ვახტანგ დავითაია: დაუშვებელია კრიმინალური ამბების „საჯაროობა“
აქ დასმული საკითხები აწუხებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ვინძლო, მოხდეს სასწაული და ადრესატებმაც ისმინონ ეს სიმართლე.
1. მივმართავ ტელევიზიებს, პრესას, ჟურნალისტებს, ჯანმრთელობის სამინისტროს: დაუშვებელია თვეების მანძილზე საინფორმაციო პროგრამის 30 პროცენტი დაეთმოს კორონავირუსს - დაწვრილებით ცნობებს, რამდენი ადამიანია დაავადებული, რამდენი გამოჯამრთელდა, რამდენი კარანტინშია, რამდენია მსუბუქი, მძიმე, კრიტიკული ავადმყოფი, რომელი კლასტერია, ასაკობრივი მონაცემები და სხვა და სხვა. ყველაფერი ეს, არა თუ არა საჭიროა, არამედ დამთრგუნველიცაა.
ხომ შეიძლება, ეს გრძელი ისტორიები შეიცვალოს ჯანმრთელობის სამინისტროს მოკლე, ლაკონური ცნობით და გამოცხადდეს 2-3-ჯერ დღეში?
2. დაუშვებლად მიმაჩნია კრიმინალური ამბების „საჯაროობა“, უმეტეს შემთხვევაში მათი სუბიექტრი ინტერპრეტაცია, ადვოკატების, „ექსპერტების“ მიერ, დაზარალებულთა ნათესავებისთვის ეთერის სისტემატიურად დათმობა. ყველა მათი „ინფორმაციები“ საკუთარი სამრეკლოდანაა დანახული და აყალიბებს მცდარ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც შემდგომ არ იჯერებს საგამომძიებო ორგანოების ობიექტურ კვალიფიციურ დასკვნებს. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ანალოგს. რატომ არ იმაღლებს ხმას იუსტიციის სამინისტრო, პროკურატორა?
აქვე მინდა აღვნიშნო, ამ რამდენიმე დღის წინათ მოვისმინეთ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის გარემოებათა უაღრესად სერიოზული კვლევა-დასკვნები - სახელმწიფო-საგამომძიებლო ორგანოების და ექსპერტების უდიდესი ძალისხმევის შედეგი.
დიდი პრობლემაა ცალკეული ტელევიზიების და ჟურნალისტების მიერ პოლიტიკური ინტერესებისათვის ტრაგედიის გამოყენების გახშირებული ფაქტორები.
სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიტყვის აღვირახსნილობას. მკაცრად უნდა დაისაჯონ სიცრუის რუპორები, იქნება ეს პრესა-ტელევიზია თუ კონკრეტული ჟურნალისტები.
3. აქვე აღვნიშნავ:
მაინტერესებს, უხდიან თუ არა თვეების მანძილზე, ე.წ. „ბოიკოტის რეჟიმში“ მყოფ დეპუტატებს ხელფასს და თუ უხდიან, რატომ? რატომ უნდა მიიღოს უქნარობისთვის ხელფასი? (ნამუსზე არ არის ლაპარაკი, ამას უნამუსოს ვერ მოსთხოვ). ხვალ მასწავლებლებმა, ექიმებმა, მედპერსონალმა, პროფესურამ რომ გამოაცხადონ „ბოიკოტის რეჟიმი“, მათ ნამდვილად აქვთ ბოიკოტის მიზეზი, მიზერული ხელფასის გამო, ხოლო ზეგ პოლიცია და ჯარი გაიფიცოს, რა მოუვა ქვეყანას?
პატივისცემით,
ვახტანგ დავითაია,
არქიტექტორი,
რუსთაველის პრემიის ლაურეატი