პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონს წლის ბოლომდე მიიღებს
პირობითი სასჯელისგან განურჩევლად ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს და პარლამენტს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინებას ურჩევს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, "ამნისტიის შესახებ" პროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წერილობით რეკომენდაციებს უკვე გაეცნო. მისი ინფორმაციით, რეკომენდაციები და შენიშვნები პარლამენტში შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდანაც გადაიგზავნა.
ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ სააგენტო ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
"იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები "სისხლის სამართლის კოდექსის" ცალკეულ მუხლებს და პირობით სასჯელებთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხება. კანონპროექტის თანახმად, პირობითი სასჯელისგან გათავისუფლება ყველას ეხება. იუსტიციის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ პირობით სასჯელს თავისი პრევენციული მნიშვნელობა აქვს და ყველა მსჯავრდებულისთვის პირობითი სასჯელის მოხსნა მიზაშეწონილი არ იქნება", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის იმ მუხლის კორექტირებაც, რომელიც ამნისტირებულ პირთათვის სასჯელისგან გათავისუფლების პარალელურად ნასამართლეობის მოხსნას ითვალისწინებს, დეპუტატმა განმარტა, რომ ნასამართლეობის მოხსნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.
"პირიქით, დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ნასამართლეობის მოხსნასთან ერთად, ადამიანებს ის უფლებებიც დაუბრუნდეთ, რაც მართვის უფლებას, პოლიციაში, სამედიცინო სფეროში თუ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას ეხება, რათა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოხდეს", - აცახადებს ფოფხაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინფორმაციით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაუბრუნდება და მას, განხილვასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვით, წლის ბოლომდე მიიღებს.
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა 19 ნოემბერს დაიწყო, თუმცა სესიაზე მისი გატანის გადაწყვეტილება არ მიუღია.