ზაურ ნაჭყებია: „ჯიუტი თხები“ მორიგდნენ, შეუერიგდება თუ არა ამ აბსურდს საქართველო?!

ზაურ ნაჭყებია: „ჯიუტი თხები“ მორიგდნენ, შეუერიგდება თუ არა ამ აბსურდს საქართველო?!

მითი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, გუშინ საპნის ბუშტივით საბოლოოდ გასკდა - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული „შეთანხმება“ არა მარტო აზრს უკარგავს არჩევნების ჩატარებას საქართველოში, არამედ, ხაზგასმით ამტკიცებს, რომ ხალხის (ამ შემთხვევაში, იგულისხმება ამომრჩეველი) აზრი ჩვენს „სტრატეგიულ“ პარტნიორებს, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ!

 

„ჯიუტი თხები“  კი მორიგდნენ, მაგრამ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეურიგდება თუ არა ამ აბსურდამდე დაყვანილ ე.წ. „შეთანხმებას“, ქართველი ამომრჩეველი?!

 

ახლა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება იძულებით (მუშტების ქნევით) დაიყოლიეს ამ შეთანხმებაზე, ვერაფერი ნუგეშია საქართველოს პერსპექტივისთვის. პირიქით, არჩევნების პროცედურასთან დაკავშირებული კაკაფონია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკეანისგაღმელთა და მათ სატელიტთა დაჟინებული მოთხოვნა (რომელიც ლამის რეკომენდაციად მონათლონ) და ამ მოთხოვნის უსიტყვო შესრულება ხელს უწყობს არა მარტო ნიჰილიზმის გაღრმავებას საზოგადოებაში, არამედ,  გვაფიქრებინებს, რომ არჩევნების შედეგები წინასწარაა გათვლილ-გააზრებული და ამომრჩეველთა მცირე ნაწილის მონაწილეობაც კი გაფორმდება, როგორც დემოკრატიული პროცესების შედეგი!

 

საკუთარ სტატიებში და ფეისბუქ-სტატუსებში მრავალგზის მითქვამს პროპორციული სისტემის აბსურდულობაზე საქართველოში (არადა, საქართველოს კონსტიტუციით 2024 წლიდან ეს უკვე დაკანონდება). მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ რას ვგულისხმობ სიტყვა „აბსურდულობაში“.

 

არჩევნების პროპორციული სისტემა ჩვენს შემთხვევაში ნიშნავს, რომ ხმას ვაძლევთ უიდეო, სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის არმქონე, ბოლომდე გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა უკან დგას რამდენიმე ოდიოზური ფიგურა (შეიძლება პირდაპირ დავარქვათ სახელი - პროვოკაციებში და სახელმწიფოს ღალატში დახელოვნებული პერსონები). სამწუხაროდ, საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან დღემდე ვერ მოხერხდა ჩამოყალიბებულიყო პროფესიული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მორალური უფლება ექნებოდათ სახელმწიფოს მართვაზე, რომლებიც ობიექტურად გაიაზრებდნენ იმ გამოწვევებს, რასაც თანამედროვე ეპოქა გვთავაზობს!

 

ახლა, რაც შეეხება გუშინდელ „ისტორიულ“ შეთანხმებას: როგორც გვამცნეს, არჩევნები ჩატარდება ე.წ. შერეული სისტემით 120X30-ზე და 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით.

 

დავიწყოთ იქიდან, რომ 30 მაჟორიტარის არჩევა ხელოვნურად გამსხვილებულ ოლქებში იქნება სრული აბსურდი, როგორც ორგანიზაციული (ტერიტორიული), ასევე ფინანსური თვალსაზისით. ჯერ ერთი, მაჟორიტარობის პოტენციურ კანდიდატს საარჩევნო კამპანიის წარმოება მოუწევს ტერიტორიულად დაშორებულ სხვადასხვა რაიონში, რაც არაეფექტურ რეალობას ქმნის ამომრჩევლებთან საკუთარი პროგრამის მიტანის თვალსაზრისით. მეორეც, თუ ქართული მენტალობით მოვუდგებით, ის, ვინც მეტ-ნაკლებად მისაღები შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული რაიონისთვის, ასევე მიუღებელი შეიძლება გახდეს მეორე ტერიტორიული ორგანოსთვის. ამ შემთხვევაში, ყველაზე საუკეთესო „წამალი“ ადგილებზე ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებაა, რომლის გამოცდილება ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებებს ნამდვილად არ აკლიათ.

 

ვის რაში სჭირდება ასეთი ფორმალობა? ალბათ იმას, ვინც არჩევნების ასეთი წესი შემოგვტენა. არადა, ჩვენ რომ ნამდვილად არ გამოგვადგება, ამის გაგებას საარჩევნო ტექნოლოგიების ზედმიწევნით ცოდნაც არ სჭირდება!

 

რაც შეეხება პროპორციული სისტემის „სიკეთეს“, ჩვენში არსებული პოლიტიკური რეალობისა და პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნისთვის, სრული მარაზმია, რადგან, როგორც ადრე აღვნიშნე, საქართველოში რეგისტრირებული ყველა პარტია ერთად რომ გადაადნო, ერთი პროფესიული პოლიტიკური სუბიექტიც არ გამოვა... და ეს არა მარტო იმიტომ, რომ სოკოებივით მომრავლებული ე.წ. პარტიები გარეშე ძალებიდან ფინანსდებიან, არამედ, იმიტომაც, რომ საქართველოში დღემდე მოთხოვნა არ ყოფილა ისეთ პროფესიულ სუბიექტებზე, რომელთაც ექნებოდათ პასუხისმგებლობა არა მარტო ავანსად გაცემული დაპირებების შესრულებაზე, არამედ, სახელმწიფოს პროპროტეტების განსაზღვრაზე.

 

გუშნდელმა „შეთანხმებამ“ აშკარად დაადასტურა, რომ მისი უდიდებულესობა - „ქართველი ამომრჩეველი“ ბოლომდე დაიგნორებულია და მისი აზრი არავის აინტერესებს, რაც არჩევნების მიმართ ხალხის დაინტერესებას კიდევ უფრო აკნინებს.

 

რაც შეეხება 1-პროცენტიან ბარიერს, ეს არის ბოლო ლურსმნის დაჭედება ქართული „პოლიტიკის“ კუბოზე - მომავალში ჩვენ გვეყოლება „ჭ“ კლასის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ე.წ. საკანონმდებლო ორგანო, რომლის მთავარი ფუნქცია პოლიტიკური ვაჭრობა იქნება!

 

რამდენად იაფად გაიყიდება საქართველოს ინტერესები, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...

 

P.S. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იხეირა გუშინდელი ე.წ. „ისტორიული შეთანხმებით“ - სამწუხაროა, რომ საქართველო დამარცხდა.

 

P.S.S. ურიგო არ იქნება, თუ ამერიკელ სენატორს, ბ-ნ კიზინგერს ოფიციალურად მივანიჭებთ საქართველოს „ნამესტნიკის“ სტატუსს. გვეცოდინება მაინც, ვის უნდა შევციცინებდეთ თვალებში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: