ზელენსკიდან... სანდრა რულოვსამდე!

ზელენსკიდან... სანდრა რულოვსამდე!

ვლადიმერ ზელენსკის არჩევით უკრაინელმა ამომრჩეველმა საკუთარ ქვეყანას (საკუთარ თავს) ხარაკირი გაუკეთა.

 

დიახ, ეს შეიძლება საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს და ერთ დროს წარმატებული სახელმწიფოს საბოლოოდ დამცრობისა და დასუსტების მიზეზიც გახდეს!

 

ის, რომ შოუმენი ზელენსკი არჩიეს ოლიგარქ პოროშენკოს და ექსპრეზიდენტს სხვა, მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატურა ვერ დაუპირისპირეს, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა დაზომბირებულია.

 

ისინი ელემენტარულად ვერ აცნობიერებენ, რომ მსოფლიოს არ ახსოვს შოუმენის მიერ სწორად მართული სახელმწიფო! ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არგუმენტად მსახიობ რონალდ რეიგანის მაგალითი არ გამოდგება. მითუმეტეს, იგი პრეზიდენტად შტატის გუბერნატორობიდან მოვიდა და პოლიტიკური კულტურაც უკვე დახვეწილ-რაფინირებული ჰქონდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების სხვა ტრადიციები არსებობს - იგი არსებითად განსხვავდება პოსტსაბჭოთა სივრცისგან, სადაც სიტყვა „კონკურენცია“ (როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სიბრტყეზე) თითქმის „უცხო ხილად“ ითვლებოდა.

 

ეტყობა, სისხლიანი „მაედნის“ გავლით, ემოციურ ნოტაზე მოსულმა ოლიგარქმა პოროშენკომ ბოლომდე ვერ გაამართლა ე.წ. „პატრონთა“ იმედები და 5 წლის შემდეგ საჭირო გახდა მისი ჩაჩოჩება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ექსპრეზიდენტმა ვერც უკრაინელთა იმედები გაამართლა, რაზეც არჩევნების შედეგებიც მეტყველებს. მართალია, უახლოესი თვეები საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკუთარი შეცდომები იგრძნოს, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

 

თუ ოლიგარქი პოროშენკო ასე თუ ისე ცდილობდა შეენარჩუნებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გრძნობდა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, მისგან განსხვავებით, ვლადიმერ ზელენსკი „შემწყნარებელი“ ნამდვილად არ იქნება და მისი მომავალი „რეფორმები“ ანგარიშსწორების კამპანიას ვერ გაცდება - ის პირველივე დღიდანვე იღებს ვალდებულებას თავიდან ბოლომდე გააშიშვლოს პოროშენკოს კორუმპირებული რეჟიმი და უკრაინელ ხალხს პურის ნაცვლად სანახაობა შესთავაზოს!

 

კატეგორიულად არ ვიზიარებ ქართველ ე.წ. ექსპერტთა მოსაზრებას, რომ ზელენსკი რუსული პროექტია. თუ ამას ვირწუმენთ, გამოდის, რომ ამერიკამ საბოლოოდ დათმო საკუთარი ინტერესები უკრაინაში და სტრატეგიულ პოლიგონად მოაზრებული რეგიონი საჯიჯგნად ისევ რუსებს ჩაუგდო ხელში...

 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში ზელენსკის გამარჯვებით რუსეთმა არ იხეიროს - არ გამოვრიცხავ ახლადარჩეული პრეზიდენტის არაადექვატური პოლიტიკური ნაბიჯების წყალობით, რუსეთმა „მსუყე“ ლუკმა კიდევ მიიღოს!

 

საქმე ისაა, რომ ამერიკას ერთიანი და ძლიერი უკრაინა იმდენად ადარდებს, რამდენადაც მე ჩინეთის იმპერატორობა, ან, თუნდაც, ვენესუელას პრეზიდენტობა! პირიქით, მარტივ მამრავლებად დაშლილ-დაქუცმაცებული უკრაინა უფრო შედის მის ინტერესებში, რადგან, დასუსტებული ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის თვითგადარჩენაზე ფიქრობს, რა დროსაც პატრიოტიზმი და მაღალი იდეალები განზე რჩება.

