ზაურ ნაჭყებია: ვატყობ, „ომი“ სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება!
ღია მიმართვა ზუგდიდელებს
ძვირფასო ზუგდიდელებო,
საკამათო არ არის, რომ საქართველოს მომავლის (ვიტყოდი, სახელმწიფოდ ყოფნა-არყოფნის) ხაზი დღეს ზუგდიდზე გადის-19 მაისს იქ გადაწყდება, შეგვრჩენია თუ არა ჩვენ ჯერ კიდევ ღირსების გრძნობა, გვაქვს თუ არა საერთოდ სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი და შეგვიძლია თუ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები პირად სიმპათია-ანტიპათიაზე მაღლა დავაყენოთ!
სულ რამდენიმე დღე დარჩა ზუგდიდის მერის არჩევნებამდე - იქ უკვე განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს, რომ „ომი“ სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება და არ არის გამორიცხული, საყოველთაო ამბოხების წინაპირობაც გახდეს!
რაც არ უნდა პროვოკაციაზე წამოვიდნენ „ნაციონალები“ და რა სავალალო შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, ეს ოდნავადაც არ ამსუბუქებს ზუგდიდელი ამომრჩევლის პასუხისმგებლობას საკუთარი კუთხის და ზოგადად, საკუთარი ქვეყნის წინაშე - რომ არა მერყევი და შურისძიებაზე დაგეშილი ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ზუგდიდი და მთლიანად საქართველო, ასეთი დილემის წინაშე არ დადგებოდა!
ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: რა ბედენაა ზუგდიდის მერის სავარძელი, მის უკან მზაკვრული ჩანაფიქრი რომ არ იმალებოდეს - ეს ძალიან კარგად იციან შურისძიების გრძნობით დამუხტულმა ზუგდიდელებმაც და მაინც ცეცხლს ეთამაშებიან - არ მომწონს „ქართული ოცნება“, არ ნიშნავს ჯოჯოხეთურ წარსულში დაბრუნებას. უფრო სწორად, არ უნდა ნიშნავდეს!
მივმართავ ჩემს ძვირფას ზუგდიდელებს, უპირველესად ზუგდიდელი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებს: გამოიყენეთ ხალხში არსებული თქვენი ავტორიტეტი და დაარწმუნეთ ამომრჩეველთა დაზომბირებული ნაწილი, რომ „ნაციონალების“ კანდიდატის(იგივე „ჩქინი ნოსას“- სანდრა რულოვსის) მხარდაჭერა საკუთარი კუთხის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია და ამას ისტორია არ გვაპატიებს!
მე სისტემატური კონტაქტი მაქვს ზუგდიდელებთან და გაოცებას ვერ ვმალავ, როცა ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნების ბედის განსაზღვრისას მხოლოდ პირადი ინტერესებიდან (ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობიდან) გამოდის და ვერ აცნობიერებს, სამიდღემშიოდ რა იარლიყს უმზადებს სამეგრელოს!
უფრო შორს არ წავალ...
თქვენი გონიერების იმედი მაქვს!
უფალმა გამოგავფხიზლოს!!!