ზაურ ნაჭყებია: კორონა, ყალბი „ლაიქები“ და „გულისამაჩუყებელი“ დითირამბები...

ზაურ ნაჭყებია: კორონა, ყალბი „ლაიქები“ და „გულისამაჩუყებელი“ დითირამბები...

დაახლოებით ორიოდე კვირის წინ პოეტი (ვიტყოდი, კარგი პოეტი) ბათუ დანელია, იგივე, ბათუ შარელი, გულდაწყვეტილი წერდა: 

 

- კაცო, ჩემს ლექსებს და სტატუსებს ცოტა მოწონება (ე.წ. „ლაიქი“) და კომენტარი აქვს, ხოლო, ვინც პოეტობას იბრალებს (შედარებით სუსტ პოეტებს, ანუ ლექსმწერებს) ასეულობით „გულშემატკივრები“ ანებივრებს და რა ხდება, ვერ გავიგეო.

 

მაშინ მოუცლელობის გამო ვერ გამოვეხმაურე.

 

არადა, სხვათაშორის, იგივე კითხვა მეც რამდენი ხანია მაწუხებს და პასუხიც გამზადებული მაქვს. სამწუხაროდ, არასანუგეშო!

 

საქმე იმაშია ჩემო ბათუ, რომ თქვენ ნამდვილი პოეტი ხართ და ნელ-ნელა გამეჩხერდა ჭეშმარიტი პოეზიის თაყვანისმცემლები. ვისაც უყვარს ნამდვილი პოეზია, ქე „გილაიქებს“, ხოლო, ვისაც პწკარედების გარითმვა (ისიც მოპარული რითმების) ლექსი ჰგონია, ის შენს „ბოსტანში“ აღარც შემოიხედავს, რადგან, არ აინტერესებს, როგორი „მოსავალი“ მიიღე ამდენი შრომისა და ნიჭის წყალობით.

 

მას (მათ) თავისი (თავიანთი) შპანა ჰყავს (ჰყავთ), მისი (მათნაირი) უწიგნურების (ძალად პოეტების, ძალად მწერლების) სახით, რომლებიც ერთმანეთს „აცოცხლებენ“ და სიყალბის მანტიით ამკობენ კიდეც!

 

ქართულ მწერლობას მაშინ „დაერხა“ (ბოდიში ასეთი ლექსიკისთვის), როცა ნამდვილის, ნიჭიერად დაწერილის საზომი ფეისბუქლაიქები და „გულისამაჩუყებელი“ კომენტარები გახდა!

 

საკუთარ მაგალითზეც ვიტყვი: როცა ფეისბუქსივრცეში შემოვედი (ეს იყო 2013 წელს) ჩემს სტატიებს და სტატუსებს ყოველთვის 1000-ზე მეტი მომწონებელი ჰყავდა, ხოლო, კომენტარების რიცხვი 500-ს აჭარბებდა.

 

მერე და მერე შეცოტავდა. რომ ვთქვა ტემპი დავაგდე ან ხარისხს დავაკელი-მეთქი, ტყუილი იქნება.

 

პირიქით, ყოველდღიურად ვხვეწდი გემოვნებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებსაც ვეძებდი. სხვათაშორის, დაახლოებით იგივე დამოკიდებულება იგრძნობა ჩემი ლექსების მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ პოეტობაზე არ მაქვს პრეტენზია, არა მგონია, ზოგიერთ ძალადანგაჟირებულ ლექმწერზე ნაკლებად ვწერდე!

 

მაშ, რა მოხდა?! იკითხავს მკითხველი.

 

განსაკუთრებული არაფერი - ადამიანებმა (ჩემმა ადრინდელმა ფანებმა) დაინახეს, რომ მე ლაიქის სანაცვლოდ დაუმსახურებლად არავის „ვულაიქებდი“ და არც ვუკომენტარებდი. ხოლო, თუ დავაკომენტარებდი, ისიც მოზომილად, საქმიანად, ყოველგვარი სიყალბისა და დითირამბების გარეშე (სხვა საკითხია, თუ ადამიანს ადამიანურად მოვეფერები).

 

ვფიქრობ, მთავარი, რის გამოც „შემიძულეს“, თუ ზურგი მაქციეს, ეს ჩემი კრიტიკული აზროვნების ბრალია - ადამიანებს არ უყვართ სიმართლის მოსმენა. მათ ყალბი, მოჩვენებითი ურთიერთობები და სიყალბეში ცხოვრება ურჩევნიათ. ჩემნაირები (სიმართლის სადარაჯოზე მდგარი) კი ნერვებს უშლით! მეტიც, ეშინიათ, ერთ დროს მაგათ არ გადაწვდე და ამიტომაც გამოსავალს იგნორში ეძებენ.

 

სამწუხაროდ, ასეთი უდღეური მიდგომა არა მარტო ლიტერატურაში შეინიშნება - ნებისმიერ სფეროში იგივე დამოკიდებულებაა, რაც სარკესავით აირეკლება ზოგადად ჩვენი ცხოვრების წესსა და პრინციპებზეც - მივეჩვიეთ სიყალბეში ცხოვრებას და მისგან გაქცევის სურვილიც არ გაგვაჩნია!

 

ცრუ „ლაიქებით“ დავიწყე და იგივე თემით დავასრულებ:

 

არის ამ სივრცეში ერთი ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც ათასობით ფანი ჰყავს და ლამისაა ამქვეყნიურ მესიად აქციონ!არადა, დღეში ხუთჯერ სხვადასხვა პოზაში გადაღებულ ფოტოსურათებთან ერთად დადებს ორსიტყვიან სტატუსს და ხუთ წუთში 300-მდე „ლაიქი“ და 50-ზე მეტი კომენტარი გარანტირებული აქვს (მიკვირს, როგორ ასწრებენ).

 

ვიქნები ობიექტური: მისი სტატუსები საკმაოდ მარტივი და ბანალურია, მაგრამ, თუ კომენტარებს გადახედავთ, არა მარტო გული აგერევათ, შეგეშინდებათ კიდეც - საიდან ამდენი უწიგნურობა და რაც უფრო ამაზრზენია, ქლესობა?!

 

საკუთარ თავზე არასდროს მქონია დიდი წარმოდგენა, მაგრამ, ჩემი სტატუსები გაცილებით აქტუალური და მიზანსწრაფულია, თუმცა, „ლაიქებით“ ნაკლებად მანებივრებენ. იგივე დამოკიდებულებაა სხვა ნიჭიერი და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მიმართაც! (მიზეზებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ).

 

„ლაიქს“ და ყალბ კომენტარებს, როგორც იტყვიან, მოუკვდა პატრონი, მაგრამ ასეთ ჰარი-ჰარალე დამოკიდებულებაში ყველაფრის (თუნდაც, ქართული ლიტერატურის მიმართ), იკვეთება საზოგადოების ზოგადი ფსიქოტიპი, რომელიც ერს ძალიან ნეგატიურ პერსპექტივას უმზადებს!

 

დასკვნის სახით კი ვიტყვი: პირმოთნეობა, ყალბი დითირამბები და სიმართლისთვის თვალის არიდება ადასტურებს, რომ სიყალბის ჭაობში ვართ ჩაფლულნი და ამოსვლასაც არ ვეშურებით.

 

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რომ კორონამ მაინც აგვიხილოს თვალი და ჩვენს ღირსებაზე დააკაკუნოს! პირიქით, უკვე არის იმის სიმპტომები, რომ ნებისმიერი ცრუ განგაშიც კი ჩვენის მხრიდან ბრმა მორჩილებაში გადადის!

 

სამწუხაროა, რაიც...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: