თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით!

თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით!

 

ღია წერილი 

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს - დავით თარხან-მოურავს, ირმა ინაშვილს

 

 

ბატონო დავით, ქალბატონო ირმა,

 

აუცილებლად და მიზანშეწონილადაც მიმაჩნია გამოვეხმაურო თქვენს გადაწყვეტილებას და დაგვიანებული ღია წერილით მოგმართოთ.

 

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ, 

 

გამაკვირვა (რბილად ნათქვამია) თქვენმა გადაწყვეტილებამ ქალბატონ ადა მარშანიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარის თქმისა და სანაცვლოდ აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების გაღვივებასთან დაკავშირებული პირის (თუ პირების) მიმართ ნდობის გამოცხადების გამო. 

 

რამ გაიძულათ აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის, მთლიანად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სიმბოლოსა და ჭირისუფალთან ასეთი ფორმით დისტანცირება?! საპირწონედ, რატომ რაზმავთ ადამიანებს, რომელთა პოლიტიკური პოზიციები, ქმედებები თუ უმოქმედობა, კიდევ უფრო აღრმავებენ აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის გაუცხოების პროცესს, ხელს უწყობენ ნდობის აღდგენის ჩაშლას?! 

 

თქვენი ასეთი ნაბიჯები მარწმუნებენ, რომ აფხაზეთის პრობლემის გენეზისი თქვენთვის სრულიად უცხოა - თქვენ არც აფხაზეთში აფხაზებთან დაბრუნების პერსპექტივაზე გაქვთ საღი წარმოდგენა!

 

თქვენ ამით, ფაქტობრივად, უარი თქვით საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის პრობლემისადმი, მაშასადამე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უგუნურობითა და ტყვიის ენით დაშორიშორებული ერთსისხლხორც მოსახლეთა შორის ნდობის აღდგენის მიმართ მუდმივად აქტიური პოზიციის გამოხატვაზე.

 

ნაკლებად მნიშვნელოვანია (არც მადარდებს), ვინ ჩაანაცვლა ქალბატონი ადა პარტიულ საარჩევნო სიაში, მე, როგორც თქვენი პოლიტიკური ფილოსოფიის მიმართ აქამდე არაგულგრილს ის უფრო მაშფოთებს, რომ უარი თქვით აფხაზურ საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგის გამოყენების შესაძლებლობაზე, საქართველოს პარლამენტში  მანდილმოსილ აფხაზეთის წარმომადგენლის ხმაზე.

 

ადა მარშანია აფხაზეთისა და საქართველოს გულანთებული, სუფთა და მიზანდასახული პატრიოტია. ის იდგა „პატრიოტთა ალიანსის“ ჩამოყალიბების სათავეებთან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქალბატონი ადა დიდი აფხაზის, აფხაზთა და ქართველთა შეუქცევადი გაერთიანების უდიდესი ქომაგის, სიბრძნის, კაცთმოყვარეობის განსახიერების ლორიკ მარშანიას პირმშოა. ამ გვარს, ოჯახს, ბატონი ლორიკის ხსოვნას, აფხაზებთან შეუბღალავი ავტორიტეტი და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ურთულეს პროცესში მსახურობის პოლიტიკური, სოციალური თუ ზნეობრივი ღირებულების ამოულევი რესუსრსი გააჩნია! 

 

ადრეც ღიად ვაფიქსირებდი თქვენდამი დამოკიდებულებას და ამ ჯერზეც, „მოკეთეს პირში უძრახეს“ შეგონებიდან გამომდინარე, საჯაროდ გეტყვით: თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით ადა მარშანიას ღვაწლისა და მომავალში მისი პოლიტიკური შესაძლებლობების იგნორირებით!!!

 

ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები და ამომრჩევლები საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თქვენ აფხაზეთიდან დევნილ ამომრჩეველს, კარსმომდგარი, ერთ-ერთი გადამწყვეტი პოლიტიკური აქტის წინ, სილა გააწანით. გარწმუნებთ - პასუხიც ადეკვატური იქნება, მით უფრო, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პროცესში თქვენი პოლიტიკური პარტიის ჩართულობის ეფექტიანობა, თქვენს მიერ აფხაზეთში წმინდა ხატის გაუაზრებელი შებრძანების შედეგებით, ისედაც პირწმინდად შერყეულია!

 

ვფიქრობ, ამომრჩეველი სწორად დაინახავს თქვენს ნამდვილ სახეს და შეცდომას არ დაუშვებს!

 

და მაინც პატივისცემით,

 

ნაპო მესხია,

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: