ზაურ ნაჭყებია: უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამით ვიხსნათ ქვეყანა მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირებისგან!

ზაურ ნაჭყებია: უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამით ვიხსნათ ქვეყანა მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირებისგან!

 

ეს პატარა სტატია გუშინ დავწერე, მაგრამ, გარკვეული მოსაზრებით არ გამისაჯაროებია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი მოწოდების საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობა იყო.

 

წუხელ ვუსმენდი რა ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გამოსავალი ამ კრიტიკული სიტუაციიდან მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია.

 

რაც შეეხება დემოკრატიას და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობას, რომელ კონსტიტუციაზეა საუბარი - იმ კონსტიტუციაზე, რომელიც ჩოხასავით მოირგო სააკაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ცივი ნიავი არ მიაკარა - პირიქით, საკუთარ ნება-სურვილს დაუქვემდებარა; იმ კონსტიტუციაზე, რომლის მთავარმა მარეგულირებელმა - საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკების ლიბერალიზაცია დააკანონა? იმ კონსტიტუციაზე, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონის აღიარებით მოსპო „დისკრიმინაცია“ საქართველოში? იმ კონსტიტუციაზე, რომელიც უცხოტომელებზე ქართული მიწის შეუზღუდავად მიყიდვის საშუალებას იძლევა?!

 

ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ გამოხატავს დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესებს! მე კანონმორჩილი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უზნეო კანონის მორჩილება უფრო დიდი უზნეობაა!

 

საქართველო მკაცრი დილემის წინაშე დგას - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მეორე ტური, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა გარდაუვალია!

 

არ გამოვრიცხავ: იმის შიშით, რომ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს და „ნაციონალური რეჟიმის“ სრული რეინკარნაცია არ მოხდეს, შეიძლება ხალხი მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე და მეორე ტური გაყალბების გარეშეც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდეს (გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩეველთა ნახევარიც არ მისულა არჩევნებზე), მაგრამ, ეს არ იქნება საკმარისი პირობა, რომ „ნაციონალებმა“ ზურაბიშვილის გამარჯვება აღიარონ და უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადონ.

 

დიახ, ისინი გააფთრებით შეეცდებიან იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის დასტურად ვაშაძის მიერ პირველ ტურში მიღებულ ხმებს, დავით ბაქრაძის ღია მხარდაჭერას (10%) და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის (ღმერთმა იცის, ბოლო მომენტში ვინ წაიწყმედს სულს) მხარდასაჭერ განცხადებებს მოიშველიებენ. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში სიმშვიდე რომ არ შენარჩუნდება, ცხადია...

 

მითუმეტეს, „ნაციონალებს“ სხვა გზა უკვე არ რჩებათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად!

 

გაცილებით უარესად იქნება საქმე, თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს - ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ხალხმა საბოლოოდ უარი უთხრა არსებულ ხელისუფლებას და მწვანე შუქი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას აუნთო.

 

ქართველი ერის სირცხვილია, დამნაშავე რეჟიმის პრეზიდენტობის კანციცარი წინასწარ აცხადებდეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ახალაიასაც და ხმა მაინც მას მისცე, მაგრამ, რეალობას ვერსად გავექცევით!

 

ერთი სიტყვით, ორივე ვერსიის დაშვების შემთხვევაში, ქვეყანა მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგება, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 

კატეგორიულად უნდა ვთქვათ უარი  მეორე ტურის ჩატარებაზე და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ სახიფათო თამაშზე - ამით თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაშია!

 

თუმცა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც არსებითად არ განმუხტავს სიტუაციას (ისევ „ნაციონალები“ და „ოცნება“ იტივტივებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში), თუ საზოგადოებამ არ აიღო ხელში ინიციატივა და გათითოკაცებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების კონსოლიდაცია ვერ შეძლო - მადლობა ღმერთს, არსებობს ადამიანების ჯგუფი (არც თუ ისე მცირე), რომელიც აცნობიერებს მოსალოდნელ საშიშროებას და მზად არის პასიური მდგომარეობიდან აქტიურში გადავიდეს. სწორედ ამ ადამიანების პოლიტიკური ერთობა გასწევს განზე „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ და ახალი პოლიტიკური რეალობის მოწმენი გავხდებით.

 

შექმნილი მძიმე პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არ გვაქვს არც დრო და არც საამისო ფუფუნება, რომ კიდევ ერთი, ტრადიციულად ქართული, მკვდრადშობილი პარტიის დაფუძნებას და ახალი ფსევდოლიდერების გამოჩენას დაველოდოთ.

 

სწორედ შექმნილი უკიდურესად ფეთქებადსაშიში სიტუაცია გვაიძულებს - ჩამოვაყალიბოთ თანამოაზრეთა ერთობა, რომელიც თავისივე წიაღში შობს ახალ პოლიტიკურ ძალას!

 

გამოვდივარ წინადადებით: დავაფუძნოთ საზოგადოებრივი ერთობა, სადაც გაერთიანდებიან „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ რადიკალური (ბრმა) მხარდამჭერებისგან განსხვავებულად მოაზროვნე თანამოქალაქეები (ეს რომ ასეა, არჩევნების პირველმა ტურმაც დაადასტურა- არჩევნებზე თითქმის 55 პროცენტი არც მისულა) და ოპერატიულად ვემზადოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

ქვეყანაში ახალი დესტაბილიზაციის აცილების სხვა გზას უბრალოდ მე ვერ ვხედავ!

 

მაშ, ასე: წინ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ!!!

 

P.S. მიუხედავად პატივისცემისა, ვერ გავიზიარებ ბატონ ნურგზარ ფოფხაძის ოპტიმისტურ განწყობას, რომ ჩვენი აზროვნების ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ სიტყვები: „სამოქალაქო ომი“, „სამოქალაქო დაპირისპირება“ და ამით ვიხსნათ ქვეყანა მოსალოდნელი კატასტროფისგან.

 

სამწუხაროდ, სურვილი და რეალობა ხშირად არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში და ამას მხოლოდ მოწოდებებით ვერ მივაღწევთ.

 

უფრო უპრიანია, მძიმე რეალობას თვალი გავუსწოროთ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: