მე, „ეპოქის მსხვერპლი“ და ახალგაზრდობისდროინდელი ფიცი, რომელიც არასდროს გამიტეხია!
ჩემს ახალგაზრდობაში იყო ერთი „მწერლების რისხვად“ წოდებული კრიტიკოსი, რომლის სახელის გაგონებაზეც ყველას ელეთ-მელეთი მოსდიოდა - თუ ვინმეს გადაეკიდებოდა, მტრისას - დედაბუდიანად გაანადგურებდა!
თუმცა, მისი მხრიდან საქმიანი კრიტიკის რა მოგახსენოთ - მახვილი უფრო სამიზნის პიროვნულ რენომეზე იყო მიმართული და ცოცხალ-მკვდარი რომ არ მოეკითხა, ისე არ მოისვენებდა...
თხრობის ლექსიკაც განსაკუთრებული ჰქონდა - იმ დროისთვის გამორჩეულად „ინტიმური“. არც ზნეობრივად ტაბუდადებულ სიტყვებს ეროდებოდა. მაშინ, ჯერ კიდევ არ მესმოდა, მართლაცდა ნიჭიერი კრიტიკოსების ფონზე, რატომ იყო იგი ზედმეტად პატივდებული და რატომ უთმობდნენ ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდული გამოცემები საკუთარ გვერდს მისი უზნეობით გაჟღენთილ ლექსიკას, რომლის მიღმა ჭეშმარიტ ლიტერატურულ კრიტიკას ვერ ამოიკითხავდი!
მახსოვს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ამ ანგაჟირებულმა კრიტიკოსმა, ერთი მეტად მყრალი (ბოდიშს ვიხდი ასეთი ლექსიკისთვის) კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. მისი სამიზნე ამჯერად კგბ-სთან დაახლოებული მწერალი აღმოჩნდა, რომელსაც კუდის რიკამდე ჩასწვდა და ცოცხლად დამარხა კიდეც (როგორც მოგვიანებით გავიგე, კრიტიკის ადრესატმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ინფარქტი მიიღო და სიკვდილს ძლივს გადარჩა)!
ჩვენ, მომავალ ჟურნალისტებს, წესად გვქონდა, გაგვერჩია პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქტუალური სტატიები. ერთხელაც ჩემი რიგი დადგა და „გასარჩევად“ სწორედ ზემოთ ხსენებული სტატია გავიტანე. ცხადია, ყველამ აღშფოთება გამოთქვა კრიტიკოსის ლექსიკის გამო და ისიც აღნიშნეს, რომ ეს ლიტერატურული (საქმიანი) კრიტიკა კი არა, უფრო პიროვნული ანგარიშსწორება იყო და კვალიფიციურ კრიტიკად ვერ ჩაითვლებოდა.
მე, როგორც ძირითადი „მომხსენებელი“, უფრო შორს წავედი და არაორდინალური კრიტიკოსი „ეპოქის მსხვერპლად“ მოვნათლე!
როგორც მომავალი ჟურნალისტი, ყოველთვის ინტერესით ვეცნობოდი გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“, სადაც ზემოთ ხსენებული კრიტიკოსის ბალღამგაჟღენთილი სტატიებიც იბეჭდებოდა. სამწუხაროდ, მისი წერის სტილი და მანერა არასდროს შეცვლილა და მეც, მისი, როგორც კრიტიკოსის მიმართ, აზრი არ შემიცვლია.
მახსოვს, სტუდენტობაშივე საკუთარ თავს „ვუბრძანე“, თუ მომავალში კრიტიკული სტატიების დაწერის სურვილი გამიჩნდებოდა, კონკრეტულ ადამიანებს არ უნდა შევხებოდი - აქცენტი უფრო არსებით საკითხებზე გამემახვილებინა.
მადლობა ღმერთს, ახალგაზრდობაში საკუთარი თავისთვის მიცემული ფიცი, არასდროს გამიტეხია.
შემდგომ წლებში, ჩემს მიერ „ეპოქის მსხვერპლად“ მონათლულს, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ დაახლოების სურვილი არასდროს მქონია. არც მაინცდამაინც დიდ პროფესიონალად მიმაჩნდა.
* * *
ამ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში და საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „ივერიონში“ ორი კრიტიკული სტატია დავბეჭდე.
პირველში „ნარცისების ქვეყანა, ანუ ფასიანი ქაღალდების მონები“ - ყურადღებას ვამახვილებდი საქართველოში სოკოებივით მომრავლებულ ე.წ. „აკადემიებზე“ და „აკადემიკოსებზე“, რომელთა „უკუდო ამპარტავნობა“ უკვე მარაზმში გადავიდა. ეს არა მარტო აკადემიის, როგორც უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულების შეურაცხყოფა, არამედ, სრული უვიცობის გამოვლინებაა - როგორ შეიძლება საკუთარი უაზრო ამბიციების დასაკმაყოფილებლად ისეთი თავხედობა გამოიჩინო, რომელიც ახლოსაც არ არის რეალობასთან და ილუზიების ტყვეობაში ამყოფო საზოგადოება. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ყველაფრის პასუხისმგებლობისგან გაიქცა და ბურთი და მოედანი თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას გადაულოცა, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება სიყალბის ჭაობში ჩაიძიროს და მყარი ფასეულობების შენარჩუნებაზე საერთოდ უარი თქვას!
სტატიაში ასევე საუბარი იყო ფარატინა ქაღალდებად ქცეულ ლიტერატურულ პრემია-ჯილდოებზე, ბრჭყვიალა დიპლომებზე და სიგელ-გუჯრებზე, რომელსაც, ვისაც ამბიცია გაუჩნდება, ყველას ანიჭებენ და ვისაც არ ეზარება, ყველა ანიჭებს! ამით ხომ საკუთარი ნებით ვკლავთ ერის სულიერებას - სტიმულსაც ვუკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც მართლაც ნიჭიერია, მაგრამ სურვილი არა აქვს მონაწილეობდეს ამ ყალბ მარათონში!
რაც შეეხება მეორე სტატიას: „ლაიქებით გამარჯვებულთა ქვეყანა“ გულისტკივილით ვსაუბრობდი იმ მახინჯ ტენდენციაზე, რომელიც ასევე ხელს უშლის ნიჭიერთა გამოვლენას უნიჭოთა აღზევების ფონზე და ამაში არც მეტი, არც ნაკლები, თითქმის მთელი საზოგადოება მონაწილეობს!
დიახ, ყველა ჩვენთაგანი ხათრს ვერ უტეხავს ნაცნობ-მეგობარს (თუნდაც ვირტუალურს), კომპიუტერის კლავიშზე დაწკაპუნებით მონაწილეობს სიყალბეში, რომელსაც „ლაიქებით“ გამარჯვებულის გამოვლენა ჰქვია!
ასეთი სიყალბით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე სტატიაში ვრცლად ვწერდი და აღარ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ: ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, თუ როგორ ადვილად ვიხსნით საკუთარ პასუხისმგებლობას ერის მომავლის წინაშე, რადგან, თუ ერის კულტურაზე ზრუნვა „ლაიქებს“ მივანდეთ, ადვილად წარმოსადგენია, ამ გააზრებული ქაოსის პირობებში საით წავა ქართული კულტურა, ან წავა კი საერთოდ?!
* * *
ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვწერ ქართულ ლიტერატურაში არსებულ უმძიმეს ტენდენციებზე, თავს არ ვთვლი ლიტერატურულ კრიტიკოსად - მე უფრო პუბლიცისტი ვარ და საკუთარი ინტელექტუალური რესურსებისა და გამოცდილების წყალობით, ვცდილობ გვერდი არ ავუარო (კრიტიკულად შევაფასო) იმ პრობლემებს, რომელიც მეტასტაზებივით შემოეჭდო ჩვენს სულსა და სხეულს და ლამისაა დახრჩობით გვემუქრება!
როგორც კომენტარებიდან და პირადი მიმოწერიდან ვასკვნი, ბევრს არ მოსწონს ჩემი ღია (თუნდაც ზოგადი) კრიტიკა, რადგან ისინი კრიტიკის პათოსში საკუთარ თავს, საკუთარ უსუსურობას, საკუთარ უმოქმედობას ხედავენ!
რა ვქნა, პირში წყალი ჩავიგუბო იმის გამო, რომ ვიღაცას სარკეში ჩახედვა არ უნდა - არ უნდა საკუთარი ნამდვილი სახე დაინახოს?! პირიქით, პირადად მე, ამ უკმაყოფილების მიღმა საკუთარ მისიას აღსრულებულად ვთვლი, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ არა ვინმეს ანგარიშსწორება, არამედ ერის ტკივილი მალაპარაკებს!
არ დავმალავ: ხშირად მეუბნებიან, რომ ბევრს ჩემი პოზიციის გამო ვძულვარ, რადგან, მათ „კლასტერში“ თუ „სექტაში“ არ მოვიაზრები. თუმცა, რომ ჰკითხო, პირადად ვის რას ვუშავებ - ვერ აგიხსნიან!
მადლობა ღმერთს, ახალგაზრდობისდროინდელი ფიცი არასდროს გამიტეხია - არასდროს ვაყენებ ვინმეს საჯაროდ პიროვნულ შეურაცხყოფას, არავის „ბინძურ თეთრეულში“ არ ვიქექები და თუ ზოგად ტენდენციებში საკუთარ თავს ხედავენ, ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის!
არც უაზრო (უმიზეზოდ) „მტრების“ მომრავლება მაშინებს - ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და ისე განმსაჯოს: ვარ კი მე უსაგნო ამბიციებს აყოლილი, ნარცისიზმის უკურნებელი სენით დაავადებული პუბლიცისტი, რომელსაც საკუთარი თავის გამოჩენა სურს სხვათა და სხვათა დაკნინების ხარჯზე?!
არც იმას ვფიქრობ, რომ მე განსაკუთრებული ნიჭისა და გაქანების ადამიანი ვარ - ჩემზე ორჯერ და მეტჯერ ნიჭიერები და გამოცდილები არიან, მაგრამ ან გამბედაობა არ ჰყოფნით თქვან ის, რასაც ფიქრობენ, ან საკუთარი პოზიციის მწვავედ დაფიქსირებას უაზრო დროის დაკარგვად მიიჩნევენ, რადგან, მავანთა აზრით, რაც არ უნდა ილაპარაკო და წერო, მაინც არაფერი შეიცვლება!
ჩვენ სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო აზრებმა თუ განცხადებებმა მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე რეალობამდე - ყველაფრის თავის ნებაზე მიშვება არ შეიძლება. მეორეც, ბუნებაში ხომ ისედაც არაფერი იკარგება!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი