„მიშა მაგარია“ კი არა, ჩვენ ვართ სუსტები და ღირსებადაკარგულები!
მიშას ზეობის პერიოდში, ერთ გამიშისტებულ ოჯახში დაბადების დღეზე მოვხვდი სტუმრად.
აღმოჩნდა, რომ სტუმარ-მასპინძლებიანად თითქმის ყველა მიშისტობდა და უკიდურეს უმცირესობაში მომიწია საღამოს გატარებამ.
ისეთი რიხიანი თამადა გვყავდა, ყოველ ტრადიციულ სადღეგრძელოს ერთი და იგივე ლოზუნგით ამთავრებდა: მიშა მაგარია!
ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მაინც მივახალე: მიშა კი არ არის მაგარი, ჩვენ ვართ სუსტები, ასე რომ ვაჯეჯილებთ-მეთქი!
რა თქმა უნდა, ამ სიტყვების გამო ორთოდოქს მიშისტების რისხვა კი დავიმსახურე, მაგრამ, ეს ამჯერად ნაკლებად საინტერესოა.
რამ გამახსენა ახლა ეს?
ე.წ. ოპოზიციამ (ვამბობთ ე.წ. ოპოზიციას და უპირველესად, ვგულისხმობთ, „სუფრის თავში“ მჯდარ აგრესიულ, შურისძიებით აღვსილ „ნაციონალებს“), რომელიც აშკარად უმცირესობაშია და ბევრი იმიტომ უჭერს მხარს, რომ „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, თავისი თავხედური გამოწვევებით ხელისუფლების დაჩმორების იმიტაცია შექმნა. ამის უტყუარი დასტური 8 ნოემბერს ცესკოზე განხორციელებული არშემდგარი შტურმი და წუხელ კომენდანტის საათის (გადაადგილების შეზღუდვის)კატეგორიული უგულებელყოფა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გაუმართლებელი დათმობებით გათამამებული პოლიტშპანა იბრიქება (ბოდიში ცოტა არაკორექტული გამოთქმისთვის): ჩვენ მაგრები ვართ და მალე ვიზეიმებთ გამარჯვებასო, აქაც იგივე დილემასთან გვაქვს საქმე: ისინი მაგრები კი არა, შუბლისძარღვგაწყვეტილები და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ, ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ხოლო, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად, პასიური მაყურებლები, რომლებსაც არა მარტო აბოლებენ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), რომ მათ მხარს უჭერს ქართველი ხალხი, არამედ, თავიანთი ტინგიცობით, ზეაგრესიული შეძახილებითა და აღვირახსნილი გამოხტომებით სულშიც აფურთხებენ!!!
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის - უჯიშო, მოყვასზე შურისძიებით შეპყრობილი და ზომბების მხარდაჭერით გათამამებულთა წარმომადგენლები არიან, არ გვაქვს უფლება, მათ ხუშტურებს შევწიროთ მრავალტანჯული, მრავალჭირგადანახადი საქართველო!
ბოლო ოცდაათწლიანმა პერიოდმა დაგვანახა, რომ, დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მხოლოდ თამაშია და ყველას ისე ესმის, როგორც სჭირდება საკუთარი მიზნის მისაღწევად.
პირადად ჩემთვის იქ მთავრდება დემოკრატია, სადაც გიმტკიცებენ: ცესკოზე შტურმის მცდელობის დროს პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როცა წყლის ჭავლით გაწუწა „შტურმავიკები“. როცა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას არ უნდა დაემორჩილოს აგრესიული ოპოზიცია, რადგან, მას აქვს უპირატესი უფლება - ნებისმიერი ფორმით დაიცვას „გაყალბებული“ ხმები!!!
მე არ შემიძლია ვამტკიცო, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები, როგორი იყო გაყალბების მასშტაბები და ვინ გააყალბა იგი, მაგრამ, რომც ვიყო დარწმუნებული არჩევნების გაყალბებაში, არანარად არ ვისურვებდი ასეთი პოლიტშპანის მოსვლას ხელისუფლებაში (რამდენიმეს არ ვგულისხმობ, რომლებსაც მეტ-ნაკლებად დღემდე შენაჩუნებული ჰქონდა სახე, მაგრამ, ცდუნებას ვერ სძლიეს თუ გაბრიყვდნენ, პოლიტპროსტიტუტკების გვერდით აღმოჩნდნენ!).
არასდროს ვყოფილვარ „ქართული ოცნების“ მეხოტბე, დღეს რა დომხალიცაა ქვეყანაში, მისი დამსახურებაა, მაგრამ, ერთი რომელიმე პარტია, ან რომელიმე ე.წ. პოლიტიკოსი დამისახელეთ (ვინც დღეს დგას რუსთაველზე და გაყალბებას აპროტესტებს), რომელ მათგანს უყვარს ქვეყანა და არა საკუთარი დამანგრეველი ამბიციები ამ ქვეყანაში?
კარგად დააკვირდით მათ გამოსვლებს რუსთაველის გამზირზე - მათ ლექსიკას და აგრესიულ მიმიკებს და მერე მიპასუხეთ: რამდენად შეიძლება ვანდოთ ამ ნარცისებს და კომფორტზე დახარბებულებს საქართველო? რომელ მათგანში ხედავთ პოლიტიკურ ნებას და სახელმწიფოებრივ მიდგომებს, რომ ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს?
პირიქით: ყველაფერზე ხელისმომწერნი და ყველა პარტიაში გადამხტარები თუ ხელისუფლებაში დასკუპდნენ, იმდენს იზამენ, „ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთო“ - გვაძახებინებენ!
რა გახდა ისეთი თანამოაზრეთა გაერთიანება, რომ ამათი ალტერნატივა შვას წკიპზე მყოფმა საქართველომ?!
ბოლო შანსი მაინც გამოვიყენოთ და დანაშაულებრივი პასიურობიდან აქტიურობაზე გადავიდეთ!
ჩვენ არ გვჭირდება ცრუ ლიდერები - ჩვენ წინამძღოლი გვჭირდება, რომელიც უთუოდ გამოჩნდენა!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი