მეუფე იაკობი: ყველაზე მთავარი სულიერი თავშეკავებაა
“მარხვა მარტო კონკრეტული საკვებისგან თავშეკავება არ არის, მთავარია, ცდუნებას გავუძლოთ და ვნებებს შევებრძოლოთ“, - ბრძანა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ ქადაგებაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა. მისი თქმით, ცოტა ხანში შობის მარხვა დაიწყება და ეს ძალიან კარგია, რადგან ის საკმაოდ ბევრი რამისგან თავშეკავებას გვასწავლის.
”თავშეკავება შეიძლება საკვებისგან დაიწყო და სულიერ თავშეკავებაზე გადახვიდე. ყველაზე მთავარი კი სულიერი თავშეკავებაა”,- აღნიშნა მეუფემ და დასძინა, რომ მარხვის დაწყებამდე ყველამ საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და იქ ნაკლოვანებები დაინახოს, შემდეგ კი ეკლესიისა და მოძღვრის დახმარებით მისი ამოძირკვა დაიწყოს.
როგორც მეუფემ ბრძანა, უფალს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ჩვენი კეთილი საქმე აღასრულოს. მთავარია, ვეცადოთ და უფალმა ჩვენი გული დაინახოს.
”ერს მადლიერება გვმართებს უფლისადმი, რომელიც მარხვის დროს ყველას თხოვნას შეისმენს და საქართველო ისეთ მდგომარეობამდე მივა, რომ ერთად ცხოვრება გაგვიხარდება და არ იქნება ისე, რომ ვიღაცას ვიღაცის ნახვა არ უხაროდეს ან მისი მოსმენა არ უნდოდეს”,- აღნიშა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყება და 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე დასრულდება.