 

ამდენად, იმის თქმა, რომ ვლადიმერ ზელენსკი უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის უფრო კარგი პრეზიდენტი იქნება, ვიდრე, პოროშენკო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცებაც, რომ ზელენსკის გამარჯვებამ ხელ-ფეხი გაუხსნა „ნაციონალების“ რევანშს საქართველოში ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს არლადარჩეულ უკრაინის შოუმენ პრეზიდენტს ასევე შოუმენი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დააკავშირონ უკრაინაში არჩევნების შედეგები პირდაპირ საქართველოსთან, მითუმეტეს, სანდრა რულოვსის გამარჯვებასთან ზუგდიდის მერის არჩევნებში?!

 

ჯერ ერთი, რა დამსახურება აქვს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს უკრაინელი შოუმენის არჩევნებში გამარჯვებასთან, გარდა იმისა, რომ ზელენსკის მისგან (სააკაშვილისგან) შეეძლო დამატებით ესწავლა შოუს ელემენტები. მეორეც, უკრაინა უკრაინაა და საქართველო საქართველო!

 

მითუმეტეს, ჩვენ უკვე ვიწვნიეთ სააკაშვილის რეჟიმის მთელი სიმძიმე და არა მგონია, მთლად ისეთი გულუბრყვილო და უღირსებო იყოს ქართველი ერი, უახლოესი ჯოჯოხეთური წარსული დაივიწყოს!

 

რაც შეეხება ქალბატონ სანდრას და „ნაციონალების“ აღტაცებას ზელენსკის გამარჯვებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირებენ ზუგდიდში ექს-პირველი ლედის წარმატებას, არც ეს მგონია, ახლოს იყოს რეალობასთან.

 

 

ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერის არჩევნებში გამარჯვება არა მარტო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მარცხი იქნება (რაც ძალიან არ მადარდებს!), არამედ, სრულიად სამეგრელოს მოუშორებელი სირცხვილი - ძველი კოლხეთის შთამომავალთა ღირსების ფეხქვეშ გათელვა, კუთხის ნებაყოფლობითი ხარაკირი! თუმცა, ეს არანაკლები თავის ტკივილი იქნება დანარჩენი საქართველოსთვისაც!

 

თუ ეს მაინც მოხდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაწყებულია ახალი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მთავარ როლში (ანუ, ძირითადი დამნაშავე) ისევ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი იქნება!

 

რაც არ უნდა დღევანდელი ხელისუფლების უუნარობაზე იყოს საუბარი, სხვა ალტერნატივა უნდა მოიძებნოს ამ ყოვლად უპასუხისმგებლო ხელისუფლების ჩასანაცვლებლად, რადგან „ნაციონალების“ დაბრუნებაზე ფიქრიც კი დანაშაულის ტოლფასია. ეს ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ქართველმა (და საქართველოში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ) უნდა გააცნობიეროს, თუ არ გვინდა საკუთარ ქვეყანას ყელი საკუთარი ხელითვე გამოვჭრათ!

 

P.S. ცალკე საუბრის თემაა ბოლო დღეებში პანკისში განვითარებული მოვლენები, რომელიც აშკარად მართული პროცესია და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიუტევებელი შეცდომებით სწორედ „ნაციონალები“ ითბობენ ხელს. წვეთ-წვეთად ნაგროვები ნეგატივი კი პირდაპირ ასახვას ჰპოვებს პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუგდიდის მერის მოახლოებულ არჩევნებზეც!

 

P.S.S. ზემოთ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელის გავლება საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ზელენსკიზე არანაკლები შოუმენია, ხელისუფლებაში ყოფნისას და ქვეყნიდან გაქცევის მერეც მან შოუს ილეთები უკვე ამოწურა და არა მგონია, ქართველი ხალხი ისე დაბრმავდეს, ყულფში საკუთარი სურვილით გაყოს თავი!

 

ვერავინ დამარწმუნებს იმაშიც, რომ ხალხს არაფერი შეუძლია - ხალხს ყველაფერი შეუძლია და მის სისუსტეზე აპელირება მხოლოდ ჩვენი მტრების მოგონილია.

 

არა მიშას! არა სანდრას! არა „ოცნებას“!

 

ჩვენ სხვა ალტერნატივა გვჭირდება...

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: