ფიცი გვწამს, ანანიძე გვაკვირვებს
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ინფორმაციით, ბათუმის ანბანის კოშკი, რომლის აშენებაც ბიუჯეტს 65 მლნ ლარი დაუჯდა, უპატრონობის გამო ფრინველთა თავშესაფარად არის ქცეული.
ბათუმის საკრებულოს წევრების განცხადებით, კოშკის შენახვას ყოველწლიურად 700 000 ლარი სჭირდება, რაც ზედმეტი ხარჯია. ამასთან ნაგებობა წელიწადში ერთხელ უნდა შეიღებოს, ორჯერ კი მთამსვლელების დახმარებით გაიწმინდოს.
ამავე ტელეკომპანიის ცნობით, სატელევიზიო სტუდიებისთვის და მოძრავი რესტორნისთვის გამოყოფილ ადგილი ანტისანიტარულ მდგომარეობაშია.
თავის მხრივ, ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ კოშკი ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.
"ამ კოშკის მოვლა-შენახვა, კომუნალური ხარჯები, განათება და ა.შ. მერიის ბალანსიდან თუ ბულვარის ადმინისტრაციის ხარჯებიდან ჩამოიწერება, რაც მომგებიანი იქნება", - განაცხადა ანანიძემ და დასძინა, რომ ანბანის კოშკი სამართავად კერძო მესაკუთრეს უნდა გადაეცეს.
მისივე თქმით, ანბანის კოშკს ექსპერტიზა უტარდება და მომავალი წლისთვის დადგინდება, რამდენად ხარისხიანადაა სამუშაოები შესრულებული. ამ მიზეზით ბულვარის ადმინისტრაციამ კოშკის საკუთარ ბალანსზე გადაყვანა ჯერ ვერ შეძლო.
ანბანის კოშკის საბოლოო ღირებულება ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი, რის შემდეგაც ბულვარის ადმინისტრაცია შენობის განკარგვას შეუდგება.