მიხეილ ჯიბუტი: გია ჭანტურიას ხსოვნა, მისი მკვლელობის მიზნის საბოლოო მიღწევას არ დაუშვებს!

მიხეილ ჯიბუტი: გია ჭანტურიას ხსოვნა, მისი  მკვლელობის  მიზნის საბოლოო მიღწევას არ დაუშვებს!

დღეს გია ჭანტურიას მკვლელობიდან 25 წელი შესრულდა. მისი მკვლელობის საქმესთან მიმართებაში ყველა  ხელისუფალი საქართველოში ბურუსის მემკვიდროებითობას არ/ვერ არღვევს, რაც საქართველოს ხელისუფლების ეროვნულობის ერთგვარ ტესტად იქცა!

 

გიას თაობა უკვე მიმავალი საქართველოს კატეგორიაში გადადის. ის ახლა 60 წლის იქნებოდა (დაბადებული იყო 1959 წლის 19 აგვისტოს), მაგრამ ის დარჩა და მუდამ იქნება მომავალი საქართველოს თაობის სულის ნაწილი  თავისი ტრაგიკული ასაკით - 35 წლით!   მომავალი საქართველოს თაობას სჭირდება ქართველთა სანიმუშო, მისაბაძი, მაგალითები განსაკუთრებით თანამედროვე საქართველოს ისტორიიდან. 

 

სამწუხაროდ,  ასეთები საქართველოს ხანგძლივ ისტორიასთან შედარებით, არც თუ ისე ბევრია. მათ შორისაა გია ჭანტურიას ცხოვრებისა და სიკვდილის მაგალითი. გიას ფიზიკური ლიკვიდაციის მიზანი სწორედ ის იყო, საქართველო ყოფილიყო ისეთი, როგორც დღესაა და არა ისეთი, სადაც ქართველს მოწესრიგებული, თავის ხასიათზე მოწყობილი ქვეყანა, მოყვრის - მოყვრულად, მტრისადმი - მტრულად დახვედრის შნო ექნებოდა! ყველაფერი ეს განივთებული იქნებოდა ქართულ სამართლის სისტემაში. 

 

ანტიქართულობა ანტიკონსტიტუციურობის ტოლფასი გახდებოდა. გია ჭანტურიას სახელი და გვარი ამისთვის ბრძოლის შეწყვეტის საშუალებას არ მისცემს ქართველებს. სულ უფრო მატულობს მისდამი ინტერესი. მისი ხსოვნის მასშტაბები ფართოვდება. ეს ხსოვნაა ახლა ერთი მნიშვნელოვანი ბალავარი,საფუძველი, პლატფორმა გიას მკვლელობის მიზნის მიღწევის ჩაშაშლელად - უწესრიგოს ნაცვლად, მოწესრიგებული საქართველოს შესაქმნელად!

 

ახლა, გიას მოწამებრივ ცხოვრებაზე და მის ტრაგიკულ აღსასრულზე წერისას, გონება გულს ჯაბნის. ამიტომ გიას ხსოვნის დღეს, მკითხველს ვთავაზობ გია ჭანტურიაზე დაწერილ სტატიას, რომლის დაწერისას ემოცია უფრო სჭარბობდა (წერილი დაიბეჭდა 1995 წლის 7 აპრილს,“მნათობი“,№7). 

 

გიორგი (გია) ჭანტურია

 

„სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს“

 

1994 წლის 3 დეკემბერს, შაბათს, დლის 10 საათსა და 15 წუთზე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მუხანათურად მოკლეს ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია...

 

ის თავისი პარტიის VII ყრილობის დახურვის პლენალურ სხდომაზე მიემართებოდა. მძიმედ დაიჭრა პარლამენტარი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე - ირინა სარიშვილი. ამ თავდასხმის დროს მოკლეს მათი კიდევ ერთი თანამებრძოლი - მერაბ გვარამია ...

 

გიას კრედო იყო „მამული, ენა, სარწმუნოება“.

 

გიასთვის ეს ქართველობასთან გაიგივებული სისტემა, არ იყო რომანტიული გატაცება. ეს იყო მისი სასიცოცხლო სამოქმედო პროგრამა.

 

სწორედ ამიტომაც:

 

გიას ესროლეს მამულისთვის;

 

გიას ესროლეს ქართული ენისთვის;

 

გიას ესროლეს სარწმუნოებისთვის.

 

გია ჭანტურია იყო პიროვნება ხმამაღალი, სიმართლის მთქმელი, გულმართალი. მისი პრინციპი იყო „სიმართლა ყველგან და ყოველთვის“. უყვარდა მშობლები , შვილი, მეუღლე, მეგობრები, მეგობრობა, ბავშვები... მაგრამ მას პირადული, საყოფაცხოვრებო არასოდეს პარტიულსა და საქვეყნო საქმეებზე მაღლა არ დაუყენებია, ამასთან, პარტიული და საქვეყნო ერთმანეთში არასოდეს აურევია. საქართველოსთვის უნდა ყოფილიყო ყველაფერი დაქვემდებარებული.

 

გია ჭანტურია იყო ქართველი კაცი. ის თავისი გენოფონდით, თავისი შვილობით, მამობით, მეუღლეობით, მეგობრობით ქართველის კრებსით სახეს ქმნიდა.

 

გია ჭანტურია იყო ეროვნული მოღვაწე. მთელი მისი ცხოვრება - სიცოცხლეც და სიკვდილიც მიეძღვნა ერის ცხოვრების მოწესრიგებისთვის ბრძოლას. ის ერის გამრყვნელებს უწოდებდა იმათ, ვინც ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა „ეროვნულ - დამანგრეველ“ მოძრაობად მონათლა.

 

გია ჭანტურია მხოლოდ ერისთვის სიცოცხლესა და სიკვდილს ანიჭებდა აზრს. ერი სხვაა, ხალხი სხვაა - ამტკიცებდა ის. ქართველობაში მონური შეგნების თავისუფალი შეგნებით შეცვლას ემსახურა ის. ერის დალაჩრება - დაკომპლექსების ისტერიას ვერ იტანდა. მას საქართველოსი სწამდა მაშინაც, როცა ქვეყნის მოსახლეობის 99,99 % კომუნისტური პარტიის დიქტატურის მსახური იყო, ან ამ სამსახურისთვის ემზადებოდა. იგი დისიდენტი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ანუ აზროვნებდა ანტიკომუნისტურად, რისთვისაც ეწამა კიდეც.

 

გია ჭანტურია ახალი თაობის ბრწყინვალე მოღვაწეა. იგი შვა ეროვნულ - განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. მის თაობაში ძნელადაა მოსაძებნი ადამიანები, რომლებიც კომკავშირიდან ან პარტიიდან არ მოდის. იგი სხვა თვისების ახალი თაობის წარმომადგენელია. ეს ის თაობაა, რომელიც პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში ყალიბდება. სწორედ ეს თაობა არ აპატიებს მამებს მშვიდობიან პერიოდში შვილის დასამარებას. ეს თაობა გასტრონომიული პრობლემებით კი არ დაიღლება, როგორც დღესაა დაღლილი „მამები და ბაბუები“. ისინი დაიღლებიან ისევე, როგორც ერთ დროს ქვეყანა დაიღალა პოლიტბიუროს ბერიკაცებით. ეს თაობა არ დაუშვებს საქართველოში კაცების გამოლევას, რომელიც იმ კაცთა შემცირებას ნიშნავს, რომლებსაც საქართველოსათვის სიკვდილი შეუძლიათ.გიამ შეძლო საქართველოსათვის სიკვდილი. იგი ახალ თაობას ზრდის თავისი სიკვდილითაც.

 

გია იყო ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოში მას საზოგადოების ყველა ფენა იცნობდა. მისი ავტორიტეტი   ზღაპრული გმირივით იზრდებოდა! მის აზრს ანგარიშს უწევდნენ არა მარტო საქართველოს მმართველი წრეების ზედა ეშელონებში, არამედ, საერთაშორისო მასშტაბითაც. მოვლენების მისეული შეფასება საფუძვლად ედებოდა საქართველოს მიმართ სხვა ქვეყნების პოლიტიკას.

 

გია იყო ტრადიციების სრული მატარებელი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. მართლმადიდებლობა იყო მისი შინაგანი მოტივაცია. ეს განსაზღვრავდა მის დამოკიდებულებას ყველა სხვა რელიგიასა და ერთან. ტევადია ფორმულა, რომელიც მან ჩამოაყალიბა: საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელს - თანაბარი უფლება, საქართველოს წინაშე თითოეული მათგანის თანასწორი ვალდებულებით.

 

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქრისტიანული მორალის დამკვიდრებას გია ჭანტურიამ უდიდესი მნიშვნელობა შესძინა. ის მის მიერ ფერფლიდან აღდგენილი ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის (ედპ) მეშვეობით, რომელიც გახდა საერთაშორისო ქრისტიანულ - დემოკრატიული მოძრაობის დასაყრდენი საქართველოში. ამან განაპირობა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ - დემოკრატიული კავშირის შტაბბინის თბილისში დაფუძნება და ამ კავშირის გენერალურ მდივნად მისი არჩევა.

 

გიამ გაუძლო ხელისუფლებით ცდუნებასა და გამოცდას. მას პირადი კარიერა კი არ აინტერესებდა, არამედ საქართველოში პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ცივილიზებული საქართველოს ცივილიზებული ცხოვრება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც პოლიტიკა პოლიტიკური პრინციპებით შეიქმნება. გიამ თავისი ენერგიის კონცენტრაცია ეროვნული, მართლმადიდებლური, დემოკრატიული სულისკვეთებით აღსავსე ცენტრისტული ტიპის პარტიულ აღმშენებლობაზე გააკეთა. მას ედპ მიჰყავდა მმართველ პარტიად გახდომის ამოცანის გადაწყვეტისკენ. ეს მიზნობრივი ფუნქცია კი არ გამორიცხავდა, არამედ გულისხმობდა სხვა პარტიებთან თანამშრობლობას. ის ოცნებობდა საქართველოში ძლიერი პარტიების არსებობაზე. მისმა ასეთმა მიდგომამ ბევრი პოლიტიკური ამბიცია გაალღო და პარტიები დიალოგის აუცილებლობამდე  მიიყვანა.

 

გია ჭანტურია იყო ქართული ენის მოსიყვარულე. მისი პროფესიულად მცოდნე. ქართულის მასწავლებელი ჰყავდა ცხოვრების მაგალითად წარმოდგენილი.

 

ერთი სიტყვით:

 

მამულისთვის მოკლეს გია;

 

ქართული ენისთვის მოკლეს გია;

 

სარწმუნოებისთვის მოკლეს გია.

 

გია თავისი სიცოცხლით მზად იყო მომკვდარიყო ამ სამიდან ნებისმიერი ერთისთვის. მას ასეთი სიკვდილისთვის მზადყოფნა გაცხადებული ჰქონდა. ამიტომ, ცხონებულია იგი. საცოდავები ვართ ჩვენ, ვინც უნდა ვიცხოვროთ იმათ გვერდით, ვინც კლავს ქართველს  მამულისთვის, ენისთვის, სარწმუნოებისთვის ... ვინც კლავს გიას ... ვინც კლავს იმას, ვისაც სამშობლოსათვის სიკვდილი შეუძლია ... უფრო საცოდავები ვართ მაშინ, თუ ქართველი ერი, ქართული ენა, მართლმადიდებლობა იმათი „სამწყსო“ არის, ან გახდება, ვინც გია მოკლა!

 

9 დეკემბერს, 15 საათზე გია ჭანტურიას ნეშტი დაასაფლავეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში...

 

ედპ-ს  VII ყრილობამ მუშაობა დაამთავრა. გიამ სიკვდილის შემდეგ სამოქმედოდ დატოვა მის მიერ შედგენილი პროგრამა.“

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: