსებიდან გადაყვანის პირდაპირპროპორციული იქნება! არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბოლოდროინდელი „კომპრომატების ომი“ სწორედ საზოგადოების ეგზალტირებას ემსახურება - სამწუხაროდ, ხალხს დაავიწყდა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოარა საქართველომ „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში და ვერც იმას აცნობიერებს, რომ წარსულისკენ დაბრუნება თვითლიკვიდაციის ტოლფასი იქნება!
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით ხალხმა ყველაფერი გადაყლაპოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაზე იზრუნოს!!!
ნამდვილად არა - შექმნილი სიტუაცია აშკარად გვკარნახობს: ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ „ნაც-ქოცურ“ რეჟიმს და მშვიდობიანად მივიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
არც ვაშაძე, არც ბაქრაძე, არც ზურაბიშვილი, არამედ ვიღაც სხვა.
ეს „ვიღაც სხვა“ მოცემულ მომენტში თეიმურაზ შაშიაშვილია, რომელსაც, მიუხედავად შეკვეცილი საპერზიდენტო ფუნქციებისა, ყველაზე მეტად ხელეწიფება წერტილი დაუსვას ამ პოლიტიკურ ვაკხანალიას და ქვეყნის გამაერთიანებლის მისია იკისროს!
ზაურ ნაჭყებია,
პუბლიცისტი