არ დავუშვათ კონსტიტუციის გაყალბება
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის უპასუხისმგებლო და სიცრუით მოტივირებული ქმედებებით, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დესტაბილიზიაცია და კონსტიტუციური წესრიგის ჩამოშლა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნადაა შერყეული;
საკანონმდებლო ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება - თითქოს ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც გულისხმობს 73 მანდატის მაჟორიტარული წესით და 77 მანდატის პროპორციული წესით არჩევას;
აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და მიმართულია ე.წ. ყალბი კონსტიტუციური გადატრიალებისკენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ჯგუფისთვის;
სინამდვილეში კი 2018 წლის 23 ნოემბრის კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით, რომელიც ძალაში შევიდა ამავე წლის 20 დეკემბერს, დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული წესით ყოველგვარი დათქმისა და ვადების მითითების გარეშე;
სიცრუის გამავრცელებლები ეყრდნობიან 2017 წლის 13 ნოემბრისა და 2018 წლის 23 მარტის საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში არსებულ ჩანაწერს, სადაც მითითებული იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და 3%-იანი ბარიერის პირობებში (2071-II ს-ვებგვერდი,02/04/2012);
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ძალადაკარგულია, ვინაიდან 2018 წლის 23 ნოემბრის კონსტიტუციის გარდამავალი დებულებიდან ამოღებულია აღნიშნული ჩანაწერი, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე;
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, იურისტებს, განსაკუთრებით კონსტიტუციონალისტებს, ჟურნალისტებსა და დაინტერესებვულ ადამიანებს, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სწორი სამართლებრივი ინფორმაცია და ხალხი დაამშვიდონ პოლიტიკური შფოთისა და არეულობის თავიდან აცილებისთვის;
ვალერი გელბახიანი
პაატა კოღუაშვილი